პოლიამორულობა: ცოტა რამ მითებსა და რეალობაზე


სიტყვა პოლიამორულობა/პოლიამორული (polyamory/polyamorous) ჩემ ლექსიკონში დაახლოებით სამი წლის წინ გაჩნდა, მაშინ, როცა საკუთარ თავთან ვაღიარე, რომ შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ხშირად პარალელურად განვიცდიდი ერთზე მეტი ქალის მიმართ ლტოლვას. თუმცა პოლიამორულობა კიდევ უფრო სპეციფიკურია და, მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც ადამიანს ერთდროულად ორი ან მეტი რომანტიკული ურთიერთობა აქვს და ამის შესახებ ყველა ჩართულმა პირმა იცის.







როდესაც მეგობრებსა და ნაცნობებში ინტერესის გამო ამ საკითხის წამოჭრა დავიწყე, სასწაულად კონსერვატიულ რეაქციებს წავაწყდი. აღმოჩნდა, რომ ჩემ გარშემო ბევრი ადამიანისთვის რთული გასაგები და მისაღებია ის ფაქტი, რომ შეიძლება ერთზე მეტი ადამიანი გიყვარდეს ერთდროულად. საბოლოო ჯამში, თითქოს ისე გამოვიდა, რომ ბევრი ლესბოსელი თუ ბისექსუალი ქალი, უფრო "ნორმალურად" მიიჩნევს პარტნიორის ღალატს მის ზურგსუკან (რასაც მერე მთელი დრამა და ტრაგედია მოყვება ხოლმე), ვიდრე იმას, რომ ორი ან მეტი ღია ურთიერთობა გქონდეს, სადაც ღიად ჩადებდი შესაბამის ემოციურ თუ სხვა რესურსს.  ამის ნაცვლად ჯერ კიდევ ხშირია "სერიული მონოგამიის" შემთხვევები, როდესაც მომავალ პარტნიორთან კავშირი წინ უსწრებს უკვე არსებულ პარტნიორთან დაშორებას (რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებლობად მიიჩნევა).   აქვე, რა თქმა უნდა, ერთგულების საკითხიც ისმებოდა - კიდევ ერთხელ დავინახე რომ ერთგულებად მხოლოდ ერთ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობის ქონაა მიჩნეული. არადა, ერთგულება რეალურად წესების, დაპირებების და აღებული პასუხისმგებლობების პატივისცემა და დაცვაა, იმის და მიუხედავად, თუ რამდენ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა. სავსებით შესაძლებელია ერთდროულად სამი ადამიანის ერთგული იყო.

კონსერვატიულობა პოლიამორულობასთან დაკავშირებით, სინამდვილეში, არაა გასაკვირი. კულტურაში, სადაც მულტფილმებით დაწყებული და ჰოლივუდის ბლოკბასტერებით დამთავრებული ყველაფერი გვაჩვენებს მონოგამური სიყვარულის "უპირატესობას" და "უზენაესობას", მედია, სკოლა, ეკლესია და ნუკლეარული ოჯახი კი ამ მითის კვლავწარმოებას ახორციელებს,  ძალიან რთულია პოლიამორულობა მიიღო - თუნდაც საკუთარ თავში (რამდენიმე წლის წინ მეც ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ მონოგამი ვარ).

დღეს მე პოლიამორულ ურთიერთობაში ვარ. ჩვენი "თანავარსკვლავედი" (როგორც პოლიამორულ ურთიერთობაში შემავალ ადამიანებს წყვილის ნაცვლად ეძახიან)  შედგება ჩემგან და ჩემი ორი პარტნიორისგან, რომელთაგანაც ერთთან უკვე მეხუთე წელია ერთად ვარ, მეორესთან კი მესამე.  როდესაც საკუთარ თავს უფლება მივეცი მეორე (ქრონოლოგიურად და არა ღირებულების და მნიშვნელობის თვალსაზრისით) ურთიერთობა დამეწყო, რამდენიმე მეგობარს ვუთხარი, რომელმაც ძალიან კარგად მიიღო ეს ფაქტი, შემდეგ კი გადავწყვიტე სხვებთანაც მეთქვა. თუკი მანამდე თეორიული დისკუსიები გვქონდა, ახლა ეს საუბრები კონკრეტულად მე და ჩემს ურთიერთობებს ეხებოდა, ამიტომ საკმაოდ მტკივნეულად აღვიქვამდი იმ შეკითხვებს, რომლებსაც ადამიანები მისვამდნენ იმის გაგონებაზე, რომ ორი პარტნიორი მყავდა:

- კი მაგრამ, მაინც რომელი გიყვარს უფრო? (სიყვარული მეტისმეტად სუბიექტური რამაა, და ჩემთვის დიდად არის დამოკიდებული კონკრეტულ ინდივიდსა და ჩემ შორის ურთიერთქმედებაზე, ამიტომ მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედარება, სრულ სისულელედ მიმაჩნია.)
- რამე რომ მოხდეს პირველს რომელს დაურეკავ? (რიგითობის თავისთავად მნიშვნელოვნებასთან გაიგივება არის ასევე მორიგი პატრიარქალური ნონსენსი.)
- ერთად გექნებათ სექსი? (პოლიამორული ურთიერთობები ავტომატურად არ გულისხმობს სექსს სამში, ოთხში და შვიდში :) მაგალითად, ჩემთვის, სექსი არის ადამიანთან სიახლოვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება და ვთვლი, რომ აქ ორი მონაწილე სავსებით საკმარისია. ჩემმა პარტნიორებმა თავისი საქმისა თვითონ იციან)
- იმათაც რომ ყავდეთ თავ-თავისი პარტნიორები, დავიჯერო არ იეჭვიანებ? არ გაუტრაკებ? (ეჭვიანობისგან არავინ და არასოდეს არ არის დაზღვეული. მნიშვნელოვანი ისაა, როგორ ვუდგებით ეჭვიანობას, ვისზე ვაკეთებთ ჩვენი ნეგატიური განწყობების პროექციას და რამდენად ვიღებთ/ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანი არ შეიძლება მეორე (ან მესამე :) ) ადამიანის საკუთრება იყოს. მით უფრო, რომ ეჭვიანობა არა ერთი ემოცია, არამედ ემოციების კომპლექსია, და შეიძლება ჩვენი დაბალი თვითშეფასების, შიშების, შფოთვის და ბევრი სხვა რამის გამოძახილი იყოს)

ზემოთჩამოთვლილი პასუხების შემდეგ, მაინც შემდეგი დასკვნა კეთდებოდა ხოლმე:
- არა, გავა დრო და შენ თვითონ მიხვდები, რომელი გიყვარს უფრო. ამას ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები.

როდესაც ორ პარტნიორს მესამეც დაემატა, ადამიანებმა თვალის ჩაპაჭუნება და "ვაუ"-ების ძახილი დამიწყეს. ამის საპასუხოდ დებილივით ვიღიმოდი და არ ვიცოდი რა მეთქვა. ჩნდებოდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა ჰარამხანა და სულთანი (ამას კი ვაპროტესტებდი). საკმაოდ ნერვებისმომშლელი იყო ის ფაქტი, რომ ჩემ გარშემო მყოფებისთვის პოლიამორულობა ჩემი მასკულინური იდენტობის (რომელიც არც უკითხავთ მაქვს თუ არა), ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "ჯიგიტობის" გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. და ეს მაშინ, როდესაც ბევრი მათგანი საკუთარ პოლიგამურობას დასაშვებად მიიჩნევდა, პარტნიორს კი უკიდურესად მესაკუთრეობრივად უდგებოდა ხოლმე.

ორთაგან არცერთი ჩემი პარტნიორი არ არის მონოგამი. არამონოგამურობის ბევრი ფორმა არსებობს გარდა პოლიამორულობისა, მე ჩემი ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე სწორედ ამ სიტყვას ვირჩევ, ისინი არა. ეს კიდევ უფრო დამაბნეველია ასეთი ტიპის ურთიერთობებს მიუჩვეველი ადამიანებისთვის.ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ ხშირად გაუგებარობას იწვევს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მკითხონ (რაშიც არაფერი ცუდი ან უხერხული არ არის) ადამიანები მაინც სათავისო დასკვნებს აკეთებენ. მოცემულ მომენტში ჩემს მეორე (ასევე, ქრონოლოგიურად) პარტნიორთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე პირველთან. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ჩემი და ჩემი ორივე პარტნიორის ხასიათები, ტემპერამენტში განსხვავება, საჭიროებები და ასე შემდეგ. მას შემდეგ რაც ბევრჯერ დაისვა შეკითხვა იმის თაობაზე, დავშორდი თუ არა ჩემ პირველ პარტნიორს, ან ის დამშორდა თუ არა, და ამ შეკითხვებს სათანადო პასუხი გაეცა, მაინც ისე ხდება, თითქოს თემისთვის უხერხულია ჩვენ სამის ერთ სივრცეში აღმოჩენა - აქაოდა, რა იცი რა ხდება.

ეს ალბათ იმ სტერეოტიპიდანაც გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც პოლიამორულ ურთიერთობაში ყველას თანაბარი დრო და ყურადღება უნდა ეთმობოდეს. ეს შეუძლებელია სწორედ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება. ჩემ შემთხვევაში ჩემი პირველი პარტნიორი უკიდურესად აფასებს საკუთარ პირად სივრცეს და მარტო გატარებულ დროს, მეორეს კი უფრო მეტად უნდა, რომ მისი ყოველდღიურობის თანაზიარი ვიყო. პოლიამორული ურთიერთობების მთავარი ამოცანა ალბათ ყველასათვის მისაღები ბალანსის პოვნაა.

რატომ არის ჩემთვის პოლიამორულობა მნიშვნელოვანი? მე მიყვარს მრავალფეროვნება, მიყვარს ქალები და მათთან ახლო კონტაქტი, მიყვარს ფლირტი. ფლირტის გარეშე თავს ცოცხლად ვერ მივიჩნევ. თითოეული ახალი ადამიანი (ქალი) რომელსაც შეიძლება გავეფლირტაო, რომლის მიმართაც შემიძლია ემოციური და სექსუალური ლტოლვა ვიგრძნო, მამდიდრებს და თავს უფრო სრულყოფილად მაგრძნობინებს. რეტროსპექტივაში რომ დავაკვირდეთ, თითოეულ ჩვენს წარსულ პარტნიორთან სხვადასხვანაირები ვიყავით, ზოგთან ძლიერები, ზოგთან სუსტები, ზოგთან ძალიან აქტიურები, ზოგთან  ძალიან მოშვებულ/მოსვენებულები. პოლიამორულობის ხიბლიც სწორედ ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის სხვადასხვა მხარის რეალიზაცია ერთდროულად მოვახდინოთ ადამიანებთან ურთიერთქმედებაში.

ბუნებრივია, ყველაფერი ასე სრულყოფილი, მარტივი და თეთრი და ფუმფულა არ არის. ზემოთ რომ ბალანსი ვახსენე, მისი პოვნა არის ძალიან რთული. მე ამ სირთულეებთან გამკლავებას საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და ეს სწავლა ალბათ არასოდეს დამთავრდება.  ურთიერთობებზე (როგორც პოლიამორულზე ისე მონოგამურზე) მოქმედებს ბევრი რამ: ახალი პარტნიორის გამოჩენა (ჩემ შემთხვევაში, მესამე პარტნიორთან ურთიერთობაში "არაპროპორციულად" ბევრი ემოციური რესურსი ჩავდე. დაშორების შემდეგ ამან სრულიად ამომაგდო კალაპოტიდან, ჩემი დეპრესიის ერთ-ერთ მიზეზად იქცა, და ცოტა ხნით გვერდზე მომატოვებინა პირველი ორი ურთიერთობა), მატერიალური პრობლემები (მაგალითად, როდესაც თანავარსკვლავედში იმ სივრცის ნაკლებობაა, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ განმარტოვდნენ ( ჩვენ კი, ეკონომიკური და კულტურული ბარიერების გამო, ხშირად ლამის სიბერემდე მშობლებთან ვცხოვრობთ), ჰომოფობიური საზოგადოება (ეს ზოგადად საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი წყვილების დიდი პრობლემაა. საჯარო სივრცეში სითბოს გამოხატვის შეუძლებლობა, მუდმივი სიფრთხილე და სტრესი იმისა, რომ ვინმემ არ გაიგოს, იმას ნიშნავს, რომ საკუთარი გრძნობის რეალიზებას სრულად ვერცერთ პარტნიორთან ვერ ახერხებ). ამას ემატება მეგობრების, თემის მხრიდან პოლიამორული ურთიერთობების გამუდმებული კრიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, ადამიანებს ამას ნაკლებად უზიარებ, რადგან გეშინია, რომ იტყვიან ან იფიქრებენ "აი, ხო ვამბობდი, რომ არ მუშაობს ეს პოლიამორულობა."

ძალიან მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მცდარია შეხედულება იმის თაობაზე, თითქოს პოლიამორულ ადამიანებს პოლიამორულობა ურთიერთობის ერთადერთ სწორ ფორმად მიგვაჩნია. შეიძლება არიან ასეთებიც, თუმცა ბევრი ჩვენგანის გადმოსახედიდან, მთავარი ის კი არ არის ურთიერთობების რა ფორმას აირჩევ, არამედ როგორ ირჩევ. ირჩევ იმიტომ, რომ კულტურა და საზოგადოება გკარნახობს? თუ ირჩევ პარტნიორთან/პარტნიორებთან მოლაპარაკების და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. არ არსებობს ურთიერთობების რეცეპტი. არცერთი პოლიამორული ან მონოგამური ურთიერთობა არ არის ერთმანეთის იდენტური. მონოგამიის და არამონოგამიის მრავალი აღქმა და ფორმა არსებობს. მნიშვნელოვანია ჩვენ შეგვეძლოს ჩვენთვის მისაღები ფორმა ვიპოვოთ ისე, რომ ამას სისტემა არ გვკარნახობდეს.





Comments

  1. აუტანლად რთული თემაა...შეიძლება ითქვას შემაწუხებელი :( მსგავსი მდგომარეობაში ვარ და დღემდე ვერ შევუთანხმდი ჩემს თავს .

    ReplyDelete
  2. აღფრთოვანებული ვარ ამ პოსტით.

    ვფიქრობ გადავაშეარო ჩემს სოც ქსელებზე, ამოვბეჭდო და გარშემომყოფებს დავურიგო, ლამის ქალაქში ბანერებად გამოვაკრა ♥♥♥

    მიხარია რომ წერ და რომ წერ ასეთ თემებზე

    იმედი მაქვს ერთ დღეს შემთხვევით მაინც გადაგაწყდები სადმე, გაგიცნობ და ამოგიცნობ კიდეც....

    რამდენი ბევრი საინტერესო რამის გაგებას და მოსმენას შევძლებდი <3 რასაც ახლა სანამ ცხვირით არ წამოვეცმები მანამდევერ ვიგებ და ვსწავლობ და ვიაზრებ.

    ♥♥♥

    ReplyDelete
  3. მადლობა ორივეს კომენტარისთვის <3 <3 <3 მეც ასე ვსწავლობ საკუთარ წატეხილ ცხვირზე რაღაცეებს და ამიტომ მიყვარს ადამიანებთან აზრის გაზიარება, ერთმანეთისგანაც შეიძლება ვისწავლოთ <3

    ReplyDelete
  4. ჰოდა ამოცნობას და ცნობას რაც შეეხება, თუ რა თქმა უნდა არ გინდა, რომ მისტერიის შეგრძნება დაიტოვო, მეილზე მომწერე (pinkillumination@gmail.com) და ჩემი ფეისბუკის ლინკს მოგცემ :დ

    ReplyDelete
  5. ძალიან სწორად, გასაგებად და საინტერესოდ წერია!

    ერთ-ერთი შეუგნებელი დამოკიდებულება რაც უჩნდებათ არის რომ თუ პოლიამორული ხარ ე.ი. "სექსი არალი პრობლემა არავისთან", დაახლოებით ისე თუ ქორწინებამდე სექსი გაქვს ე.ი. "ყველას აძლევ ვაფშე".

    რთულად ან საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გიყვარდეს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად.არადა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა როდესაც "შეგვიძლია საკუთარი თავის სხვადასხვა მხარის რეალიზაცია ერთდროულად მოვახდინოთ ადამიანებთან ურთიერთქმედებაში".

    კარგი-ცუდის კატეგორიებით შეფასებები უსწრებთ წინ მნიშვნელობებზე დაფიქრებას, არასწორი მოლოდინები უჩნდებათ და მეტწილად საკუთარ თავსვე უქმნიან დისკომფორტს, მერე ეს მოლოდინები რომ უცრუვდებათ.

    ReplyDelete

Post a Comment