სექსუალური ძალადობა და სიჩუმე


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კონტინენტის ყველაზე განვითარებულ ქვეყანად ითვლება. ერთსქესიანი ქორწინება აქ 2006 წელს დაკანონდა, თუმცა ეს ასევე ის ქვეყანაა, სადაც ლგბტქ ადამიანები სისტემატიურად  აწყდებიან დაუნდობელ მოპყრობასა და ძალადობას."გამოსასწორებელი გაუპატიურება" (corrective/curative rape) ის ფენომენია, რომელიც სამხრეთ აფრიკელ შავკანიან და ფერადკანიან ლესბოსელებს შიშში ამყოფებს. იქიდან გამომდინარე, რომ ქალებს ქვეყანაში ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი პოზიცია უკავიათ, ჰომოსექსუალობა კი რაღაც "არააფრიკულ" ფენომენად (არ გეცნობათ, ქართველებო?) არის მიჩნეული, ბევრი ადგილობრივი მამაკაცი თავის პირდაპირ მოვალეობად თვლის გზას  აცდენილ ლესბოსელებს ნამდვილი კაცის გემო დაანახოს და "სწორ" გზაზე დააბრუნოს. ორმაგად სამწუხაროს ის, რომ ხშირად ამ "გამოსასწორებელი პროცედურის" შემდეგ "სწორ გზაზე დასაბრუნებელი" აღარაფერი რჩება, რადგან მოძალადეები ისეთი სისასტიკით ეპყრობიან მსხვერპლს, რომ ხანდახან განგებ, ხან კი შემთხვევით აკვდებათ ხელში. მიუხედავად ასეთი ფაქტების დიდი რაოდენობისა სამხრეთ აფრიკის მთავრობა არ აღიარებს "გამოსასწორებელ გაუპატიურებას" სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად.უფრო მეტიც, ეს ინციდენტები, როგორც წესი მედია ყურადღების გარეშე ჩაივლის ხოლმე, თუმცა არის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, რომელსაც აქვე მიმოვიხილავთ.



2006 წელს, 19 წლის კეიპ–ტაუნელი ლესბოსელი ზოლისვა ნკონიანა ოთხმა კაცმა ჩაქოლა მისივე სახლის წინ. დამნაშავეების დააკავეს, თუმცა სასამართლო პროცესი რვაჯერ გადაიდო. წელს მათ 18 წლით თავისულფების აღკვეთა მიუსაჯეს.


2009 წელს, 31 წლის სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი და ლესბოსელი აქტივისტი, ეუდი სიმელანე გააუპატიურეს, სცემეს და შემდეგ მოკლეს. მისი ნახევრად შიშველი სხეული იოჰანესბურგის გარეუბანში იქნა ნაპოვნი. სიმელანეს მკვლელობისთვის 4 კაცი გაასამართლეს. ერთ–ერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული და მას 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მეორეს – სამუდამო პატიმრობა + 35 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენები გაათავისუფლეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ვიღაც ე.წ. "გამოსასწორებელი გაუპატიურებისთვის" გაასამართლეს.

2011 წელს 24 წლის აქტივისტი ნოქსოლო ნოგვაზა ასევე სასტიკად გამოასალმა სიცოცხლეს. გაუტენგელი აქტივისტის სახე იმდენად იყო დამახინჯებული ჩაქოლვისგან, რომ მისი ამოცნობა გაუჭირდათ. ამასთან მის სხეულს გაუპატიურების კვალი აღენიშნებოდა ისევე როგორც შუშის ნატეხით მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობები. საქმე არ არის გახსნილი, თუმცა დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკე ერთ რამეზე ნამდვილად მიანიშნებს: მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.





მიუხედავად იმისა, რომ "გამოსასწორებელი გაუპატიურება" როგორც წესი, შავკანიანი ლესბოსელების მწარე ხვედრია, სექსუალური ძალადობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არც თეთრკანიანი და არც ჰეტეროსექსუალი ქალებისათვის არის უცხო. ამ ქვეყანაში, ყოველწლიურად 500,000-ზე მეტი ქალი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ფიზიკური (არასექსუალური) ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო მეტია. შოკისმომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ სამხრეთ აფრიკელ ქალთა თითქმის ნახევარს ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური ძალადობა. გაუპატიურებისთვის გასამართლებული 25 კაციდან 24 დაუსჯელი რჩება. ამასთან ერთად შემაძრწუნებელია სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებიით არსებული ატიტუდები საზოგადოებაში. მაგალითად, ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაცია CIET-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, გამოკითხული კაცების 20% თვლის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გაუპატიურებისას სინამდვილეში სიამოვნებას იღებს და თავად მოითხოვს რომ მასზე იძალადონ.

მოძალადეების თარეშს დიდად უწყობს ხელს სამხრეთ აფრიკის სასამართლო სისტემაში გამეფებული უსამართლობაც. როგორც, კეიპ ტაუნელი 31 წლის ქალი თშიდი ამბობს:

”აქ სამხრეთ აფრიკაში, ქალს, რომელიც შვილის გამოსაკვებად პურს მოიპარავს ციხეში გაამწესებენ, ხოლო კაცები, რომლებიც ჯგუფურად აუპატიურებენ ქალებს, კლავენ ლესბოსელებს და ცემაში ხდიან სულს ცოლებს, ქუჩაში თავისუფლად დაიარებიან”

სწორედ სექსუალური ძალადობის ასეთ მასშტაბებს ეხმიანება სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთი უძლიერესი უნივერსიტეტის – როუდსის სტუდენტების ყოველწლიური მდუმარე პროტესტი.

როუდსის პროტესტი 2006 წელს დაიწყო, როდესაც სამხრეთ აფრიკის მომავალ პრეზიდენტ, ჯეიკობ ზუმას გაუპატიურებისათვის ასამართლებდნენ. ზუმას ქმედებების (რომლებიც სასამართლომ არ დაადასტურა) მსხვერპლის მხარდასაჭერად გრემსთაუნში 80 ადამიანი შეგროვდა. მას შემდეგ პროტესტის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება და წელს მონაწილეთა რაოდენობამ 1,400 ადამიანს გადააჭარბა.


საპორტესტო აქციის მონაწილეებს იასამნისფერი მაისურები აცვიათ, წარწერით "Sexual violence = silence" მხარდამჭერებისთვის და "rape survivor" იმ ქალებისთვის, ვისაც სექსუალური ძალადობა გამოუცდია. საინტერესო ის არის, რომ ეს ახალგაზრდები პრინციპულად არ იყენებენ სიტყვა "მსხვერპლს" (rape victim) არამედ, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ადამიანი, რომელსაც სექსუალური ძალადობის საშინელება აქვს გამოვლილი, გადარჩა (survivor) და ფეხზე დგას. თორმეტი საათის მანძილზე პროტესტის მონაწილეებს პირი შავი სკოჩით აქვთ აკრული და ამ დროის განმავლობაში ისინი უარს ამბობენ ჭამაზე, სმასა და ლაპარაკზე. წლევანდელი აქციის ბოლოს, რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, ვინც "სიჩუმის დარღვევის" ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და სექსუალური ძალადობის პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

”ჩემი, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლის გამოცდილებით, ტრავმის უარესი ნაწილი (გარდა თავად ფაქტისა), მარტოობის, იზოლაციისა და სირცხვილის ყოვლისმომცველი გრძნობაა, რომელსაც ვგრძნობდი და ჯერ კიდევ ხანდახან ვგრძნობ. ყოველი ადამიანი, ვისაც სექსუალური ძალადობა აქვს გამოვლილი, იზიარებს ამ გრძნობებს. როდესაც ამ მაისურს [rape survivor] ვატარებ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მეამაყება ძალადობის მსხვერპლი რომ ვარ, არა, ის მეამაყება, რომ გადავრჩი. უარს ვაცხადებ მრცხვენოდეს სხვისი დანაშაულის გამო და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას ვინც ეს გამოიარა და გადარჩა. ამ მაისურს იმიტომ ვატარებ, რომ დაინახონ მარტონი არ არიან და რომ გაუპატიურების გამოცდილება არ განსაზღვრავს იმას თუ ვინ ვართ.” მიშელ სოლომონი, როუდსის უნივერსიტეტის სტუდენტი.


როუდსის უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე ექსპლიციტურად ეწინააღმდეგებიან დაუსჯელობის იმ სინდრომს, რომელიც მოძალადეებს ცხოვრებას უადვილებს. ის ფაქტი, რომ 20 მსხვერლიდან 19 არ მიმართავს დახმარებისთვის და არ აკეთებს განაცხადს ძალადობის ფაქტის შესახებ სოციალური სტიგმითა და შურისძიების შიშით არის განპირობებული ისევე, როგორც იმ ფაქტით, რომ სასამართლოები როგორც წესი ძალიან არაეფექტურია სექსუალური ძალადობის შემთხვევების განხილვისას. მოსამართლეები იშვიათად უსმენენ მსხვერპლს, იშვიათად ეკითხებიან აზრს და ყველა, მათ შორის ოფიციალური სტრუქტურების წევრებიც, მიდრეკილნი არიან მსხვერპლს დააბრალონ მომხდარი.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების ასეთი სტიგმატიზაცია არც ქართველებისთვის არის უცხო. სექსუალური ძალადობის შესახებ გაცხადება აქ სირცხვილის ტოლფასია და პარტნიორის ან ქმრის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლთა დიდი ნაწილი ამჯობინებს მოძალადე გაამართლოს და დაიჯეროს, რომ რაღაცით მოახდინა მისი პროვოცირება.

სამხრეთ აფრიკაც და საქართველოც კარგი მაგალითია იმისა თუ რატომ არის პატრიარქატი ცუდი. პატრიარქალური სისტემა არის ის, რაც უბიძგებს კაცებს მოძალადეები გახდნენ. კაცებს, რომლებსაც ჩაუნერგეს, რომ ქალზე მეტნი არიან და ის საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნად შეუძლიათ გამოიყენონ. კაცებს, რომლებიც ფრუსტრირებული ერის შვილები არიან და თავადაც ფრუსტრაციაში იმყოფებიან; კაცებს, რომლებიც პატრიარქალური პარამეტრებით ლუზერები არიან და ვერ ასრულებენ კაცურ მოვალეობას იქონიონ კარგი სამსახური, კარგი ბინა და კარგი მანქანა, ცოლი, შვილი და საყვარელი (და ყველა მათგანი არჩინონ); კაცებს, რომლებიც თვითრეალიზაციის ერთადერთ საშუალებად იმას ხედავენ, რომ ან ცოლს სცემონ, ან "პიდარასტებს" დაეტაკონ, ან კიდევ ლესბოსელს დაანახონ "ნამდვილი კაცის გემო". ამ წისქვილზე წყალს ქალებიც უხვად ასხამენ (საქართველოში, ყოველ შემთხვევაში). დედებს არასოდეს უნდათ საკუთარი შვილების ნაძირლობის აღიარება და რძლებს აბრალებენ ყველაფერს, ცოლებს კიდევ რცხვენიათ იმის აღიარებისა, რომ ცუდი არჩევანი გააკეთეს (თან შეიძლება წასასვლელიც არსად ჰქონდეთ) და ან დედამთილს, ან საკუთარ თავს (ან ორივეს ერთად) აბრალებენ "ბიჭის" გაფუჭებულ ნერვებს.

აღარ დადგა დრო, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში გამჯდარი მიზოგინია და სექსიზმი სოციალურ პრობლემად ვაღიაროთ?

  © პარტიზანი გოგოები


Comments