კინო: ლესბოსელები 30-60-იანი წლების კინოში

ძალიან მიყვარს ძველი კინო, განსაკუთრებით 20-იანი წლების ჰოლივუდი და იმდროინდელი ქალი მსახიობები. გრეტა გარბოს მთელი ფილმოგრაფია გადაღეჭილი მაქვს და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და სიხარული,  ”დედოფალ კრისტინაში” (Queen Christina, 1933) დედოფლისა და მისი საყვარელი ებბას კოცნა რომ ვნახე პირველად!




შემდეგი სიურპრიზი ”მოროკოში” (1930) მელოდა, სადაც სმოკინგში გამოწყობილი მარლენ დიტრიხი უცნობ მაყურებელ ქალთან მსუბუქი ფლირტის შემდეგ მის საკოცნელად იხრება.


კიდევ უფრო ადრე 1929 წელს, ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში, ”პანდორას ყუთი” (The Box Of Pandora) გადაიღეს, სადაც ლუის ბრუკსის პერსონაჟს მასზე სასოწარკვეთამდე შეყვარებული ქალი დასდევს.


მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმებში მოქმედება, რა თქმა უნდა, ჰეტერონორმატიულად ვითარდება, ქალებს შორის სიახლოვის ზემოთ განხილული მომენტები, რომლებიც 1-2 წამს თუ გრძელდება, იმედს გვიჩენს, რომ რაღაც შეიძლება სხვანაირად მოხდეს, ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაშინ ხომ ჰოლივუდისთვის ეს ყველაფერი ახალი იყო.. ჰოლივუდიც ახალი იყო. დღესდღეობით ასეთი ილუზიები ნაკლებად გვაქვს იმიტომ, რომ მეინსტრიმულ კინოში ქალები ერთმანეთს უმეტესწილად მამაკაცების სიამოვნებისთვის კოცნიან.

პირველი ღიად ლესბოსური სიუჟეტის მქონე ფილმი - ”გოგონა უნიფორმაში” (Mädchen in Uniform) - 1931 წელს გერმანიაში გადაიღეს. ფილმი ლესბოსელი მსახიობი და რეჟისორის - ლეონტინ საგანის მიერაა გადაღებული ქრისტა უინსლოუს - ასევე ლესბოსელის - პიესის მიხედვით და მოგვითხრობს ქალთა სკოლის მოსწავლე მანუელასა და მისი მასწავლებლის ფროილაინ ფონ ბერნბურგის სიყვარულზე. ანუ, ფილმი ფაქტობრივად ლესბოსელების მიერაა გადაღებული, ლესბოსელებისთვის.



ჰერტა თიელე, რომელიც 14 წლის მანუელას თამაშობდა, უინსლოს მეგობარი იყო და თეატრში უკვე ჰქონდა ნათამაშები ლესბოსელის როლი, ამიტომაც საგანის წინააღმდეგობის მიუხედავად უინსლო დაჟინებით ითხოვდა, რომ როლი სწორედ მას ეთამაშა. მოგვიანებით თიელე ყვებოდა, რომ ეს ისტორია რეალურ სკოლასა და პერსონაჟებს ეფუძვნებოდა. სურათმა შემდგომში მკაცრი ცენზურაც გამოიარა და დღემდე მოღწეულ ვარიანტში ზოგიერთი სცენა ამოჭრილია.

აღსანიშნავია, რომ ამავე ფილმის მეორე ვერსია გადაიღეს  1958 წელს ამჯერად რომი შნაიდერის მონაწილეობით.


1964 წელს გამოჩნდა ფილმი ”მედდა ჯორჯის სიკვდილი” (The Killing of Sister George) , რომელიც მოგვითხრობს ლესბოსელ მსახიობზე, რომელიც პარტნიორთან - მასზე გაცილებით ახალგაზრდა ჩაილდისთან ერთად ცხოვრობს. იგი უმუშევარი რჩება იმიტომ, რომ ის პერსონაჟი, რომელსაც სატელევიზიო სერიალში თამაშობს, რეჟისორისა და გადამღები ჯგუფის გადაწყვეტილებით უნდა მოკვდეს.


ჯორჯი სხვა სამსახურს ვერ პოულობს და მისი ცხოვრება კიდევ უფრო ირევა, მას შემდეგ, სატელევზიო პროდიუსერი ქალი მის საყვარელზე იწყებს ნადირობას - არც ისე უშედეგოდ.


 სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჯორჯის უსიამოვნებები მისივე ბრალია, ის სადისტურად ექცევა ჩაილდის და ირგვლივ ყველას ცხოვრებას უმწარებს.
ფილმი საბოლოო ჯამში, სარკასტული ტრაგიკომედიაა.

1967 წელს იღებენ ფილმს ”მელა” (The Fox), რომელიც ეიჩ დი ლოურენსის ნოველას ეფუძვნება. ფილმის მიხედვით ორი მეგობარი ქალი - ჯილი და ჰელენი - სადღაც სოფლად, ერთ სახლში ცხოვრობს. მათ დამოუკიდებელი ცხოვრება მოისურვეს და ამიტომ დასახლდნენ ერთად და ცდილობენ თავი თვითონ ირჩინონ. ზამთარში, მათ საქათმეს მელა შემოეჩვევა, ჰელენი, რომელიც ორში უფრო ძლიერია (და ამავე დროს უფრო მერყევიც), ცდილობს მელა თავიდან მოიშოროს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ერთხელ მათ სახლს ახალგაზრდა კაცი - წინა მფლობელის შვილიშვილი - მოადგება, რომელმაც არ იცის, რომ  სახლს ახალი მფლობელები ჰყავს.


მსახიობი, თავისი ცივი მზერით და გამჭოლი ცისფერი თვალებით საოცრად კარგადაა პოლის ”მტაცებლის” როლზე შერჩეული. ეს კაცი მართლაც მტაცებელია, რომელიც ორი ქალის სამყაროში იჭრება და მათ შორის ყველაზე მერყევს ირჩევს ნადავლად.  ჯერ იმ საბაბით რჩება,  რომ სახლში რაღაცეების შეკეთება სურს, შემდეგ ჰელენს უახლოვდება და ცოლობაზე ითანხმებს. პოლი ასევე ახერხებს მელა მოკლას და  ეს სცენა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამით იგი იქაურობის ერთპიროვანი ბატონ-პატრონი ხდება.

ფილმის ბოლოსკენ მას დროებით გამგზავრება უწევს, რის შემდეგაც ის და ჰელენი უნდა დაქორწინდნენ. თუმცა მის არყოფნაში აი რა ხდება:


ჰელენი წყვეტს პოლს ცოლობაზე უარი უთხრას და წერილს წერს, მაგრამ ის მაინც ბრუნდება. ფილმი ჯილის სიკვდილით მთავრდება, მას გამხმარი ხე ეცემა, რომლის მოჭრასაც პოლი წყვეტს.

მთელი სიუჟეტი ქალური ჰომოსექსუალობის პატრიარქალურ აღქმას გვაჩვენებს: ქალი -ქათამი, მამაკაცი - მტაცებელი, რომელიც ადრე თუ გვიან მოვა და კუთვნილს მოითხოვს.

ზემოთ მოყვანილ სამ ფილმს საერთო ტრაგიკული შინაარსი და დასასრული აქვთ. ამ ტენდენციას არაერთხელ წავაწყდებით ლესბოსელებზე გადაღებულ ფილმებში.

Comments