ჯეიმს ბონდი რომ ლესბოსელი ყოფილიყო

ბოლო 3 წელია ასეთი რამ დამჩემდა, წიგნს ვკითხულობ თუ: ქუიარებზეა, ქუარის დაწერილია, ქალის დაწერილია, ქალზეა. სისგნდერი კაცის ნაწარმოებს იშვიათად ნახავთ ჩემ ხელში თუ ფენტეზის ან დეტექტიურ ჟანრს არ განეკუთვნება (ეყო დედაჩემს, რაც ბავშვობაში მამრების დაწერილი კლასიკა მაკითხა).

აქედან გამომდინარე მუდამ ისეთი ლიტერატურის ძიებაში ვარ, რომელიც ჩვენი – არაჰეტეროსექსუალების, არასისგენდერი, გენდერულად არაკონფორმული ადამიანების შესახებ არის. ინტერნტში მორიგი ასეთი სამძებრო ექსპედიციის დროს მივაგენი მწერალს სახელად ნიკოლა გრიფიტი, რომელიც გარდა იმისა რომ ლესბოსელია და ლესბოსელებზე წერს, ასევე იმ ჟანრში მოღვაწეობს, რომელსაც ყველაზე კარგად ვკითხულობ: დეტექტივი (Noir) და სამეცნიერო ფანტასტიკა. 





ამ ავტორის მთელ შემოქმედებას ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ როცა ვფიქრობდი რითი დამეწყო, ჩემი ყურადღება ყოფილ პოლიციელ აუდ ტორვინგენის შესახებ 1998–2007 წლებში გამოსულმა ტრილოგიამ მიიპყრო. 

წიგნები The Blue Place (1998), Stay (2002) და Always (2007) ნუარ ჟანრში დაწერილი დეტექტიური წიგნებია, რომლებიც გარდა იმისა, რომ კარგად არის დაწერილი, ასევე იმით გამოირჩევა, რომ მთავარი მოქმედი პირი, ამერიკაში მცხოვრები ნორვეგიელი ლესბოსელი აუდ ტორვინგენი სექსუალური, ძლიერი, სუპერგმირის ტიპის ქალია. სამივე წიგნში ფემინისტური აქცენტები ბლომადაა დასმული. კერძო დეტექტივობისგან თავისუფალ დროს აუდი ქალებისათვის ფიზიკური თავდაცვის კურსებს ხელმძღვანელობს, სადაც მარტივ მამრავლებად შლის სისტემას, რომელიც ქალს მსხვერპლად ხდის:

"ქალებს თავიდანვე გვასწავლიან, რომ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ იმის თქმა ავიწყდებათ ხოლმე, ამ შიშს რა ვუყოთ"
(The Blue Place)


ტრილოგიაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, სექსი, ჩხუბი (მის ტორვინგენი ოსტატურად ულეწავს ცხვირ–პირს გზად გადაყრილ არამზადებს), ტრაგედია, ადამიანის შინაგანი ტრანზიცია, და თვით–დაკვირვება ამ პროცესზე.

P.S. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ეს ტრილოგია, დაწერეთ კომენტარი და სამივე წიგნს (ინგლისურ ენაზე და epub ფორმატში) მოგაწვდით. 

Comments

Post a Comment