სტოკჰოლმის პრაიდი [სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს]

სტოკჰოლმში ჩამოსულს პირველი რაც ყურში მხვდება ხოლმე სიჩუმეა. აქ ყველაფერი ძალიან მშვიდი და გამოზომილია, რადიკალურად განსხვავებული დანევროზებული თბილისისგან. ჩემდა უნებურად დამჩემდა, სტოკჰოლმის მიწაზე ფეხს როგორც კი დავადგამ, მხრებიდან ხელის მოსმით ვიფერთხავ საქართველოდან ჩამოყოლილ მძიმე ტვირთს და სვლას ისე ვაგრძელებ. 

ივლისის ბოლოა და ქალაქი ცისარტყელა ფერებში გამოწყობილი მეგებება - პრაიდის დროა. მუნიციპალური ავტობუსები პატარ-პატარა ცისარტყელა დროშებს აფრიალებენ, ხოლო შვედეთში ყველაზე დიდი სწრაფი კვების მარკეტი ”7/11” მომხმარებელს ცისარტყელას ფერებში გაწყობილი ფრაზით „Öppet för Alla (ყველასათვის ღიაა)  ხვდება და მომღიმარი პერსონალიც ყავასაც ცისატყელა დროშიან ქაღალდის ჭიქებში ჩამოგისხამთ. თბილა, მაგრამ ზღვიდან დროდადრო გრილი ქარი წამოუბერავს ხოლმე, ადამიანები მშვიდად, მაგრამ გადაწყვეტილად მიიწევენ თავ-თავის საქმეზე და არავის საერთოდ არ აინტერესებს ვჯდები თუ არა ფემინურობის „შვედურ“ კრიტერიუმებში. შვება.


სტოკჰოლმის პრაიდში პირველად ვიღებ მონაწილეობას. მალევე ვიგებ, რომ პროგრამა ორ ნაწილადაა გაყოფილი: მთელი კვირის განმავლობაში შუადღიდან, საღამოს ექვს-შვიდ საათამდე კულტურის სახლში უამრავი სემინარი ეწყობა სხვადასხვა თემატიკაზე, ტრანსგენდერი ადამიანების მოძრაობით დაწყებული და არანუკლეარული ოჯახების იურიდიული გამოწვევებით დამთავრებული. მე და ჩემმა კოლეგებმა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სწორედ ასეთ სემინარზე უნდა ვილაპარაკოთ იმ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ტენდენციებზე, რომლის ექსპორტიც ასე წარმატებით მოახდინა რუსეთმა (საქართველოში მთავარი შემომტან-გამსაღებელი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ზოგიერთი პოლიტიკოსი). მანამდე კი (რადგან გამიმართლა და შვედური კარგად ვიცი) რამდენიც მინდა იმდენს დავგრიალებ ერთი სართულიდან მეორეზე და ვესწრები ყველა სემინარს, რომელსაც მინდა დავესწრო.საღამოს პრაიდ პარკში (რომელიც სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულ დიდ სპორტულ მოედანზეა მოწყობილი), კონცერტი იწყება. ეს პროგრამის გასართობი ნაწილია. ერთკვირიან ღონისძიებებს პრაიდ მსვლელობა აგვირგვინებს. 


პირველ დღეს ხელზე სამაჯურს მიკეთებენ - ეს ჩემი ბილეთია პრაიდის ყველა ღონისძიებაზე. საღამოს პრაიდ პარკისკენ მიმავალმა ზუსტად არ ვიცი სად არის და ვფიქრობ მეტროდან ამოსული ვიკითხავ მეთქი. მალე ვაგონის კარი იკეტება და ჩემ გარშემო მხიარულად მოჟრიამულე ლამაზ ადამიანების შემხედვარე, ვხვდები, რომ კითხვა არ დამჭირდება. მატარებელში ჩემთან ერთად მყოფთა 98%-ს ჩემნაირი სამაჯურები უკეთია. ვაგონიდან გამოსული მშვიდად მივყვები მათ და თვალის დახამხამებაში შევდივარ პრაიდ პარკში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობ, მიკუთვნებულობის ისეთი გრძნობა მეუფლება, რომელსაც საქართველოში თითქმის ვეღარ განვიცდი. თბილისში თითქმის ყველაფერი ფრუსტრაციის წყაროა. აქ მძიმე ტვირთს ეზიდები ყოველდღიურად და საკმაოდ უმადურ სამუშაოს ასრულებ. ხანდახან გგონია, რომ საკუთარი კატების გარდა არც არავის ეკუთვნი.

პრაიდი პრაიდიო გავიძახი, მაგრამ რა არის ეს პრაიდი? ქართულ მედიაში პრაიდი რა თქმა უნდა ტიტლიკანა კაცების მსვლელობაა ქალაქის ცენტრში, თანაც ეკლესიების წაბილწვის მიზნით. სინამდვილეში, პრაიდის ისტორია სულ სხვანაირად დაიწყო და დღესდღეობით პრაიდი სხვადასხვა ქვეყნებში როგორც პოლიტიკურ, ისე გასართობი ელემენტების სინთეზს წარმოადგენს (ნუ რა თქმა უნდა ფულის მახედაც იქცა, მას შემდეგ, რაც მისი დაფინანსება და თავისი პროდუქციის ამაყად გასაღება დიდმა კომპანიებმა დაიწყეს).

ყველაფერი ნიუ იორკის გრინვიჩ ვილიჯში განთავსებულ ბარ „სტოუნუოლში“ დაიწყო. ეს ბარი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ადგილობრივი ლგბტ თემი თავისუფლად იკრიბებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბარი ადგილობრივი მაფიის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა, მაას პერიოდულად ნიუ იორკის პოლიცია სტუმრობდა ხოლმე. როგორც წესი, რეიდების შედეგად, საპყრობილეში ყველაზე „დევიანტები“ - ანუ ტრანსები და დრეგ ქუინები მიჰყავდათ. 1969 წლის 27 ივნისს მორიგი რეიდის მთავარი საბაბი ბარში ალკოჰოლის უკანონო გაყიდვა იყო. რეიდი დაიწყო ისევე, როგორც სხვა დროს, თუმცა ამჯერად პოლიციელებს ხელი შეუბრუნეს. კონკრეტულად ვინ, დღემდე უცნობია - ზოგი ამბობს დრეგ ქუინიო, ზოგიც ბუჩ ლესბოსელს აბრალებს, თუმცა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. აჯანყების პირველი ტალღა თითქოს მეორე დილით ჩაცხრა, თუმცა მალე სტოუნუოლთან ათასობით ადამიანი შეგროვდა „გეი სიამაყის“ სახელით და პოლიციასთან დაპირისპირება მომდევნო დილამდე გაგრძელდა. ეს მოვლენები მთელი შემდეგი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.


სტოუნუოლის აჯანყების შემდეგ Gay Liberation Front (GLF) დაარსდა, ხოლო 1970 წლის 28 ივნისს, ნიუ იორკში გაიმართა მსვლელობა, რომელმაც პრაიდს ჩაუყარა საფუძველი . ათასობით მონაწილეებმა გაიარა გრინვიჩ ვილიჯიდან ცენტრალურ პარკამდე, რათა სტოუნუოლის აჯანყების წლისთავი აღენიშნათ. მსვლელობა ცალსახად პოლიტიკური ხასიათის იყო და მასზე წარმოდგენილი პოსტერები ბევრ საჭირბოროტო საკითხს ეხმიანებოდა.


იმ პრაიდებიდან, რომლებშიც მიმიღია მონაწილეობა (ასეთი სულ სამია), სტოკჰოლმის პრაიდი ალბათ ყველაზე უფრო პოლიტიკურად დატვირთულია და თან საკმაოდ სერიოზული საგანმანათლებლო პროგრამაც ახლავს თან. მსვლელობაც ასეთია - აქ იხილავთ ლგბტქი (და ასე შემდეგ და ასე შემდეგ) სპექტრის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, პოლიტიკური მესიჯებით ან უბრალოდ გართობისკენ მოწოდებით. ყველასთვის არის ადგილი. ყველას ეთქმის სიტყვა. გარშემო უამრავი ადამიანია შეკრებილი, მოხუცები, ბავშვები, ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელიც უფრო ფართო და ფიზიკურად ადვილი მისაწვდომია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი ადამიანი გვხვდება. ყველა იცინის, ტაშს უკრავს, სურათებს იღებს.


 ჩემ წინ მიდიან სარა მოსლეჰი და მარიამ ირანფარი, სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართული მუსლიმი ქალები, რომლებმაც (როგორც მოგვიანებით გავიგე) პრაიდ მსვლელობამდე ცოტა ხნით ადრე იქორწინეს.  სარა თავის ეტლშია და ცეკვავს. არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე შევძლებდი ეტლში მყოფ ადამიანს გამოვცეკვებოდი.


პრაიდის ბოლო დღეს ადამიანები სტოკჰოლმის სხვადასხვა ნაწილში ზეიმობენ. ტანტოლუნდენი დიდი პარკია სამხრეთ სტოკჰოლმი სანაპიროზე. პრაიდ მსვლელობის შემდეგ აქ ბევრი ადამიანი იკრიბება, აწყობს პიკნიკს და ტკბება ზაფხულის თბილი ღამით. დაღამების შემდეგ მათი ნაწილი სახლებში დაიშლება, ნაწილი კი გარშემო მიმოფანტულ კლუბებში სხვადასხვა წვეულებაზე ჩამორიგდება. ჩემ წინ წყვილი ეფერება ერთმანეთს, არავინ გარშემო ყურს არ იბერტყავს (რაღა თქმა უნდა) და მე ვგრძნობ, თუ რა დასანანია აქ მარტო რომ ვარ. სულ სხვა მუღამი აქვს როდესაც გარეთ, თუნდაც ბინდმოკრულ პარკში შეგიძლია თავისუფლად მოეფერო ადამიანს, რომელთანაც ასე ძალიან გინდა ყოფნა (თუნდაც ზოგადად და თუნდაც მხოლოდ იმ წამს). საქართველოში, ჩვენი ცხოვრება, რომელიც ოთხ კედელში არის გამომწყვდეული რუტინულს ხდის სიყვარულის გამოხატვასაც და ურთიერთობებსაც. 


იმ ღამეს დაღლილი ვდგავარ სტოკჰოლმის მეტროში წითელი ხაზის ერთ-ერთ გაჩერებაზე.  და ის სულელური ღიმილი მაკერია პირზე, რომელიც ჩემმა ზედმეტმა სიხარულმა იცის ხოლმე. რა მიხარია? მეტროს სადგური სავსეა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, ასაკის გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსი, ჰეტეროსექსუალი, პოლიამორული ადამიანით, რომლებსაც სილაღე და სიხარული აირ-წვეთოვანი გზით გადააქვთ პლატფორმის ყველა კუთხეში. ყველა ლაპარაკობს, ყველას ღიმილი აწერია სახეზე, ზოგი პარტნიორს ნაზად კოცნის ან თმას უსწორებს, ზოგი მეგობარს ეხუმრება. ხმაურიანი ხალხია. არადა ჩუმი შვედებიო, ამბობთ თქვენ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს ხმაური სულაც არაა შემაწუხებელი, ამ ადამიანების არც სიხარული მაღიზიანებს და არც სილაღე იმიტომ, რომ ვთვლი, მათ რაღაცნაირად ვეკუთვნი. 
 

Comments

Post a Comment