ისტ ენდის ალქაჯები და ჯულია ორმუნდის პირველი ლესბოსური კოცნა ეკრანზე

სერიალი "ისტ ენდის ალქაჯები"  შემთხვევით აღმოვაჩინე - ყველაფერი დანარჩენი, რასაც ვუყურებ საზაფხულო შესვენებაზეა გასული ან შემდეგ სეზონამდე არ განახლდება, და ამიტომ შუალედურ გასართობს ვეძებდი. ეს სერიალი ჯერ მხოლოდ მეორე სეზონზეა და მისი ყურება, სიმართლე ვთქვა, უფრო  ჯულია ორმუნდის ხათრით დავიწყე, ვიდრე შინაარსის გამო.  მართალია, ამბავი საშუალო ხარისხისაა, მაგრამ საყურებლად ცუდი არაა და ჯულია, ისევე როგორც მედხენ ამიკი, რომელიც მისი დის როლს ასრულებს (და რომელიც ღრმა ბავშვობაში ტვინ პიკსიდან მახსოვს), ნამდვილად კარგები არიან.







ჯულია ორმუნდი ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა, მას შემდეგ რაც "შემოდგომის ლეგენდებში" ვნახე პირველად ... და სანამ მთელი ჩემი სადაქალო ბრედ პიტს შეჰყურებდა მეოცნებე თვალებით (რომელიც, ვაღიარებ, ამ ფილმში საკმაოდ გემრიელია), მე ჩემთვის ჩუმად ვყლაპავდი ნერწყვს ჯულიას შემხედვარე.







შემდეგი ფილმი, რომელშიც ჯულია ორმუნდი არა მარტო სილამაზის თვალსაზრისით არამედ იდეოლოგიურადაც ჩემთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იყო "ანგელოზები რკინის ყბებით", სადაც მან ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი ინეზ მილჰოლანდი განასახიერა.




სერიალს რომ მივუბრუნდეთ, მოქმედება ხდება პატარა ამერიკულ ქალაქ ისტ ენდში და მთავარი მოქმედი პირები არიან ბიუშამები - ჯოანა (ჯულია ორმუნდი), მისი ორი შვილი ფრეია და ინგრიდი და მისი და უენდი (მედხენ ამიკი). ოთხივე მათგანი ალქაჯია, რომელიც ალქაჯებისა და მაგიური ქმნილებების ქალაქ ასგარდიდან გამოაძევა ჯულიასა და უენდის მამამ - ბოროტმა მეფემ, რომელმაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ შვილებსა და შვილიშვილებს გადასახლებასთან ერთად გვარიანი წყევლაც დაადო.


წყევლა შემდეგში მდგომარეობს: ინგრიდი და ფრეია 30-40 წლის ასაკში კვდებიან, ჯოანა კი მათ ხელახლა აჩენს და ასე გრძლდება საუკუნეების მანძილზე. რაც შეეხება უენდის, ის ყოველი სიკვდილის შემდეგ გაცოცხლდება, სანამ ასეთ უკვდავებას შეგუებულს ეს სიცოცხლეები მოულოდნელად არ გამოელევა.



საერთოდ უენდი მაგარი ტიპია: თავისი დის მსგავსად ტაროზე მკითხაობს

კარგი იუმორის გრძნობა აქვს 


ლამაზი და სექსუალურია


 და კატად გადაქცევა შეუძლია



არ მოვყვები ყველაფერს, მაგრამ გაგანდობთ, რომ მეორე სეზონის მეხუთე და მეექვსე სერიებში საინტერესო რამ ხდება. ჯოანა იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს ალექსს, ყოფილ "მეგობარს" (რომელიც იმდენად გაბრაზებული იყო ჯოანაზე, რომ თავიდან მოუსვლელში გაუშვა და უთხრა შენ პრობლემებს თვითონ მიხედეო. მოკლედ, დაძაბულობა ამ ორ ქალს შორის თავიდანვე იგრძნობოდა)


 თუმცა შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი, სამოცდაათიან წლებში ჯოანას პარტნიორი იყო.


 



ამ ორ ქალს შორის ურთიერთობა მოულოდნელად დამთავრდა იმის გამო, რომ ჯოანა თვლიდა, რომ ალექსი მისი წყევლის შედეგებს ვერ გადაიტანდა, მას არ უნდოდა საყვარელი ადამიანისთვის ტკივილის მიყენება და ამიტომ მიატოვა. ათწლეულების შემდეგ, მათ, როგორც იქნა საშუალება მიეცათ გაერკვიათ ეს ყველაფერი და მშვიდობიანი წერტილი დაესვათ ამ სასიყვარულო ურთიერთობისთვის.




მიუხედავად იმისა, რომ ალექსი მეექვსე სერიის ბოლოს ნიუ იორკში ბრუნდება, ჯოანას ბისექსუალობა სიუჟეტის ნაწილი გახდა. საინტერესოა, მომავალში თუ აპირებენ სერიალის სცენარისტები, რომ ჯოანა სხვა ქალს/ქალებს შეახვედრონ.

Comments