COMIX: რენე მონტოია


კომიქსების კითხვა ახალი დაწყებული მაქვს და აქაც, ისევე, როგორც ყველა სხვა ჩემთვის საინტერესო სფეროში აქტიურად ვეძებ ქალ (და კიდევ უფრო მეტად - ლესბოსელ) სუპერგმირებს. ძიების პირველივე სტადიაზე მივხვდი, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში DC ან Marvel-ის კომიქსების მიხედვით გადაღებულ უამრავ ფილმში არცერთი წამყვანი ფიგურა არაა ქალი (და მით უმეტეს ლესბოსელი) - გარდა რა თქმა უნდა Catwoman-ის და Avengers და Captain America-ში გამოჩენილ ნატაშა რომანოვას, იგივე "შავი ქვრივი", რომლის შესახებაც ფილმს ალბათ გადაიღებენ მომავალ 2-3 წელიწადში. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ Wonder Woman-ს, რომელიც ძალიან პოპულარულია და სერიალიც მიეძღვნა და მულტიპლიკაციური სერიებიც, ჯერ არ ეღირსა საკუთარი სრულმეტრაჟიანი ფილმი.

 ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საინტერესო ქალი, ლესბოსელი პერსონაჟი და სუპერგმირი სუპერსამყაროში არ მოიძებნება, თუმცა ნურას უკაცრავად.

პირველი, ვისზეც მინდა გიამბოთ არის რენე მონტოია, იგივე The Question.




რენეს პერსონაჟი ბეტმენის თავგადასავლების მულტიპლიკაციური ვერსიისთვის შეიქმნა და თავიდან ასე გამოიყურებოდა.


თუმცა მოგვიანებით, როდესაც გრეგ რუკამ (რომელმაც, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლესბი პერსონაჟი - Batwoman გვაჩუქა) დაიწყო კომიქსების სერია Gotham Central, მან რენეს პერსონაჟი დაამუშავა და კომიქსების პირველ ლესბოსელ ლათინა გმირად აქცია.

ხასიათითა და თავგადასავლებით რენეს ბეტმენსაც კი შევადარებდი. ორივე საკმაოდ ბნელი და თვითდესტრუქციული პერსონაჟია, თავისი შინაგანი ბრძოლებითა და პიროვნული პრობლემებით. რენეს მშობლები დომინიკელთა რესპუბლიკიდან გადმოვიდნენ გოთემში, არიან ღრმად მორწმუნე კათოლიკეები და მას შემდეგ, რაც რენეს სექსუალობის შესახებ შეიტყობენ, მას გარიყავენ. ამავე პერიოდს ემთხვევა ის, რომ ჰარვი დენტი "Two-face", რომელიც რენეზეა შეყვარებული, მას გოთემის პოლიციის დეპარტამენტში აუთინგს გაუკეთებს.




დამალული ცხოვრების და გოთემში დაგროვილი უბედურებების, ისევე, როგორც მძიმე სამუშაოს გადამკიდე დეტექტივ მონტოიას უჩნდება  აგრესიის კონტროლის პრობლემები. მას აწუხებს საკუთარი თავის მიუღებლობა (ინტერნალიზებული ჰომოფობია), რის გამოც თავს სტაბილური ურთიერთობების ღირსად არ მიიჩნევს და თავადვე რიყავს ყველა თავის პარტნიორს. პოლიციაში მისი კარიერის დასრულების შემდეგ იწყებს სმას და ასევე ბევრ სიგარეტს ეწევა.

 სწორედ ასეთ მდგომარეობაში, გოთემის პოლიციის დეპარტამენტიდან წამოსულ რენეს, იპოვის (თანაც საკმაოდ მაკოპრომეტირებელ მდგომარეობაში) The Question რომლის საერო სახელიც ვიკ სეიჯია.


რენე დიდი ყოყმანისა და წინააღმდეგობის შემდეგ მაინც შეუმეგობრდება სეიჯს, მისი სიკვდილის შემდეგ კი The Question-ის ნიღაბს მოირგებს. მანამდე კი ისინი ერთად გაეშურებიან ქალაქ ქაჰნდაქში, სადაც შავი ადამი ბატონობს, რათა შეებან ინტერგენგს (ესეთი კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელსაც გოთემის მოსპობა სურს). ქაჰნდაქში ისე მოხდება, რომ რენე და სეიჯი ბლექ ადამსა და მის მეუღლეს აისისს გადაარჩენენ სწორედ მათ ქორწინების დღეს, რის გამოც შავი ადამი მათ დაჯილდოებას მოისურვებს, მაგრამ მონტოია ცერემონიაზე არ გამოცხადდება - სულ სხვა საქმე აქვს.

რენეს ახლო კავშირი აქვს კიდევ ორ მნიშვნელოვან ლესბი პერსონაჟთან - კაპიტან მეგი სოიერთან, რომელიც გოტემის პოლიციის განყოფილებაში მისი უფროსი იყო, შემდგომში კი მოგვევლინება, როგორც ქეით ქეინის (Batwoman)  პარტნიორი.

და თავად "ქალ-ღამურასთან"


ქეითთან მონტოიას ურთიერთობა რთულია, ისინი პერიოდულად შორდებიან და  რიგდებიან. როდესაც ვიკ სეიჯი კვდებოდა, ქეითი რენეს გვერდში ამოუდგება. ისინი, სუპერგმირების სახითაც ეხმარებიან ერთმანეთს, თუმცა ეს ურთიერთობა მაინც ასეთი რთული და დაულაგებელი რჩება. ერთ-ერთ მორიგ თავგადასავალში, როდესაც ქეითი ბნელი ძალებით არის შეპყრობილი, ის თითქმის იმსხვერპლებს მონტოიას სიცოცხლეს.


 მონტოია, რომელიც ზედმიწევნით სწავლობდა "დანაშაულის ბიბლიას" აღმოაჩენს წინასწარმეტყველებას ბეტვუმენის სიკვდილის შესახებ. ის ცდილობს მეტი ინფორმაცია მიიღოს, ცდილობს ქეითი გადაარჩინოს და მორიგ კონფლიქტში შედის მასთან.


ცოტა ხნის შემდეგ, თავისდაუნებურად, მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი ქალის გადარჩენა უნდა, რენე დანაშაულის რელიგიის წინამძღოლი ხდება (თუმცა ამას მთელი ძალებით ეწინააღმდეგება და ცდილობს ებრძოლოს მათ, ვინც თავს მის ქვეშევრდომებად მიიჩნევენ)

 

ყველაფერს არ მოვყვები (და ვერც), მაგრამ გაგანდობთ ერთ სასიხარულო ამბავს, რომელიც 2014 წლის ჩიკაგოს კომიქს ექსპოზე გაჟღერდა არის ის, რომ DC Comics გადაწყვიტა რენე ისევ დააბრუნოს კომიქსების სუპერსამყაროში, როგორც საკუთარი კომიქსის მთავარი მოქმედი პირი. 

სანამ ამას ველოდებით, შეგიძლიათ გაეცნოთ რენეს თავგადასავლებს და ჩამოტვირთოთ ისინი ტორენტებიდან. მარტივად დასაყენებელი CBR Reader და რენე მონტოია თქვენს კომპიუტერის ეკრანზე განთავსდება. 

Comments