INKANYISO: "2013 წლის 28 თებერვალი: გამარჯვებული მსხვერპლის ნაცვლად"

INKANYISO სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფის ზანელე მუჰოლისა და მისი კოლექტივის პროექტია. მისი მიზანია სამხრეთ აფრიკულ გარემოში ქუიარ მედიის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ესორგანიზაცია, რომლის დევიზიც არის “ვქმნით, ვანათლებთ, ვავრცელებთ”, არტ ადვოკატირებისათვის უნიკალურ და მოქნილ წყაროდ იქცა. 

პროექტის იდეა 2006 წელს დაიბადა, ხოლო 2009 წელს მუჰოლიმ ორგანიზაცია დაარეგისტრირა. ეს ორგანიზაცია პასუხი იყო სამხრეთ აფრიკული ლგბტი ვიზუალური ისტორიის უკმარისობაზე. 
როგორც ზანელე თავად ამბობს, პროექტში მონაწილეობისათვის საკმარისია ადამიანს სურდეს წერა და მეტნაკლებად მაინც იცოდეს კამერის გამოყენება. დღესდღეობით ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი წარმოადგენს საკმაოდ ძვირფას ნაკრებს ვიზუალური და  ტექსტუალური ისტორიებისა, სამხრეთ აფრიკელი შავკანიანი ლგბტი პირების შესახებ. ერთ-ერთ ასეთ ამბავს გთავაზობთ ახლა.

ამბავი ეკუთვნის ლესბოსელ აქტივისტ  ლუნგილე დლადლას, რომელიც ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი შავკანიანი ბუჩი ლესბოსელი. ლუნგილე მოგვითხრობს სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც მან გადაიტანა, და რომლის მსხვერპლიც ბევრი სამხრეთ აფრიკელი შავკანიანი ლესბოსელი ყოველ დღიურად ხდება.


ლუნგილე დლადლა

თებერვალს სიყვარულის თვეს ეძახიან, მე მას ცვლილების თვედ მოვიხსენიებ …

2010 წლის თებერვალში მათაპელოსთან [ის, რომელიც ლოცულობს] მივუყვებოდი სუაზის ქუჩას.
დაახლოებით შვიდი საათი იყო - სულ რამდენიმე საათის წინ დავკრძალეთ დეიდაჩემი. მეგობარი სახლამდე მაცილებდა და ჩვენ ერთად მივუყვებოდით თითქმის უკაცრიელ ქუჩას. ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა. ჩვენ მას ყურადღება არ მივაქციეთ, რადგან ცუდს არაფერს ველოდით, თუმცა ის თვალის დახამხამებაში ჩვენს უკან აღმოჩნდა და იარაღი მოგვაბჯინა სიტყვებით “futsek nina siya le manje” [გოგოებო, ახლა აქეთ მივდივართ]. აკანკალებულები და შეშინებულები დავემორჩილეთ.

კაცმა მინდორში გაგვიყვანა. უცნაური ის იყო, რომ იმ ადგილს ისე კარგად იცნობდა, რომ ზუსტად გვეუბნებოდა რა ბილიკებით გვევლო, რათა მინდორში მიმოფენილ საკმაოდ სახიფათო ორმოებში არ ჩავვარდნილიყავით. როდესაც იმ საშინელ ადგილამდე მივედით, მან გვიბრძანა მიწაზე პირქვე დავწოლილიყავით  და ხელები ზურგს უკან შემოგვეწყო. ჩვენ იარაღის გვეშინოდა და უსიტყვოდ დავემორჩილეთ. დაგვემუქრა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში მოგვკლავდა.

მან ტანსაცმელი გაგვხადა, მე კი ჩუმად ვლოცულობდი, რადგან კარგად ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა. მან ხელები და ფეხები შეგვიკრა. ჩემი მეგობარი ცდილობდა შევაჭრებოდა, ეუბნებოდა არ გაგვაუპატიუროო, მაგრა მე თითქოს გათიშული ვიყავი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი გონება სხეულს მოსწყდა და სადღაც შორს იყო. ერთადერთი ის მახსოვს, როგორ უთხრა მათაპელომ - თუ გაგვაუპატიურებ, კონდომი მაინც გამოიყენეო.

მოძალადემ მკითხა კაცის ტანსაცმელი რატომ მეცვა, მაგრამ ენა თითქოს დაბმული მქონდა, ვერაფერი ვუთხარი, ჩუმად დავრჩი. მან სახეებზე ჩვენივე ტანსაცმელი აგვაფარა და შემდეგ ჩემი მეგობრის გაუპატიურება დაიწყო. როდესაც მორჩა, ფეხები გამიხსნა, გამაშლევინა და ძალით შემოაღწია ჩემში. მე ვტიროდი და ვლოცულობდი. როდესაც დაამთავრა, ჩაიცვა და გვითხრა მე მივდივარ და თქვენ მერე გეტყვით როდის უნდა წახვიდეთო. სანამ მიდიოდა, მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა ბალახში, კარგა მოშორებით იყო, როცა დაგვიძახა ჩაგვეცვა და წავსულიყავით. მე და მათაპელო შევეცადეთ ერთმანეთისთვის ხელები გაგვეხსნა და ჩაგვეცვა. იმ უკუნი სიბნელეში რაღაცნაირად მოვახერხეთ მინდვრიდან გაგვეღწია.

მათაპელოს ვუთხარი, რომ პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში უნდა წავსულიყავით. ამ დროს, დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა. მან მიპასუხა,  რომ ეს მეტისმეტად სარისკო იყო, მე კი მივუგე, რომ რისკი ფეხებზე მეკიდა.

განყოფილებაში მივედით და პოლიციელებმა რაღაც ოთახში შეგვიყვანეს. მომხდარის მოყოლა დავიწყეთ, მაგრამ მათ საუბარი გაგვაწყვეტინეს და მე მომიბრუნდნენ “შენ რა მართლა გაგაუპატიურეს? რანაირად? შეუძლებელია, შენ ხომ ბიჭი ხარ!” ამ ნათქვამმა კიდევ უფრო მატკინა გული, ამიტომ სიტყვა შევუბრუნე და ვკითხე რანაირად შეიძლებოდა მამბელე [ძუძუებიანი] კაცი ვყოფილიყავი?!

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის განყოფილება კლინიკის გვერდზე იყო განთავსებული, მათ გვითხრეს, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში სინჯების ასაღები სპეციალური “ნაკრები” არ ჰქონდათ. სანამ ჩვენს ჩვენებებს იწერდნენ, ერთ–ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ ამ რაიონში გაუპატიურების შესახებ შეიტყვეს.

გულში გავიფიქრე თუკი პირველი შემთხვევა არ არის, რატომ აქამდე არ წავიდნენ იმ მინდვრების გასაჩხრეკად, მაგრამ არაფერი ვთქვი. განყოფილება შუაღამისას დავტოვეთ. იმ ღამეს ვერაფრით დავიძინე, რადგან ჯერ კიდევ ვგრძნობდი იმ კაცის სუნს ჩემს სხეულზე. დილით პოლიციაში დავბრუნდით გამოკვლევისთვის, რომელიც ჩაგვიტარეს, მერე კი რაღაც წამლები მოგვცეს და გამოგვიშვეს – დაგირეკავთო.

დრო გადიოდა, პოლიცია კი არა და არ რეკავდა, სანამ Kaya FM–მა არ გააშუქა ჩემი ამბავი და არ მოისურვა გაერკვია თუ რა მოხდა. პოლიციამ მათ განუცხადა, რომ საქმე დახურულია, რადგან ბოროტმოქმედის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ერთი წლის შემდეგ საქმე ხელახლა გახსნეს; მათ იპოვეს დამნაშავე და დააკავეს იგი. სასამართლოში გაირკვა, რომ მას 17 გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. ყველა ჩადენილი დანაშაულისათვის, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არაფერს მაინც სჯობდა.
როცა მეგონა, რომ ყველაზე უარესმა ჩაიარა, ნამდვილმა ჯოჯოხეთმაც არ დააყოვნა და ცხოვრებაც საბოლოოდ დამენგრა თავზე.

სახლში ცუდად მექცეოდნენ და 2011 წლის დეკემბერში სტრესის გამო ძალიან ცუდად გავხდი. 2012 წლის იანვარში საავადმყოფოში დამაწვინეს, ისე ავად ვიყავი, რომ მეგონა მოვკვდებოდი.
ექიმებმა ანალიზების და გამოკვლევების მთელი წყება ჩამიტარეს იმის გასარკვევად თუ რა მჭირდა. აღმოჩნდა, რომ აივ ინფექციის ანალიზზე დადებითი შედეგი მივიღე. ამასთან ერთად, ფილტვების ანთება და პნევმოცისტოზიც მქონდა. ამ დროისათვის არც სუნთქვა და არც, მით უფრო, სიარული აღარ შემეძლო. მეგონა, რომ ჩემი აღსასრული დადგა.

საავადმყოფოში ორი თვე დავრჩი და როდესაც გამომწერეს, ჩემი CD4 უჯრედების რაოდენობა თითქმის ნულზე იყო დასული. არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი.  მიუხედავად ამისა, ანტირეტროვირუსული წამლის მიღება დავიწყე და მინდა ვთქვა, რომ ამჟამად ადრინდელზე უფრო ჯანმრთელიც კი ვარ. ჩემი CD4 მაჩვენებელი 300–ზე მეტია, ხოლო ვირუსული დატვირთვა დაბალი.

ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ ვერ გადავლახე ისაა, რომ როგორც კი წამლის დალევის დრო მოდის, სულ ის მახსენდება იმ არამზადამ რაც მიქნა. მიუხედავად ამისა, ჩემი შინაგანი სამყარო ძლიერია და მე ყველაფერს დავძლევ. აივ ინფექცია ჩემი ცხოვრება არ არის და მე არ ვაპირებ იმის საშუალება მივცე რომ დამამარცხოს.

ამ მდგომარეობიდან არა მსხვერპლი არამედ გამარჯვებული გამოვალ.

25 მარტი, 2013

წყაროები: 


Comments