პროტესტი, როგორც პასუხისმგებლობა

ბოლო რამდენიმე კვირაა ძალიან ინტენსიურად ვფიქრობ პროტესტზე, მის ფორმებზე და მიმართულებებზე, რომელსაც ჩემს (და სხვის) მიერ წამოწყებული რეაქცია სხვების ხელში იღებს.



ამაზე, სიმართლე გითხრათ, ისევ ჩემმა ინიცირებულმა პროტესტმა დამაფიქრა ნაირა გელაშვილის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით (და არ გაგიკვირდეთ, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის აქტუალობა არ დაუკარგავს). მართალია, პრინციპულად ვთვლი, რომ საჯარო პირებს ჰომოფობია და ქსენოფობია არ უნდა "ვაპატიოთ" და გავახსენოთ ხოლმე, მასაც და სხვებსაც  - სურათის სისრულისათვის და ცოტა რეალობასთან ახლოს რომ დავრჩეთ - ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ძალიან უცებ) ისეთი ამბავი დაიწყო, რომ გახსენებაზე ახლაც მაჟრიალებს. 

ისევე, როგორც ერთის მხრივ, მიჭირს ადამიანის ჰომოფობიურ დამოკიდებულებებზე თვალები დავხუჭო და რაღაც სხვა "კარგში" ავუბა მხარი, ასევე არ შემიძლია სხვის ჰომოფობიაზე და ქალთმოძულეობაზე ქილიკის მოსმენა ისეთი ტიპებისგან, რომლებსაც წარსულში საჯარო ჰომოფობია გაუმართლებიათ და უთქვამთ, რომ ჰომოფობები ლამის მოფერებით უნდა "მოვიყვანოთ ჭკუაზე" ...  ან ისეთებისგან, რომლებიც თვლიან (და განუცხადებიათ), რომ ქალს თუ თავის დასაწვავად ბენზინის საყიდელი ფული აქვს, მაშინ "ისეთი" გაჭირვებულიც არ ყოფილა (და ნუ, ჯანდაბასაც წაუღია) ... და არც ისეთების გეი-მეგობრულობისა და გენდერული მგრძნობელობისა მჯერა, ვინც [რედაქტორიცა და ჟურნალისტიც] მიზანმიმართულად ახდენს თავის გამოცემაში ქალების და ლგბტ პირების მარგინალიზაციას ...

აქამდე ეგეთ რაღაცეებზე, სამუდამოდ გაჩუმების სურვილი მიჩნდებოდა ხოლმე (რასაც მაინც ვერასოდეს ვახერხებდი), ან ძალიან ხმამაღალი გინების ... თუმცა ახლა უფრო ქმედითი გზების მოძებნა გადავწყვიტე ... მეგობარმა (ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილმა) მირჩია, გადაწყვეტის გზა და შემდგომი ნაბიჯებიც შენვე უნდა წარმოადგინო, როგორც პროტესტის განუყოფელი ნაწილი და სხვებს არ დაუტოვო, თორემ რა საბოლოო სახეს მიიღებს შენს მიერ წამოჭრილი აზრი თუ საპროტესტო ინიციატივა, ვეღარ გააკონტროლებო. ამაზე დიდხანს ვიფიქრე და დავასკვენი, რომ, მართლაც, ერთადერთი ყველაზე კარგი გამოსავალია, რომელიც საშუალებას მომცემს გავმიჯნო ჩემი პროტესტი სხვების ცარიელი ქილიკისგან და ღლიცინისგან - ასე თავს აღარასოდეს დავიმცირებ. 

მოკლედ რომ შევაჯამო, ამ პროცესმა (სხვების საუბრებისა და საკუთარი თავის ანალიზმა) ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა - პროტესტი პასუხისმგებლობაა, რომლის მხრებზე მოსაკიდებლადაც მხოლოდ გულანთებულობა და რეაგირების სურვილი არ კმარა. 

Comments