9 წლის შემდეგ




''ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის'' კამპანია ''შეაჩერე ჰომოფობია'', ფოტო ეკუთვნის Stray Cat-ს

ეს ბლოგი 2010 წლის 14 ნოემბერს დაიბადა და აქ გამოქვეყნებულმა პირველმა პოსტებმა იმაზე მეტი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე თავიდან ველოდი. მაგალითად, 2011 წლის იანვარში ''რადიო თავისუფლებამ'' (უფრო კონკრეტულად კი ეკა ქევანიშვილმა, რომელსაც დიდ ხანია თემის ერთგულ მეგობრად და მხარდამჭერად ვთვლი) გამოაქვეყნა სტატია ''უმცირესობის სტრესი''. სტატია კარგი იყო მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება საჯაროდ ჯერ კიდევ მიჭირდა. გარდა ამისა სიტყვა ''უმცირესობა'', რომელსაც ადრე აქტიურად ვიყენებდი, ვცდილობ აღარ გამოვიყენო იმიტომ, რომ რაღაცა ცრუ დაპირისპირების ხატს ქმნის ადამიანების ჯგუფებს შორის.

ეს სტატია და ეს ბლოგი ისევე, როგორც ჟურნალი ''მე'' (რომლის ბმულსაცახლა სამწუხაროდ ვერ ვპოულობ და ვინმემ თუ იცის, რომ სადმე დევს  - შემეხმიანეთ) და ალბათ კიდევ რომელიმე იშვიათი სტატია, რომელიც იმ პერიოდში ითარგმნებოდა ან იწერებოდა, ქართულ ენაზე ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო ლგბტ საკითხებზე. აქედან ქალის სექსუალობაზე შექმნილი კონტენტი ალბათ ნახევარზე გაცილებით უფრო ნაკლები იყო. მე, ყოველ შემთხვევაში, ვერსად ვპოულობდი.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს ბლოგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძვირფას სივრცედ რჩებოდა, მის მართვაში მთლად თანმიმდევრული არ ვყოფილვარ. ცოტა  ხნის წინ პოსტებს ქრონოლოგიურად გადავხედე და მივხვდი, რომ ის, რასაც აქ ვაქვეყნებდი საკმაოდ ლოგიკურად მიყვებოდა ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს. მაგალითად, თავიდან ბევრს ვწერდი კონცეპტების განმარტებებზე და პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მაინტერესებდა, მეხებოდა და მაწუხებდა, როცა ლგბტ და ფემინისტურ მოძრაობაში ჩავერთე.

შემდეგ, ძირითადად, პოპ კულტურაში წარმოდგენილ ქალ წყვილებზე ვაქვეყნებდი პოსტებს და ეს იმით იყო განპირობებული, რომ იმ პერიოდში ძალიან აქტიურად ვმუშაობდი ლგბტ მოძრაობაში (ვიყავი მოხალისე, შემდეგ ვმუშაობდი ''იდენტობაში'', რომლის მერეც ''ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში'' გადავედი. ის, რომ აქტივიზმში ჩავები ალბათ სწორად ამ უკანასკნელი ორგანიზაციისა და ''ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის'' წევრების დამსახურებაა). ჩემი იდენტობა იმ დროს ფაქტობრივად ჩემ სამუშაოდ იყო ქცეული და თავისუფალ დროს იმაზე მინდოდა წერა, რაც თან ბლოგის პროფილს დაემთხვეოდა და ამავე დროს, სიამოვნებას მანიჭებდა და არ იყო მაინც და მაინც პოლიტიკურად დატვირთული. პერიოდულად საერთოდ არ მქონდა არაფრის კეთების სურვილი, ხალისი და ენერგია -  ამიტომ საერთოდ არ ვწერდი. მიუხედავად ამ ქაოტურობისა, წლები გადის და ადამიანები სრულიად მოულოდნელად მეუბნებიან ხოლმე, რომ ამ ბლოგმა მათთვის რაღაც შეცვალა, თავი მიაღებინა, რაღაცაზე თვალი აუხილა ან ისეთი ინფორმაცია მისცა, რომელიც მანამდე არ ჰქონდათ. ეს ყოველთვის მაოცებს და დიდი მადლიერებით მავსებს ამ ადამიანების მიმართ.

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ამ ბლოგთან პერიოდულად მიჭირს დაბრუნება და ხან ახალ პლატფორმებზე ვცდილობ მის გადატანას, ხან კი რაღაც ძველ პოსტებს ვშლი (ხელი წამიცდა რამდენჯერმე) ისაა, რომ იმის აღიარება, რომ შეიძლება რაღაც ისეთი მეწეროს, რაც დღეს სისულელედ მიმაჩნია, ძალიან მიჭირს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია მივედი იმ დასკვნამდე, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები, რეალურად ჩვენი განვითარების და ცვლილების საზომად შეიძლება გამოვიყენოთ, ძველ პოსტებს ხელს აღარ ვახლებ და ისე დავტოვებ, როგორიც არის. სამაგიეროდ, იმას გეტყვით თუ რა შეიცვალა ჩემთვის 2010 წლის ნოემბრიდან დღემდე:

1. განმარტებები და იდენტობის მყარი კატეგორიები, შეიძლება ითქვას, უკან მოვიტოვე. მართალია, თავს დღემდე ლესბოსელად მოვიხსენიებ და ვთვლი, რომ ეს სიტყვა ყველაზე კარგად აღწერს იმას თუ ვინ ვარ, იმის გადაწყვეტა თუ რას ნიშნავს ქალად ან ლესბოსელად ყოფნა მხოლოდ მე შემიძლია და არა თემს, არა მკვლევარებს ან განმარტებითი ლექსიკონის ავტორებს და არც, მათ შორის, ჩემს პარტნიორებს. მაგალითად ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერი ქალი ან არაბინარული ადამიანი შეიძლება მიზიდავდეს, ჩემს ლესბოსურ იდენტობას არავითარ ''საფრთხეს'' არ უქმნის.


2. გადავლახე ბისექსუალი ქალებისადმი რთული (და არც ისე დადებითი) დამოკიდებულება, რომელიც ერთი პერიოდი მაწუხებდა. ამას ბუნებრივია, არ ვაღიარებდი, მაგრამ ადამიანმა, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს და, რომელთანაც ჩემი ცხოვრების 5 წელი გავატარე, ამ სენისგან დამიხსნა. იმის ნაცვლად, რომ გაცოფებულიყო ან უბრალოდ მოეთმინა ჩემი სისულელეები,  ეს ადამიანი ისეთ კითხვებს მისვამდა, რომლებმაც საბოლოო ჯამში ის დასკვნა გამომატანინეს, რომ ბიფობია არაფერია თუარა არასრულფასოვნების კომპლექსის გამოძახილი, რომელიც კონსერვატიულ და ჩაკეტილ კონტექსტში ლგბტ თემის ნებისმიერ წევრს ასე თუ ისე აქვს (რამდენიც გინდათ მეკამათეთ ამაზე). თემის ბევრი წევრი თვლის, რომ ბისექსუალებს ''არჩევანი'' აქვთ... და თუკი მას შეუძლია აირჩიოს კაცთან ყოფნა და სოციუმის ნორმებში ჩაჯდომა, ჩემთან ერთად რაღატომ გაივლის ჯოჯოხეთის ყველა რგოლს? შესაბამისად ჩემ გარშემო ბევრი ლესბოსელი ამბობდა, რომ პარტნიორს კაცთან ''ღალატს'' უფრო არ აპატიებდა ვიდრე ქალთან. ეს საკმაოდ ალოგიკური პოზიცია, რომელიც ხშირად თემს შიგნით ბისექსუალების მიმართ ბულინგში გამოიხატება, სინამდვილეში რეალურ შიშებს ეყრდნობა. მაგრამ, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ არჩევანის თავისუფლება აქ არაფერ შუაშია და სინამდვილეში, ბისექსუალი ადამიანების მიმართ ეს დამოკიდებულება, მათთან მუდამ აგდებული და აგრესიული კომუნიკაცია, მათი იდენტობის უგულვებელყოფა ან მისი რეალურობის და მნიშვნელობის დაკნინება, მათში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების ალბათობას საგრძნობლად ზრდის ლესბოსელებთან და გეებთან შედარებით.

3. მივხვდი, რომ პოლიამორულ ურთიერთობებს იმაზე მეტი რესურსი ჭირდება და ამიტომ ამჟამად მხოლოდ მონოგამიური ან უბრალოდ ღია ურთიერთობებისთვის ვარ მზად. თუმცა ის დროც მახსოვს, როდესაც პოლიამორულ ქამინაუთს ვაკეთებდი და თემში ბევრს ძალიან უჭირდა ამის სერიოზულად აღქმა. დღეს მგონი სიტუაცია ცოტა შეიცვალა.

4. ძალიან ბევრი გავიგე და ვიმუშავე ტრანსგენდერ თემთან, შევიტყვე ბევრი არაბინარულ ადამიანებზე, რომელთა იდენტოტბებზეც საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია 8-9 წლის წინ.

5. შევიტყვე, რომ ემოციური და პროფესიული გადაწვა რეალურია. ორჯერ მქონდა სერიოზული დეპრესია. აქედან ერთხელ ვიღებდი ანტიდეპრესანტებს და შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. პერიოდულად ვუბრუნდები თერაპიას. მაგალითად მომავალ კვირაში ვიწყებ ხელახლა. მივხვდი, რომ დახმარების თხოვნა არასოდეს არაა სირცხვილი და არასოდეს არაა გვიანი. ამიტომ, თუკი ლესბი, ბი ქალი ან ტრანსი ადამიანი ხარ და თვლი, რომ ფსიქოლოგიური დახმარება გჭირდება, დაგუგლე ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ''ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი'' და ''ლგბტ საქართველო'' , ან შეეხმიანე ნებისმიერ აქტივისტს, რომელსაც იცნობ და ჰკითხე.

6. საქართველოდან წავედი იმიტომ, რომ ლგბტ მოძრაობა ჩემთვის ძალიან ტოქსიკურ და ენერგიის გამომცლელ გარემოდ იქცა. მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, მე ისევ ლგბტ ორგანიზაციაში ვმუშაობ, მართალია შვედეთში, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. თანდათან ვსწავლობ საქართველოს ცოტა შორიდან დაფასებას (და ჯერჯერობით მიჭირს).

მოკლედ, შევეცდები გავაგრძელო და არაბინარულ ადამიანებზე, ბიფობიის პრობლემებზე, ჩემ ცხოვრებაზე და პოპ კულტურაზეც მეტი დავწერო, ამასობაში კი, ჩემს რეისზე ჩასხდომა იწყება. ამიტომ წავედი, მინსკში ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატისკენ გავემართები (ალბათ ამაზეც დავწერ).



Comments