სერიალი: "ასეული" (The 100)

ბირთვული კატასტროფის შედეგად დედამიწაზე რადიაციის დონე ისეთ ნიშნულს აღწევს, რომ მასზე ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ადამიანების ნაწილი თავის საშველად კოსმოსს მიაშურებს და ერთად შეკრულ 12 კოსმოსურ ბაზაზე სახლდება. 
"კიდობანზე" (როგორც ზემოხსენებული ბაზების ერთობლიობას დაერქვა) ძალიან მკაცრი წესებია, მას არჩეული კანცლერი და საბჭო მართავს. სრულწლოვანი ადამიანების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სიკვდილით (კოსმოსში გადაგდებით) ისჯება, მაგრამ არასრულწლოვან დამნაშავეებს ე.წ. ”ცის ყუთში” ათავსებენ. 

97 წლის შემდეგ, "კიდობანში" ჟანგბადის მარაგი იწყებს ამოწურვას და დგება დრო იმის გასარკვევად მოასწრო თუ არა დედამიწამ ცხოვრებისათვის გამოსადეგ მდგომარეობაში დაბრუნება. ამისათვის 100 არასრულწლოვან დამნაშავეს აგზავნიან დედამიწაზე. უცნობია გადარჩებიან ისინი თუ არა.



ყურადღება: ლესბისპოილერი

დედამიწაზე აღმოჩენილი 100 მოზარდი დამნაშავე „ბუზთა ბატონში“ განვითარებული მოვლენების მსგავს მდგომარეობაში ვარდება. ზოგი ლიდერის პოზიციას ეპოტინება, ზოგი თვითმარქვია ლიდერებს ებრძვის - ნებისმიერ შემთხვევაში თამაშის წესები სასტიკია და ბევრი სისხლიც იღვრება. 

ასეული მალე აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე თურმე ყოფილან სხვა გადარჩენილებიც. იწყება ახალ-ახალი ბრძოლები, იქმნება ალიანსები და ყველას თავთავისი ხალხის გადარჩენა უნდა. 

სერიალი აუცილებლად რაღაცით მოგაგონებთ „დაკარგულებს“, თუმცა ისეთივე დახლართული კონსპირაციის თეორიით ვერ გამოირჩევა, რაც, პრინციპში, კარგია იმიტომ, რომ „დაკარგულებში“ რა მოხდა მგონი ბოლომდე მეც ვერ გავიგე.


მსახიობები კარგად თამაშობენ და ასეულის წევრების ხასიათი და როლები კრიზისული სიტუაციების შესაბამისად (ხშირად მოულოდნელადაც) ისე იცვლება, რომ ამ პროცესისთვის თვალყურის მიდევნება საკმაოდ საინტერესოა. მოკლედ, ფენტეზის და მეცნიერული ფანტასტიკის მოყვარულები სასიამოვნოდ გაატარებთ დროს,

კონკრეტულად ჩემთვის საინტერესო კიდევ (რაღა თქმა უნდა) ის იყო, რომ აქ ბევრი ძლიერი მეომარი ქალი და მათი მონაწილეობით გაშლილი ექშენია. თუმცა, ყველაზე გემრიელი ამბავი სერიალის მეორე სეზონში იწყება. 
ასეულის უპირობო ლიდერი კლარკ გრიფინი და აბორიგენი მეომარი ქალი ლექსა (რომელიც სერიალში ძალიან შთამბეჭდავად შემოდის) ერთმანეთს უმეგობრდებიან და მალე აღმოაჩენენ, რომ მათი ურთიერთობა ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ ჩაედინება რომანტიკულ კალაპოტში. მათ შორის სექსუალური დაძაბულობა სერიალებისათვის ჩვეული ტემპით მატულობს


და კოცნით გვირგვინდება



კოცნა ცოტა მოუქნელი და ხელოვნურია, თუმცა ეს შეგვიძლია კლარკის ქალებთან გამოუცდელობას დავაბრალოთ.


ასეთ საინტერესო ნოტაზე ველოდებით შემდეგ ეპიზოდს, რომელიც 4 მარტს გამოდის.

Comments