ჩაველა ვარგასი

ჩაველა ვარგასს პირველად Mezzo-ზე წავაწყდი. გრძელ ხორონგოში (პონჩოს მსგავსი მექსიკური მოსასხამია) გამოწყობილი, რამდენიმე მარიაჩის თანხლებით მღეროდა. საოცარი ის იყო, რომ ის თავდაჭერილობა, რომლითაც სცენაზე იდგა არანაირად არ ამცირებდა მისი შესრულების ემოციურობას. მერე გავიგე, რომ ამ კოსტა-რიკელ ქალბატონს 81 წლის ასაკში ქამინ აუთი გაუკეთებია და საჯაროდ უთქვამს, რომ მთელი ცხოვრება ლესბოსელი იყო:

"ბრძოლა მომიწია იმისათვის, რომ ის ვყოფილიყავი ვინც ვარ და იმისათვის, რომ ჩემთვის პატივი ეცათ. ამ დაღის ტარება ჩემთვის საამაყოა. ლესბოსელის სახელის ტარებაც. ამას არც გავყვირი, მაგრამ არც უარვყოფ. საზოგადოებასაც დავუპირისპირდი და ეკლესიასაც, რომელიც ამბობს, რომ ჰომოსექსუალები წყეულნი არიან... ეს აბსურდია. როგორ შეიძლება ადამიანის განსჯა, იმის გამო, რომ ასეთად დაიბადა? ლესბოსელობა არ მისწავლია და არც არავის უსწავლებია ჩემთვის. მე ასეთად გავჩნდი. მას შემდეგ, რაც სამყაროს დასანახად პირველად გავახილე თვალები, არასოდეს ვწოლილვარ კაცთან. არასოდეს. წარმოიდგინეთ რა სიწმინდეა, სასირცხვილო არაფერი მაქვს. ღმერთებმა ასეთად გამაჩინეს. "



ჩაველა (ისაბელა) ვარგასი 1919 წელს კოსტა-რიკაში დაიბადა. მისი მშობლები მალევე განქორწინდნენ, რის შემდეგაც პატარა ჩაველას ნათესავებთან ცხოვრება და ცინტრუსის პლანტაციაში მუშაობა ხვდა წილად. მშობლები მას აღარასოდეს უნახავს, მაგრამ როგორც თავად ამბობს ამის გამო კი არ გაბოროტდა არამედ მოახერხა საკუთარ თავში გამბედაობის და დიდი ძალის კულტივირება. ყოველ დილით ეუბნებოდა საკუთარ თავს, რომ კოსტა-რიკადან უნდა წასულიყო და როდესაც 14 წლის ასაკში მართლა მიაშურა მექსიკას, იცოდა, რომ მშვიდობისა და სახელის საძიებლად მიდიოდა.  ბევრი წლის შემდეგ ჩაველა გვეტყვის, რომ კოსტა რიკაში აღარასოდეს დაბრუნებულა, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელსაც მისთვის არაფერი მიუცია და ყველაფერი წაართვა. მექსიკამ ის ხელგაშლილი მიიღო. ჩაველა თავიდან ქუჩებსა და ტავერნებში მღეროდა თუმცა პროფესიული კარიერის დაწყება მხოლოდ 32 წლის ასაკში შეძლო. ეს მან საკუთარი ძალებით მოახერხა და ამბობდა, მადლობა საკუთარი თავისა და აცტეკი ღმერთების გარდა არავისთვის მეთქმისო.

ჩაველამ ცოტა ხანი კუბაზეც იცხოვრა. აქ მან გაიცნო მაკორინა (მარია კალვო ნოდარსე), რომელიც პირველი ქალი იყო ჰავანაში, რომელიც მანქანას ატარებდა. მაკორინას რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, ის ადრეულ ასაკში ჩაერთო კომერციულ სექსში, თუმცა სიღარიბე და მარტოობა დაძლია და თავისი ხიბლით და სილამაზით მთელს ჰავანაში (განსაკუთრებით კი მის ბოჰემურ წრეებში) გაითქვა სახელი. ჩაველას და მაკორინას ნაცნობობა შედგა ესპანელი პოეტის ალფონსო კამინის მიერ გამართულ წვეულებაზე. კამინი მაკორინათი სრულიად მოხიბლული იყო და დაწერა ლექსი, რომელსაც შემდეგ ჩაველამ მუსიკა დაადო. დღესდღეობით "La Macorina" ჩაველა ვარგასის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. ეს ძალიან კარგი, ემოციური, სექსუალური სიმღერაა, რომელიც დიდ ინტერესს აღვივებს მაკორინას ამბისადმი და რომლითაც ჩაველამ მოახერხა და ეს ჰავანელი ქალი დავიწყებას გადაარჩინა.


ჩაველა ბევრს სვამდა, ეწეოდა, მამაკაცის სამოსში გამოწყობილი დადიოდა, დამბაჩას ატარებდა და ამბობენ, რომ ერთ-ორ დუელშიც უნდა ჰქონოდა მონაწილეობა მიღებული. ის იცნობდა ბევრ იმდროინდელ ინტელექტუალს და ხელოვანს, მათ შორის დოლორეს ოლმედოს (მექსიკელი მუსიკოსი, საქმიანი ქალი და ფილანტროპისტი, რომელიც ჩაველას უყვარდა და რომელთან ერთადაც ბევრი სასაცილო ამბავი გადახდენია თავს) ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას.


ფრიდასა და დიეგოსთან გატარებულ დროს ჩაველა ტკბილად იხსენებდა ხოლმე. ფრიდას აღწერდა როგორც მისტიკურ არსებას, რომლის მიმართაც აღფრთოვანებას და მასზე კიდევ უფრო დიდ და ღრმა სიყვარულს განიცდიდა. მოხუცი მომღერალი ღიმილით ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ფრიდასაც უყვარდა  ის და ეს სიყვარული ძლიერი და ლამაზი იყო.მისი თქმით ფრიდამ ერთხელ წერილიც კი მისწერა იმის სათქმელად, რომ "მხოლოდ დიეგოსთვის და მისთვის ცხოვრობდა".




სიკვდილამდე თითქმის 30 წლით ადრე ჩაველა ვარგასმა სმას თავი დაანება. და სასიხარულოა ის, რომ ასეთი ”არაჯანსაღი” ცხოვრების წესის მიუხედავად მან საკმაოდ გრძელი ცხოვრება განვლო. ჩაველა ხელახლა აღმოაჩინეს 90-იანებში, რასაც ხელი მისი ნიჭით და პიროვნებით აღფრთოვანებულმა პედრო ალმადოვარმა შეუწყო. მას შემდეგ ჩაველამ არაერთი კონცერტი გამართა და თავისი დიდი მეგობრის ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ ფილმშიც კი მიიღო მონაწილეობა.

ჩაველა ვარგასი 2012 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა მექსიკაში. ის 93 წლის გახლდათ.



მოუსმინეთ და დატკბით, ზაფხულის ცხელ საღამოებს ძალიან უხდება.

Comments