სან ჯუნიპერო

-შენ დარჩებოდი სან ჯუნიპეროში?
-კი. შენ?
-არ ვიცი. ალბათ გააჩნია ვინ დამხვდებოდა.
-ჰო, მეც ეგრე.
ამ საუბრის მერე მრავალშრიანი გლობალური მმართველობის (არ მკითხოთ ამას რატომ ვსწავლობ :) )  შესახებ წიგნი გვერდზე გადავდე და აივნის კარი გავაღე. აქ უკვე ცივა, თუმცა დილაობით უკვე მეორე დღეა მზე გვანებივრებს. რაც ჩამოვედი მაქსიმალურ დროს ვატარებ მარტო, სახლში. ბოლო რამდენიმე დღეა მხოლოდ იმ ფილმებს და სერიალებს ვუყურებ, სადაც ლესბოსელის ჭაჭანებაა. რაც უფრო მეტი დრო გადის საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, მით უფრო მეტად მჭირდება ისეთი ადამიანების დანახვა და წაკითხვა, რომლებთანაც ასე თუ ისე თავის გაიგივება შემიძლია... ალბათ იმიტომ, რომ კითხვა "ვინ ვარ" აქ უფრო მძაფრად დადგა.

ჩემი მოკვდავობის საკითხიც ისევ მძაფრი რჩება. ღამღამობით ისევ ხშირად მეღვიძება, გაოფლილს და ვცდილობ რამე ხელმოსაჭიდი ვიპოვო, რომ არ მეშინოდეს. სიკვდილის ყოვლისმომცველობა მანადგურებს, მაგრამ თან საინტერესო კუთხიდან მაჩვენებს საკუთარ ცხოვრებას. მაგალითად, ჩემს გარშემო მოკალათებული ბევრი ადამიანის უშველებელი ეგო  ძალიან უმნიშვნელო ხდება, აღარ მაცოფებს, საერთოდაც ინტერესს აღარ იწვევს. რაღაცეები, რისი ერთგულიც ადრე ვიყავი (ჯგუფები, იდენტობები), დღეს ნაკლებ ლოიალურობას იწვევს ჩემში... ნეტა სიკვდილის შიში დანგრეულ თვითშეფასებასაც შველოდეს...

როგორც არ უნდა იყოს, სიმართლე მაინც ერთია - ყველანი ოდესმე მოვკვდებით... და სანამ საწოლიდან ადგომას, შუქის ანთებას და წყლის მოყუდებას მოვასწრებ, ვფიქრობ, სან ჯუნიპერო რომ არსებობდეს, დავრჩებოდი მანდ თუ არა.

ეს ფილმი უკვე რამდენჯერმე მაქვს ნანახი. სულაც არაა გასაკვირი, რადგან დღეში ორჯერ მაინც მახსენდება, როდესაც ველოსიპედით უნივერსიტეტისკენ ან უნივერსიტეტიდან მომავალი შვედური სასაფლაოს ბილიკებს ვკვეთ.  "სან ჯუნიპეროს" ყურება ჩემთვის დაახლოებით ისეა, კბილი რომ გტკივა და ენით მაინც იწვალებ. ტკივილნარევი სიამოვნებაა. უყურეთ   .



განგებ არ დავწერ სპოილერებს და ანალიზებს, ღირს, რომ ვისაც დააინტერესებს თვითონ გაიცნოს ეს ქალაქი და მისი გმირები. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ Black Mirror-ის მესამე სეზონის ეს მეოთხე ეპიზოდი იმიტომ არ ჩავრთე, რომ უტოპიურია (ან შეიძლება უბრალოდ ფუტურისტული, თუკი ტექნოლოგიის განვითარების ტემპს გავითვალისწინებთ), არამედ იმიტომ, რომ ის (მათ შორის) ორი ქალის ურთიერთობაზეა. 2017 წლის Emmys დაჯილდოვების ცერემონიაზე "სან ჯუნიპერომ" მთელი ორი ჯილდო აიღო და მას ბევრი საინტერესო სტატიაც მიეძღვნა, მათ შორის ტელეგრაფზე.


Comments