Disney ლესბოსურ კონტინუუმში

ანჯელინა გაფრთხილებთ: პოსტი შეიცავს სპოლიერებს, რომლებთან გაცნობის შემდეგაც მულტიპლიკაციის, ზღაპრების და ფენტეზის მოყვარულმა, შვილიანმა (თუ გსურთ თქვენი ბავშვი სწორი ღირებულებებით გაიზარდოს) ფემინისტებმა, ლესბოსელებმა და ქუიარ ქალებმა (ისევე, როგორც ანჯელინას ფანებმა, რასაკვირველია) უნდა ნახოთ სამივე ქვემოთხსენებული ფილმი ^_^





მულტიპლიკაციური ფილმების მოყვარულ და შვილებიან ფემინისტებს გვიხაროდა 2012 წელს PIXAR-ის გმირობა, როდესაც მათ "დევიანტი" პრინცესა დაგვიხატეს ფილმში "მამაცი". მერიდამ არა მხოლოდ უარი თქვა საკუთარი ნების წინააღმდეგ გათხოვებაზე, არამედ გაბედა საკუთარი ხელისათვის თვითონვე ბრძოლა:



ფილმს რომ პირველად ვუყურებდი, მეგონა, რომ ბოლოს მაინც გააფუჭებდნენ, გაჩითავდნენ ვინმე პრინცს, რომელიც მერიდას მოაჯადოვებდა და მერე კი იცით რაც ხდება ხოლმე... ჩემდა გასაკვირად მსგავსი არაფერი მომხდარა. მერიდა დარჩა დამოუკიდებელ პრინცესად, რომელმაც ქალების მჩაგვრელი ტრადიცია დაარღვია,გააგრძელა ცხენზე ჯირითი და მწვერვალების დაპყრობა.



გავიდა რამდენიმე ხანი და ამერიკელმა მეგობრებმა ჟივილ-ხივილი ატეხეს Disney-ს ახალ მულტიპლიკაციურ ფილმ "გაყინულზე".

ამ ფილმით, ჩემი აზრით "დიზნიმ" რევოლუციური სიმაღლეები მოხსნა (წინა წლების ნაწარმთან შედარებით, ბუნებრივია). მიუხედავად იმისა რომ თავად მულტიპლიკაციამ ფემინისტების დიდი კრიტიკა გამოიწვია, რადგან პრინცესა ანა და ელზა ტიპიურ ფემინურ სტილში დახატეს. ორივე ნაზი და ფაქიზია, იმდენადაც კი, რომ პრინცესას მაჯა უფრო წვრილია ვიდრე მისივე თვალის გუგა, შინაარსობრივად "გაყინულმა" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

1) ფილმის მთავარი თემა არა უფლისწულისა და მეფის ასულის სიყვარულია, არამედ დებს შორის სიყვარული, რომელიც "გაყინულ გულსაც კი გაალღობს".

2) ელზა არ არის ტიპიური "ბოროტი" პერსონაჟი. გასაჭირში ის ადამიანების წინასწარგანწყობებმა და განსხვავებულის მიუღებლობამ ჩააგდო. მთავარი თემაც სწორედ ისაა, რომ მან მთელი თავისი პოტენციალი კი არ უნდა მოთოკოს და დამალოს, არამედ ბოლომდე გამოუშვას და აითვისოს:



3) მულტფილმი, როგორც იქნა ღალატობს "პირველი ნახვით შეყვარების" ტრადიციას და აჩვენებს, რომ ურთიერთბების აწყობას ერთ წამზე "ოდნავ" მეტი დრო მაინც ჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიბრძნეებს კაცის - კრისტოფის პირიდან ვისმენთ, პრინცესა ანა კი ცოტა "დებილად" არის გამოყვანილი, ფილმის  მიერ შემოთავაზებულ ამ სიახლეს ძალიან ვაფასებ.

4) ფილმების და მულტფილმების უმეტესობისგან განსხვავებით კოცნამდე კრისტოფი ანას ნებართვას თხოვს. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან მეინსტრიმული მედია და შოუბიზნესი სწორედ იმას გვაჩვევს, რომ კაცმა ქალს პირადი სივრცე ნებისმიერ დროს შეუძლია დაურღვიოს, ოღონდ ეს "ვნებით" იყოს ნაკარნახევი. ამას კი გენდერული ძალადობის დამკვიდრებამდე მივყავართ. მოკლედ, მეტი ასეთი მულტფილმი ხალხს!

5) ჯადოს არღვევს არა საოცნებო მამაკაცის ამბორი, არამედ დის სიყვარული, ცრემლები, ჩახუტება, გაგება და ასე შემდეგ.


6) მულწიკი სავსეა სასაცილო მომენტებით.



7) ოლაფი არის უქიარესი მულტ პერსონაჟი. თოვლის კაცი, რომელსაც უყვარს მზე და ყვავილები ... now how queer is that?! თავისი "პაჭუა" ცხვირით!



კაიჰ, მოვინელეთ ეს შესანიშნაობაც და რამდენიმე ხანში ინტერნეტში ტრიალს იწყებს ეს ორი ვიდეო:





 

რაღა დაგიმალოთ და რამდენადაც არასოდეს მყვარებია მულტფილმი "მძინარე მზეთუნახავი" (და არც თავად ზღაპარი) იმდენად ყოველთვის მიყვარდა ანჯელინა.

Maleficent ორჯერ ვნახე კინოში. ორჯერვე მარტომ (ჩემი დორბლი რომ არავის ენახა, უხერხულია ბოლოს და ბოლოს!).



მოკლედ: სპეცეფექტები კარგია, ანჯელინაც შესანიშნავად გამოიყურება და კაცები ფილმში მეშვიდასეხარისხოვან როლს თამაშობენ, გარდა დიავალისა, რომელიც ჩემთვის ასევე ქუიარ ტიპაჟია: ადამიანი-ყორანი.


თუმცა რამაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მომცელა არის ის თუ როგორ ფემინისტურად გადააკეთა "დიზნიმ" ეს ბანალურად სექსისტური ზღაპარი:

1) დაყოფა სიკეთესა და ბოროტებას შორის აღარ არის ისეთი მარტივი, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო. ამას მთელი ფილმის განმავლობაში კარგად ვხედავთ. გარდა ამისა, ეს დაყოფა ლინგვისტური თვალსაზრისითაც არის გართულებული. მიუხედავად იმისა, რომ პროტაგონისტს დასაბამიდანვე მალეფისენტი ერქვა რაც სიტყვა "ბოროტიდან" მომდინარეობს, ის კლასიკური გაგებით ბოროტი სულაც არ არის. უფრო მეტიც, ფილმის დასაწყისში მალეფისენტი კეთილი, მზრუნველი და საკმაოდ გულუბრყვილოა.


2) ფილმში საკმაოდ ძლიერი მეტაფორის მეშვეობით არის აღწერილი გენდერული ძალადობის ფაქტი. მალეფისენტს უყვარს სტეფანი, ენდობა მას, თუმცა ამ უკანასკნელს სულ სხვა ინტერესები აქვს. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ის მალეფისენტს წაართმევს ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ რამეს რაც კი გააჩნია - ფრთებს. სცენა კლასიკურია: სტეფანი მალეფისენტს ათრობს, მერე კი თავისი ზრახვები სისრულეში მოჰყავს. მალეფისენტი დილით იღვიძებს ...


ის ძალაწართმეულია. დარწმუნებული ვარ ძალადობაგამოვლილი ბევრი ქალი იცნობს ამ "ფრთაწართმეულობის" მეტაფორას. რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ჩვენზე ისინი ძალადობენ, ვისაც ვენდობით. სწორედ მაშინ, როცა ამას საერთოდ არ ველოდებით.

3) შუალედში რა ხდება იმას აღარ მოვყვები და პირდაპირ გადავალ ფილმის შემდეგ ღირსშესანიშნაობაზე: შურისძიების სურვილით შეპყრობილ მალეფისენტს ძალიან შეუყვარდება სტეფანის ერთადერთი შვილი ავრორა - გოგონა, რომელიც მან დაწყევლა. სრულიად შესანიშნავია, რომ წყევლის აღსრულების დღეს, ავრორას გადასარჩენად ცხენზე ამხედრებული ვინმე პირზე რძეშეუმშრალი უფლისწული კიარა, სწორედ მალეფისენტი მიექანება.


 4) ნუ, მალეფისენტს რომ არ დაეგვიანა, რაღა ზღაპარი გამოვიდოდა?! დააგვიანა. მერე პრინციც მოიყვანეს ყურით. სხვათა შორის ისიც დიდხანს ყოყმანობდა ეკოცნა თუ არა პრინცესასთვის, აქაოდა სძინავს და როგორ შეიძლებაო (გიფასებთ, ყმაწვილო, ნამდვილად გიფასებთ). ბოლოს აიძულეს ავრორას აღმზრდელმა ფერიებმა (ჩვენთან მამიდებმა რომ იციან ხოლმე, ისე), მაგრამ surprise surprise! არ უშველა. აქ უკვე ვეჭვობდი დიავალი ხომ არ არის მეთქი მოაზრებული ავრორას სატრფოდ (ფილმში ჩანს, ეს ყორანი როგორი სიყვარულით არის განწყობილი გოგონას მიმართ) მაგრამ "დიზნიმ" აქაც მოახერხა და ყბა დამაგდებინა. მოხდა ეს:

და ავრორამ გაიღვიძა! 

ქართველი მაყურებლის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ პირველ სეანსზე, რომელსაც დავესწარი, ამ მომენტში ტაში შემოსცხეს. ნამდვილად არ ველოდი, კურცხალიც კი მომადგა თვალზე. 


5) ყველაფერი რა თქმა უნდა ბედნიერად სრულდება, თუმცა აქაც მეტაფორულად: ავრორა მალეფისენტს უბრუნებს ფრთებს. 




 ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: ძალადობა არ უნდა იყოს დასასრული. ძალადობაგამოვლილ ქალს შეუძლია კვლავ დაიბრუნოს თავისუფლება და ძალა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ "ფრთების" დაბრუნებაში ერთმანეთს სწორედ ქალები დავეხმაროთ.

ეს ფემინიზმი ხო კაი, მაგრამ სადაა აქ ლესბოსელები იკითხავთ თქვენ. პასუხი ძალიან მარტივია - "დიზნის" ბოლო ორი ფილმი შეიძლება ჩავსვათ ედრიენ რიჩის "ლესბოსურ კონტინუუმში". რიჩის აზრით ნებისმიერი სახის კავშირი ქალებს შორის იმის და მიუხედავად აქვს მას სექსუალური ასპექტი თუ არა, თავისთავად ლესბოსურ კავშირს წარმოადგენს. ამ იდეას ვეთანხმები, რადგან ვიცი, როგორი განსაკუთრებული ემოციური და სოციალური კავშირი შეიძლება ქალებს ერთმანეთთან გვქონდეს.

როგორც მალეფისენტი იტყოდა


Comments

  1. დიდი ხანია ამ ბლოგს ვკითხულობ და ძალიან მიყვარს აქ შემობოდიალება.

    ამ პოსტა კი საერთოდ გონება დამაკარგინა <3 <3

    როდესაც სხვადასხვა რამეებზე ასეთ ანალიზს და აზრს ვდებ ხოლმე ცერად მიყურებენ, ხოდა კარგია იმის ცოდნა რომ მარტო მე არ აღვიქვამ ამ ყველაფერს ასე : ) და იმის ცოდნაც რომ სხვები ცდებიან <3

    მადლობა ♥

    ReplyDelete
  2. ძალიან მიხარია, რომ მოგწონს/მოგეწონა. ამ პოსტის წერამ (ნუ რა დიდი წერა მაგას უნდოდა მარა მაინც :) ) ძალიან მძიმე მომენტი გადამალახინა და რაღაც სიმყუდროვის გრძნობა დამიბრუნდა. და ძალიან მიხარია, რომ მარტო მე არ "ვდებ" ასეთ დასკვნებს, თორემ ხანდახან მეჩვენება, სხვები ვერ ხედავენ. <3

    ReplyDelete

Post a Comment