კინო: ევროპული ლესბი ფილმები I


Egymásra nézve/ Another Way (1982)

ძალიან მიყვარს კისლევსკი. განსაკუთრებით კი (მომიტევეთ ბანალურობა) "მოკლე ფილმი სიყვარულზე" და "უსასრულოდ". ამ ორ ფილმს საერთო რეჟისორის გარდა საერთო მსახიობიც  ჰყავთ - გრაჟინა შაპოლოვსკა, რომელიც ორივე სურათში მთავარ როლს თამაშობს. ამ ლამაზ პოლონელ ქალზე შეყვარებულმა, ბუნებრივია, მის ფილმოგრაფიას გადავხედე და 1982 წელს გადაღებულ უნგრულ ფილმს Egymásra nézve წავაწყდი. ფილმში 50-იანი წლების უნგრეთში მცხოვრებ ლესბოსელ ჟურნალისტზეა მოთხრობილი, რომელსაც გათხოვილი ქალი უყვარდება. უფრო სწორად, მათ ერთმანეთი უყვარდებათ იმდენად, რომ შაპოლოვსკას გმირი ქმრის მიტოვებას გადაწყვეტს. თუმცაღა ქმარი ისე ცოფდება, რომ პარალიზებულ ცოლს ეტლში ამოაყოფინებს თავს ცხოვრების ბოლომდე, მის სატრფოს კი ფილმის ბოლოს კლავენ. 



არ მეგულება ლესბოსელი, რომელიც თემატური ფილმის ყურებისას სექსის სცენას არ ელოდება - გამონაკლისი არც მე ვარ. Egymásra nézve-ს თავსა და შუაში რამდენიმე მომენტია, სადაც ეს ორი ქალი ერთმანეთს ჩაცმულ-დახურული კოცნის და ეფერება, მაგრამ მოქმედება ნელა ვითარდება და რაღაც უპერსპექტივობის შეგრძნებას ტოვებს. კოცნის სცენები საკმაოდ მოუქნელია, არ ვიცი რეჟისორის ჩანაფიქრი იყო ასეთი თუ მსახიობები მეტად ვერ ართმევდნენ თავს.. მოკლედ ვიჯექი, ვუყურებდი, ველოდებოდი და ის, რასაც ველოდებოდი არ ხდებოდა.

არა, ნუ ბოლოს მაინც მოხდა.. მთლად სექსის სცენას ამას ვერ დავარქმევდი, მაგრამ რეჟისორმა ეს იაღლიში შაპოლოვსკას ლამაზი სხეულით გამოასწორა. დამერწმუნებით ალბათ, ამდენი წვალების მერე ამის დანახვა ჯილდოს ტოლფასია





Fine mrtve djevojke/Fine Dead Girls (2002)

 მეორე ფილმი, რომელიც ახლა მახსენდება  2002 წელს ხორვატიაშია გადაღებული და ჰქვია Fine mrtve djevojke/Fine Dead Girls


პოსტერიდან უკვე ჩანს, რომ ფილმი ტრილერია. და არც ისე ცუდი, მე თუ მკითხავთ.მოკლე შინაარსი ასეთია:  ორი ახალგაზრდა ქალი ერთად ქირაობს ბინას. 



(სექსი აქვთ, მაგრამ გასაგიჟებელი კადრებიათქო ვერ ვიტყოდი)


მფლობელი იმავე სახლში კიდევ რამდენიმე ბინას აქირავებს, ასე რომ გოგონებს შესანიშნავი სამეზობლო ჰყავთ: მეძავი, ომგამოვლილი სამშვილიანი ოჯახის მამა, რომელიც პერიოდულად ცოლს სცემს და პატრიოტულ მოტივებზე დაწერილ როკ სიმღერებს აღრიალებს ბოლო ხმაზე, გინეკოლოგი, რომელსაც იქვე კაბინეტი აქვს, მისი შეზღუდული შესაძლებლობების ვაჟიშვილი ივიცა (სახელი მომეწონა), მოხუცი კაცი, რომელსაც ესესაა ცოლი გარდაეცვალა, მაგრამ არავის ეუბნება - ეშინია არ წაართვან და ბოლოს, სახლის მფლობელი საშინელი ქალი, რომელიც მარად სხვის საქმეში ჰყოფს ცხვირს და ეს როგორც წესი სწორედ სხვებისთვის მთავრდება ცუდად.




  მას ასევე ჰყავს გულკეთილი (მაგრამ უაღრესად შეშინებული) ქმარი და ფაშისტი ძველი ბიჭი შვილი. მოქმედება როგორ ვითარდება აღარ გეტყვით, მაგრამ ჯერ ”სასტავი” რა არის და სიუჟეტი ხო მთლად სასტიკია. 
ფინალი აქაც ტრაგიკულია: 



Portrait Of a Marriage (1990)

ვიტა საკვილ უესტის ვინაობა ვირჯინია ვულფის თაყვანისმცემლებს კარგად ეცოდინებათ. ეს ბრიტანელი პოეტი ვირჯინიას საყვარელი იყო და მწერლის შთაგონება რომან ”ორლანდოს” წერისას. ეს რომანი ვირჯინიამ სწორედ ვიტას მიუძღვნა. თუმცა, ვიტას ცხოვრებაში ქმრის, ორი შვილის და კიდევ პერიოდული საყვარლების გარდა სხვა ქალიც იყო, ვაიოლეტ ტრეფიუზისი. სწორედ ამ ორი ქალის ურთიერთობაზე მოგვითხრობს ბიბისის მიერ გადაღებული ფილმი Portrait Of a Marriage.


ვერ ვიტყვი, რომ ფილმმა აღმაფრთოვანა - ალაგ-ალაგ მოსაწყენი და ძალიან გაწელილია, თუმცა ორივე მსახიობი ლამაზია და გემრიელი სცენებიც მოიპოვება. 



სიუჟეტს რაც შეეხება, ის სამწუხაროდ ისევე სრულდება, როგორც ამ ორი ქალის ამბავი რეალურად დამთავრდა. ვიტა და ვაიოლეტი პარიზში გარბიან, თუმცა ქმრები შემდეგ ურჩი ბავშვებივით სახლში აბრუნებენ. მთელი იდეა ის გახლდათ, რომ ვიტამ ვაიოლეტთან ცხოვრებას საკუთარი შვილები ”ამჯობინა”. ფილმი, სხვათა შორის, ვიტას უფროსი ვაჟის წიგნის მიხედვითაა გადაღებული.





Comments