"შებრაწული მწვანე პომიდვრები" (ნაწილი #2)

გამჩენი როცა არ მასვენებს სამი ვარიანტი მაქვს .. არა, ოთხი: ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა", ფილმი "საუზმე ტიფანისთან", ტოლკიენის რომელიმე წიგნის აუდიო ვერსია ან ეკრანიზაცია და ფანი ფლეგის "შებრაწული მწვანე პომიდვრები" - წიგნი ან ეკრანიზაცია. 

წინა პოსტში ვთქვი, რომ წიგნის აუდიო ვერსია მქონდა მოსმენილი (თან რუსულად), ვალდებული ვარ აღვნიშნო, რომ ამასობაში თავს პატივი ვეცი და ორიგინალი გამოვიწერე. დიდხანს მედო მაგიდაზე, შავი დღისთვის ვინახავდი და ბოლოს ეს შავი დღე დადგა (და ორ თვეს გაგრძელდა) ამიტომ წიგნი ავიღე და ორ დღეში ვშთანთქე (ისიც იმიტომ, რომ თავს ვაძალებდი ცოტა ნელა წამეკითხა). 

სანამ  კითხვას გააგრძელებდეთ: პოსტი შეიცავს სპოილერებს! თუმცა ეს ისეთი სპოილერებია, რომლების მერეც თითოეული ლესბოსელი, რომელიც თავს პატივს სცემს, წიგნს შეიძენს ან გადმოწერს და წაიკითხავს ^_^






მიუხედავად იმისა, რომ ახლა სწორედაც რომ გამჩენი არ მასვენებს და ფილმი მაქვს ფონად ჩართული, ვალდებული ვარ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჰოლივუდი სავსეა ჰეტერონორმატიული ბასტარდებით (თან 90-იანებში), რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს იმისათვის, რომ წიგნში საკმაოდ მკაფიო (თუმცა საკმაოდ ფრთხილად აღწერილი) სასიყვარულო ურთიერთობები იჯისა და რუთს შორის ნაკლებად ხილვადი გაეხადათ ისევე, როგორც იჯის გამოკვეთილად არაფემინური გენდერული იდენტობა:

1) ფილმის მიხედვით იჯი უფროსი ძმის, ბადის სიკვდილის შემდეგ ტოვებს სახლს და ტყე-ტყე დაეხეტება ისე, რომ მხოლოდ დიდ ჯორჯს შეუძლია მისი პოვნა. წიგნის მიხედვით ეს ყველაფერი არა ბადის სიკვდილის შემდეგ ხდება, არამედ მას შემდეგ, რაც რუთი უისლ სტოპს ტოვებს, რათა ფრენკ ბენეტს გაყვეს ცოლად. 

2) ფილმის მიხედვით ბადი შეყვარებულია რუთზე. წიგნის მიხედვით ბადის რუთი კი არა ევა უყვარს, რომელიც მდინარის პირას ცხოვრობს და რომელსაც, როგორც წიგნში დისკრეტულად არის ნათქვამი "ბევრ კაცთან ჰქონია ურთიერთობა". უისლ სტოპის მოსახლეებს შეიძლება ევას "ზნეობა" არ მოწონდათ, მაგრამ წიგნში ამაზე ხაზი არაა გასმული. ბადის კი ევა გულწრფელად უყვარს და ოცნებობს მის ცოლად მოყვანაზე. რა თქმა უნდა, ევას ძალიან გაუჭირდება ბადის სიკვდილის გადატანა. 

3) ფილმის მიხედვით იჯის რუთი უყვარდება ბადის სიკვდილის შემდეგ. მან იცის, რომ რუთი ბადის უყვარდა და შესაბამისად, რადგანაც ძალიან რთულად გადააქვს ძმის სიკვდილი, თითქოს მის სუროგატად იქცევა. ინარჩუნებს მასკულინურ როლს, რომელსაც ბადი ახალისებდა და რუთის დაცვისა და სიყვარულის ფუნქციასაც ითავსებს - რაც ბადის უნდა გაეკეთებინა, ცოცხალი რომ დარჩენილიყო. წიგნში რუთის და იჯის სიყვარული თრედგუდების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიისგან სრულიად დამოუკიდებლად იწყება. 

4) იჯის მასკულინობა უფრო გამოკვეთილია წიგნში, ვიდრე ფილმში. წიგნში არის ეპიზოდი, როდესაც იჯი გაიგებს, რომ ფრენკ ბენეტი რუთს სცემს. ის შეუვარდება ფრენკს სადალაქოში და მოკვლით დაემუქრება. მას მერე რაც იჯი კარს მიიჯახუნებს, დალაქი ფრენკს მიუბრუნდება და ეტყვის "ეს ბიჭი ალბათ გიჟია!". ფილმში იჯი იზრდება და ცოტა ფემინურიც კი ხდება - რუთი მის მორჯულებას ახერხებს. 

5) წიგნის წაკითხვა იმ მნიშვნელოვანი ფემინისტური პასაჟების გამოც ღირს, რომლებიც ეველინ ქაუჩის ერთის შეხედვით შეუმდგარ ცხოვრებას და სხვა პერსონაჟებს ეხება. 

მიუხედავად ზემოთქმულისა ფილმი მაინც კარგია. მსახიობები შესანიშნავადაა შერჩეული და კარგადაც თამაშობენ,  თუმცა არ ვიცი ფენი ფლეგი (რომელიც ეპიზოდურ როლს თამაშობს ფილმში) როგორ დათანხმდა თავისი წიგნის მნიშვნელოვანი იდეების ასე დამახინჯებას. 

ზოგადად ეს წიგნი არის სიყვარულზე, თანაგანცდაზე და ნამდვილ თანადგომასა და სიმპათიაზე. ღირს. წაიკითხეთ. 



Comments