ურთიერთობებზე

წუხელ უძილობამ შემომიტია და როგორც ასეთ შემთხვევებში მჩვევია ხოლმე, ისეთ რაღაცეებზე დავიწყე ფიქრი, რაც დღის მანძილზე ვცდილობ მკაცრად გვერდზე გადავდო. ამჯერად ვმარჩიელობდი ჩემი ნაცნობი და მეგობარი ლესბოსელი თუ ბისექსუალი ქალებიდან, ასე ათ წელიწადში, რამდენი იქნება კიდევ ქალთან? რამდენი გათხოვდება? რამდენი წყვილი დარჩება ერთად? მე თვითონ ვიქნები თუ არა ქალთან, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს? და თუ ამ შეკითხვებზე პასუხი უარყოფითია, რამ შეიძლება ეს განაპირობოს, გარდა იმისა, რომ ადამიანები ხანდახან ”უბრალოდ შორდებიან”.




გამახსენდა, რომ ადრე წაკითხულ ესეში, რომელიც ჰომოფობიას ეხებოდა, ერთი თავის სწორედ ურთიერთობების პრობლემატიკას ეთმობოდა:

”მტრულად განწყობილ სამყაროში, იზოლირებულობის შეგრძნების გამო, ხშირად არაადეკვატურ იმედებს ვამყარებთ ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე, იმის დაშვებით, რომ მეორე ადამიანი ჩვენს ყველა მოთხოვნილებას შეასრულებს და ჩვენ ”ვიქნებით ორნი მსოფლიოს წინააღმდეგ”. ზოგადად რეალური უსაფრთხოების ნაკლებობის გამო ჩვენს ურთიერთობებს მეტისმეტად დიდი მასშტაბების სიწმინდესა და მნიშვნელოვნას ვანიჭებთ. პარტნიორი არა მხოლოდ წმინდა ტაძარი ხდება, არამედ ფარი მსოფლიო ძალადობისგან და მალამო, რომელიც ყველა ჭრილობას უმკურნალებს.


ურთიერთობისთვის მინიჭებული ამხელა მნიშვნელობის ფონზე, თითოეული ყველაზე მცირე შეცდომა და იმედგაცრუებაც კი გადაჭარბებულად და დაუძლეველად აღიქმება. იმედგაცრუება ღალატისა და დიდი ტკივილის წყარო ხდება. თუ ურთიერთობა იზოლირებულია, განსაკუთრებით  ”უხილავ” ლესბოსელებს შორის, ის რაც ფართო პერსპექტივაში მცირე პრობლემად უნდა განიხილებოდეს, ზვიადდება და ისეთ ზღვარს აღწევს, რომ ურთიერთობა იშლება.


ლესბოსური თემის ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ურთიერთობათა ხანმოკლეობაა. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს არასტაბილურ და ხანმოკლე ურთიერთობებს, არის მათი უმნიშვნელოდ ცნობა. ვინაიდან სამყარო არ წყალობს ლესბოსურ ურთიერთობებს და არ უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციური ან პირადი მხარდაჭერით, ამას არც ბევრი ჩვენგანი აკეთებს.


ჩვენს ურთიერთობებს ხშირად რთულ პირობებში უწევთ არსებობა: ისინი საზოგადოებისა და ბევრი სხვა ლესბოსელის მიერ განიხილება, როგორც დროებითი და ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებთან შედარებით ნაკლებად შედეგიანი; მათ მხარს არ უჭერს ლესბოსური ან ჰეტეროსექსუალური ინსტიტუტები; მათი არსებობა იზოლაციაში და არც ისე ბევრი წარმატებული საჯარო მაგალითის ფონზე მიმდინარეობს. თანამედროვე პოპულარული ლიტერატურის უმეტესობა, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს ეხება (თუნდაც ქალთა ჟურნალებში რომ ჩავიხედოთ) და ლესბოსურ ლიტერატურაშიც ლესბოსური ურთიერთობების საკითხის ნაცვლად სხვა თემები ჭარბობს. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან გვითითებენ, რომ ჩვენი ურთიერთობები არაა მნიშვნელოვანი.” 

(Susanne Pharr "Homophobia A Weapon of Sexism")

მართლაც, ჩვენ ბავშვობიდანვე გვტენიან თავში, რომ სტაბილური და ”ნორმალური” ურთიერთობა ქორწინებით უნდა დაგვირგვინდეს. ჩვენ, ბუნებრივია, ამის ფუფუნება არ გვაქვს და ამიტომ,  ან ფეხზე ვიკიდებთ აქაოდა მაინც აზრი არ აქვს, ან პირიქით, ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ფორმალური ქორწინების გარეშეც შეგვიძლია ერთად გავძლოთ. მეორე შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობის მართვის უფლებას ჩვენსავე მესაკუთრეობას ვაძლევთ, რაც საბოლოოდ ყველაფერს აფუჭებს.

ჩემ ურთიერთობებს რომ გადავხედო, ვაღიარებ, რომ ყოველთვის ძლიერ ვეჯაჭვები პარტნიორს. ყველა ის შიში რაც გამაჩნია,  შეგრძნება იმისა, რომ დრო გადის, რომ მე ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომ ფინანსური სტაბილურობა უნდა შევინარჩუნო, რომ ხშირად ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მთავრდება, ერთადერთ სურვილს მიჩენს - ქალს, რომელიც მიყვარს თავი მუცელზე დავადო და დავიმალო. ფიზიკურ სიახლოვეს, და ნებისმიერი სახის მცირე კომუნიკაციას (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ასე შემდეგ) როგორც ჩანს,  საკუთარი ”არამარტოობის” დამამტკიცებელ საბუთად აღვიქვამ და ამ სიახლოვის სურვილი და მოთხოვნილება ხანდახან იმდენად დაჟინებული ხდება, რომ მეორე ადამიანის პირად სივრცეს მთლიანად გამორიცხავს.

მავიწყდება, რომ ის მე არ ვარ.

ადრე უზრუნველად მჩვეოდა იმის მტკიცება, რომ ეჭვიანი არ ვარ. ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი ეჭვიანობა შუბლში მწარედ მომხვდა და მივხვდი, რომ არსებობს განსხვავება იმას შორის რაც გონით მჯერა და სწორად მიმაჩნია და რასაც რეალურად განვიცდი. სინამდვილეში, ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ. ერთადერთი, რაც მეტნაკლებად მეხმარება საკუთარი თავის გაკონტროლებაში, იმის გაცნობიერებაა, რომ ეჭვიანობა ჩემი პრობლემაა და არა ჩემი პარტნიორის.

მოკლედ, მართალია, ურთიერთობები რთული რამაა და ამ საკითხში რჩევების ჩამორიგებას არასოდეს დავიწყებ, მაგრამ არის რამდენიმე რამ რაც უნდა გვახსოვდეს: უნდა გავმიჯნოთ ჩვენში არსებული პრობლემები პარტნიორისგან, ვცადოთ მოვუძებნოთ რაციონალური ახსნა მზარდ მიჯაჭვულობას, არ დაგვავიწყდეს სოციალური ზეწოლაც, რომელიც ნერვებს გვიფუჭებს და სხვა ადამიანებთან მიმართებაში მოუთმენლებს გვხდის.

ჩვენი ურთიერთობები ღირს იმად, რომ მათი შენარჩუნება ვცადოთ და თუ ეს მართლა გვინდა -  აუცილებლად გამოგვივა კიდეც. 

Comments

  1. Dideba Axal Posts!(:

    Modit urtiertobebze me ar vilaparakeb,uxerxulia...:D

    P.S. Xshirad daposte xolme ra...

    ReplyDelete
  2. აუ რა გენიალური ფრაზა იყო : ”ეჭვიანობა ჩემი პრობლემაა და არა პარტნიორის” რა ხანია ამის ჩაგონებას ვცდილობ რამოდენიმე ადამიანისათვის მაგრამ არაფერი გამოდის. ეტყობა ამას უნდა თვითონ მიხვდეს ყველა.
    ჰოდა რაც შეეხება დამოკიდებულებას ყველა ხდება დამოკიდებული ადამიანზე რომელიც უყვარს მაგრამ ხშირად ურთიერთობა იმ აბეზარს ბუზს ემსგავსება ხოლმე ხელს რომ უქნევ და მაინც ცხვირზე გაჯდება რაც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ აგრესიას ბადებს ნებისმიერში და ამის გამო მერე წყვეტენ ურთიერთობას :(( მაგრამ დისტანციის შეგრძნება და დაჭერა ძალიან ძალიან გენიალური უნარია რომელიც რთულა გამოსამუშავებელია იმჰო

    ReplyDelete
  3. ეჭვიანობა ორივეს პრობლემაა, განსაკუთრებით ეჭვიანის, რა თქმა უნდა ))
    და ურთიერთობების სტაბილურობას რაც შეეხება, არ ვიცი, ცოტა რთული საკითხია.
    ცოტას მეცნიერებას თუ მოვიშველიებთ, სიყვარული 4-7 წელი უნდა გრძელდებოდეს, მერე ყველა რესურსი იწურება. ამახ ხელს ადამიანის მონოგამია უწყობს. საერთოდ, მონოგამია ევოლუციის ჩიხია. ბუნებრივი გარადრჩევა მონოგამიურ სამყაროში აუცილებლად კატასტოფას გამოიწვევს.
    აი, ის ადამიანები, ვინც ურთიერთობებში შედარებით თავისუფლები არიან, პარტნიორებს უფრო დიდხანს ინარჩუნებენ.
    მაგრამ ეს ისეთივე უიშვიათესია, როგორც მარადიული სიყვარული, ასე მაგალითად ))
    მოკლედ, არ ვიცი ))

    ReplyDelete
  4. მავიწყდება, რომ ის მე არ ვარ
    ძალიან კარგი ფრაზაა ბევრის მთქმელი. ამ ბოლო დროს უკვე მეორე პოსტს ვაწყდები იმ საკითხებზე რაც მაფიქრებს,ეჭვიანობის კონტროლი, პარტნიორის პირადი სივრცის დატოვება, მონოგამია
    მთავარია გახსოვდეს რომ ის შენ არ ხარ

    ReplyDelete
  5. pirveli posti sad naxe? damainteresa :)

    ReplyDelete

Post a Comment