...

მიყვარს, როცა გარეთ გამოსული ვგრძნობ, რომ დროა პალტო შევიხსნა. საკუთარ თავს ვიტრინებში ვაკვირდები და ვხედავ, რომ გახსნილი პალტო მიხდება, მოკლე თმაც. საკუთარ თავში დარწმუნებული და კმაყოფილი ვარ... იმიტომ, რომ გაზაფხულია და უკვე თბილა მე კიდევ შეყვარებული ვარ და არ მტოვებს იმის შეგრძნება, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამომივა.


საღამოვდება. ასეთ დროს სეირნობა მიყვარს. ეს ქუჩაც მიყვარს, აქ ადრე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ორი წლის წინ მარტის ასეთივე საღამოს, საყვარელმა ბიბლიოთეკის ჩაბნელებულ კიბეზე ამიყვანა და ქურთუკი შეიხსნა. ბორდოსფერი პერანგი ეცვა, კარგად მახსოვს როგორ მეცა სახეში მის მკერდზე დაგროვილი სითბო. ვკოცნიდი, მაგრამ ყოველ გაფაჩუნებზე თავს ვატრიალებდი, ვინმე ხომ არ მოდის მეთქი. ბოლოს გაბრაზებულმა მითხრა, მე აქ ვარ, შენს წინ, შენ კიდევ თვალებს აქეთ-იქით აცეცებო. დაახლოებით იგივე მითხრა ქალმა, რომელიც ახლა მიყვარს ერთ საღამოს ცარიელ მარშრუტკაში რომ ვისხედით და ერთმანეთს ვეფერებოდით.

ქალი, რომელიც მიყვარს ისაა, ვინც ყველაზე ხშირად მესიზმრება. ვისი ნახვის მუდმივი საჭიროება მაქვს, ვისგანაც ყველაზე მეტად მწყინს და მიხარია. ვისიც ყველაფერი მახსოვს. როცა ვუყურებ და ვუსმენ ამაყი ვარ და ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგადაა. როცა ჩემ დაჟინებულ მზერას ამჩნევს მეკითხება რატომ მიყურებო, როცა მეტისმეტად ბევრს ვკოცნი მეკითხება ნუთუ არ გბეზრდებიო, მე კი ვეუბნები, რომ მასთან გატარებული ყოველი წამი ძვირფასია და , რომ მე ვარჩევ ჩემი ცხოვრება ისეთ ღამეებამდე დაიყვანებოდეს, როცა ის ძილში ხელით მეძებს და მპოულობს.


Comments