ჩვენზე უფრო თანასწორები

"საბას" დაჯილდოვების გუშინდელი ცერემონია პირველად იქნა გამიყენებული სოციალური და პოლიტიკური (ოღონდ არა პარტიულ–პოლიტიკური) პროტესტის ტრიბუნად. გიორგი მაისურაძემ და ნაირა გელაშვილმა ისაუბრეს "საბას" ტრიბუნიდან საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა ნაირა გელაშვილის გარშემო ატეხილმა ქება დიდებამ ცოტათი ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფემა" გამახსენა და აი, რატომ...



დავიწყებ იმით, რომ გიორგი მაისურაძემ, რომელმაც ეს პრემია საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში მიიღო, როგორც ყოველთვის, არ გამიცრუვა იმედი და ლიტერატურის ვალი გაიხსენა საზოგადოების წინაშე, მაშინ როცა ასეთ ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ:
სამწუხაროდ, ლიტერატურას ჯადოქრობა  არ შეუძლია.არადა, ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც ადამიანის მარიხუანას მოწევისთვის ციხეში გაშვება და გამომწყვდევა შეუძლია, სადაც პოლიტიკოსები ზოგჯერ ერთმანეთს წამქეზებლობაში ეჯიბრებიან, სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და წამქეზებლობა იქადაგება, სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სიძულვილის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით, ასეთ დროს ლიტერატურას ალბათ განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს და ფუნქცია ეკისროსდიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთ ვითარებაში მხარს უჭერს ლიტერატურას.” 
თუმცა უფრო მეტი ქება-დიდება მაინც ნაირა გელაშვილის მიმართ ისმის ინტერნეტ სივრცეში, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ თემა, რომელსაც ის სამადლობელო სიტყვაში (რომელიც სამადლობელო არც იყო) შეეხო ძალიან მტკივნეული და ახალია ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის (და "პიდარასტების" საკითხთანაც არ არის ახლო). როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონმა ნაირამ პრემია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო და მიღებული თანხის ნაწილი ხაიშის სკოლასა და საბავშვო ბაღს გადაურიცხა. სწორედ ხაიშსა და ხუდონჰესის პროექტზე ისაუბრა ქალბატონმა ნაირამ და მწერლებს სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდა: 


“...ეს სოფელი დგას მარტო, მიტოვებულია ფაქტობრივად მთელი საქართველოსაგან, მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც. ეს იქნება ჩემი მოწოდება მწერლებისადმი. თუ ეს პროექტი განხორციელდა, მთელი სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა და შემდეგ უკვე სხვა რეგიონებიც, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან, ათასობით და ათიათასობით ჰექტარი ჩაიძირება წყალში და ჩვენ შეგვრცხვება, რომ ამ დროს ვცხოვრობდით, მწერლები ვიყავით, ვწერდით და პრემიებს ვიღებდით. მე მოვუწოდებ მწერლებს, მათ მოაწერონ ხელი ამ პროექტის წინააღმდეგ.”
ნაირა გელაშვილის განცხადებაში გამოთქმულ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთად უნდა მოვიმოქმედოთ რამე გიგანტური ჰესების წინააღმდეგ, სრულიად ვეთანხმები. მეც და ბევრ ჩემს მეგობარს ( რომელთა დიდი ნაწილიც ლგბტ თემს მიეკუთვნება) ძალიან გვტკივა სვანეთის დატბორვის პერსპექტივა და საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის საკითხი იმ შედეგების თვალსაზრისით, რომელსაც ეს პროცესები ჩვენს გარემოს მოუტანს. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალბატონი ნაირას განცხადება გულში მაინც სიმწარეს მიტოვებს. 

საქმე ის გახლავთ, რომ 17 მაისის შემდეგ, შემთხვევით (აბა კავკასიას მე არ ვუყურებ :) ) შევიტყვე იმის შესახებ თუ რა ისაუბრა ნაირა გელაშვილმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში დატრიალებული ამბების თაობაზე. გადაცემის ნახვის შემდეგ, ცხადი გახდა ჩემთვის, რომ მან  დომინანტურ დისკურსს აყოლა ამჯობინა და "მიუხედავად იმისა, რომ დაგმო ძალადობა" ბრალის დიდი წილი მაინც ლგბტ ადამიანებს შემოგვტენა. უფრო მეტიც, თავისათვის ესოდენ საძულველ პრეზიდენტს 17 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც კი მოუწონა, აქაოდა გლოვის დღეები იყო და რა დროს გეი აღლუმიაო.
 რამდენად გამართლებული იყო პატარა ჯგუფის მიერ რაღაც აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად წინა დღეს მიდიოდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია...
 ციტატა პრეზიდენტის პასუხიდან ტაბულას შეკითხვაზე 17 მაისის მოვლენების შესახებ. 

ნაირა გელაშვილმა აქუბარდიასთან საუბარში კიდევ ერთი რამ თქვა, რამაც დამზაფრა:
შენ რომ ამბობ რომ მე მაქვს უფლება და ამ უფლებას ვიყენებ, ეს არის ძალიან პრიმიტიული და საშიში მსჯელობა. ეს არის ფორმალური ლოგიკა და ფორმალური ლოგიკა არის საშიში და დამღუპველი, იმიტომ რომ რეალობას ის არ შეესაბამება და აფეთქებსდა შენი უფლების გამოყენება სულაც არ არის უმაღლესი ღირებულება და უმაღლესი მოვლენა ამ საზოგადოებისა და ხალხის ცხოვრებაში. როდესაც იცი და თუ არ იცი, ესე იგი დაბალი ცნობიერების ადამიანი ხარ. როდესაც იცი და უნდა იცოდე რა ხდება. ორი თვე ხალხს ეუბნებიან, რომ გეი აღლუმი უნდა გაიმართოს და სპეციალურად, დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო სპეციალურად, და მე პირადად; მე პირადად რომელიც ყველანაირი ტოლერანტობის მომხრე ვარ ამ ქვეყნად და ვერ ვიტან ვერანაირ სისასტიკეს და ჩაგვრას, ასეთი საზიზღრობა არ მინახია რაც გეი აღლუმი არი. რაც მე ტელევიზიით მინახია ეს არის გულის ამრევი! და არავინ არ არის ვალდებული ის მოეწონოს და აიტანოს! ხო მართალია?”
ვზივარ ახლა მე "რადიკალი და მაქსიმალისტი" და ვკამათობ ადამიანებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებებსა და მიმღებლობა–მიუღებლობის საკითხში სელექციურობის ვერ ატანა ჩემი დანაშაული და პრობლემაა. არადა, ქალბატონ ნაირას აზრად არ მოსვლია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ის თუ "ორი თვის განმავლობაში" რატომ ასაღებდა მედია სხვადასხვა სასულიერო და საჯარო პირთან ერთად ჩვენს მიერ დაგეგმილ დემონსტრაციას "გეი აღლუმად", მაშინ როცა პრინციპულად და გაცხადებულად ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრაიდის ჩატარებას არ ვაპირებთ? მაშინ, როცა ჩვენს მიერ არჩეული პროტესტის ფორმა ცნობილი იყო საზოგადოებისათვის?

კი, იდეაში, უნდა მიხაროდეს ნებისმიერი საჯარო პირის მიერ, მწერალი იქნება ეს თუ პოლიტიკოსი, გაკეთებული მოწოდება სამოქალაქო აქტივობისაკენ ( სასურველია ქმედებით გამყარებულიც იყოს), მაგრამ აქვე მიჩნდება შეკითხვა: მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოში ბავშვების შიმშილობას და შიმშილით სიკვდილს ვუცხადებთ პროტესტს, ვეწინააღმდეგებით მუსლიმი მოსახლეობის ჩაგვრას, ვყვირით იმაზე, რომ რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენია და ერთად უნდა ავაწყოთ სისტემა, რომელიც ყველასათვის იმუშავებს,  რატომ ამჯობინებენ სხვები მაინც დათქმებით გაემიჯნონ ჩვენზე განხორციელებულ ძალადობას?.. აქაოდა უმრავლესობის ზნეობრივ ღირებულებებსა და უფლებებს ვლახავთ. 

და სად არის თქვენი უმრავლესობა, როცა საქმე საქართველოში სოციალურ პრობლემებს ეხება?

ამის შემდეგ, სავსებით ლოგიკურად ჩნდება მეორე შეკითხვა: აი, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ უნდა მოვიქცე იმ ადამიანთან მიმართებაში, რომლის აზრსაც ბევრ საკითხში შეიძლება დავეთანხმო და რომელსაც დეკლარირებულადაც ამოვუდგებოდი გვერდში, რომ არა ერთი პატარა დეტალი -  ეს ადამიანი მთავაზობს, რომ ჩუმად ავლოკო და ჩავყლაპო მისი ფურთხი ჩემივე სახიდან. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის გახლავთ, რომ ქართველებმა საჯარო სივრცეში მოქცევა-ლაპარაკის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ვერ გავითავისეთ. ქალბატონი ნაირა ალბათ ვერ აცნობიერებს, ან არ სურს გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ მაგალითად მოზარდი, რომელსაც მისი წიგნები აქვს წაკითხული და უყვარს შეიძლება ამავე დროს ღრმა დეპრესიაში მყოფი (ან მისკენ მიმავალი) გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი ან/და ტრანსგენდერი იყოს. მას ალბათ არ უფიქრია იმაზე, რომ ამ მოზარდისთვის მის აზრს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს და საკუთარი უუფლებობის ასეთი გამართლების მოსმენამ შეიძლება საბოლოოდ ჩააქნევინოს საკუთარ თავზე ხელი. ასევე არ უფიქრია ქალბატონ ნაირას იმაზე, რომ მშობელი, რომლისთვისაც ქალბატონი ნაირას აზრი შეიძლება ავტორიტეტული იყოს (ავტორიტეტები ქართულ რეალობაში კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა), თავის გეი, ლესბოსელ, ტრანსგენდერ შვილს, დიახაც წაიყვანს უნამუსო მატყუარა ფსიქოლოგთან "სამკურნალოდ", დიახაც გამოკეტავს სახლში.დიახაც დაჩაგრავს. გასაგებია, რომ მხოლოდ ნაირა გელაშვილისთვის გლობალურად ასეთი როლის მინიჭება აბსურდია, მაგრამ გამოდის, რომ ის სხვა საჯარო პირებთან ერთად ქმნის და ასაზრდოვებს ჰომოფობიურ დისკურსს ქართულ საზოგადოებაში. 

ამ თვალსაზრისით გული ვერ დამწყდება რეზო ამაშუკელზე, ძიძიგურზე, თუნდაც საგანელიძეზე, მათ სწორედ ასეთი საზოგადოება აწყობთ, სადაც ადამიანები ერთმანეთზე წიხლით არიან შემდგარნი. იგივე უნდათ ძველი მთავრობის მესვეურებსაც, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკურ უმცირესობაში აღმოჩენის შედეგად დაიწყეს ღიად მეგობრული განცხადებების გაკეთება ჩვენი მისამართით. მაგრამ ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესნი არიან ადამიანები, რომლებიც ცალი ხელით ძალადობას გმობენ და ემიჯნებიან, მეორე ხელით კი თავის ნააზრევს ავრცელებენ, რომელიც იგივე ძალადობას უმზადებს ნიადაგს. უარესნი არიან ადამიანები, რომლებიც ამ მანკიერ წრეს კრავენ ჩვენ საზოგადოებაში. უარესნიც არიან და ბევრნიც. 

და აი აქაც, მაქსიმალისტი ისევ მე გამოვდივარ, ისევ მე მეტყვიან, რომ ჩემი არსებობითა და უფლებების მოთხოვნით საზოგადოებას ვაღიზიანებ, ისევ გვეტყვიან ყველას, რომ უნდა "გავუგოთ" და უნდა "ვაპატიოთ" და, რომ "ეს ადვილი არ არის" ... ამასობაში კი ჩემი ცხოვრება გადის ... ჩემი მეგობრების, საყვარელი ადამიანების ცხოვრებაც გადის. და ეს ცხოვრება გადის აურაცხელი სისაძაგლეების მოსმენაში და არცერთ თქვენგან აზრადაც არ მოუვა დაფიქრდეს, როგორია ნეტა ამის ატანა? ყოველდღე... ამიტომ მაინტერესებს, როდემდე უნდა იყვნენ სხვები "ჩვენზე უფრო თანასწორები"?



აქვე, რახან მწერლებზეა ლაპარაკი (და რახან კარგით დავიწყე და კარგი იქნება ასევე დავამთავრო) მაინც დადებით ჰანგზე დავამთავრებ და აღვნიშნავ, რომ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მწერალმა ლგბტ ადამიანებს მიუძღვნა თავისი წარმატება, 2013 წელს მოხდა. თამთა მელაშვილის მოთხრობამ  "ის დღე" - რომელიც ქამინაუთს და დედასა და გეი შვილს შორის ურთიერთობას ეხება - მეორე ადგილი დაიკავა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ყოველწლიურ კონკურსში "წლის 15 მოთხრობა". მიღებული ჰონორარი თამთამ ორგანიზაცია "იდენტობას" გადასცა 17 მაისს (და შემდეგ) ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო დახმარებისთვის. 

იმედს ვიტოვებ, რომ ის პრეცედენტი, რომელიც თამთამ და გიორგიმ შექმნეს, შემდგომში უფრო სისტემატურად განმეორდება და ერთ დღესაც "უჩვეულოდ" აღსაქმელი მოვლენა აღარ იქნება.

Comments