სერიალი: "დაცემა" [ The Fall ]

ჯილიან ანდერსონი პირველად 90-იანებში ვნახე ეკრანზე. "ოერტეზე" (რუსული საზოგადოებრივი მაუწყებელი) ”იქს ფაილები” გადიოდა. მახსოვს ეკრანზე ეს ჟღალთმიანი, ცისფერთვალება ქალი როგორ გამოჩნდა, სავსე ტუჩებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და უსაშინლესი ვარცხნილობითა და სასტიკი ფასონის კოსტუმით ... მაშინვე გულში ჩამივარდა.



ჯილიან ანდერსონი, რომელიც დეინა სქალის თამაშობდა და ჯილიან ანდერსონი, რომელიც ”ჰანიბალში” და ”დაცემაში” ვნახეთ თითქოს ორი სხვადასხვა ჯილიან ანდერსონია. სკეპტიკურობა და იუმორი მაშინაც არ აკლდა და კარგად იყენებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავისი სექსუალურობა თითქოს უფრო გაიაზრა და უფრო ინსტრუმენტულიც გახადა. 





”დაცემამ” დეტექტიური სერიალებისა და ქალების სიყვარული ერთბაშად დამიკმაყოფილა. ამ სერიალზე ბევრი ისეთი რამ მოვისმინე სოციალურ ქსელებში, რაც საერთოდ არ ასახავს მის არსს. ზოგი ამტკიცებდა რომ ამაზე ფემინისტური არაფერი გადის ტელეში, ზოგიც იცინოდა - ამ სერიალს ფემინიზმთან ახლოსაც არ გაუვლია.

სინამდვილეში, მაყურებელი არ არის მიჩვეული ეკრანებიდან საკუთარ თავზე კონცენტრირებული, ძლიერი დეტექტივი ქალების ყურებას და უბრალოდ არ იცის რომელ კატეგორიაში გაანაწილოს.





ეს სერიალი შესანიშნავი დეტექტიური თრილერია. მკვლელის ვინაობა თავიდანვე ვიცით, მაგრამ ეს ინტერესს არანაირად არ გვაკარგვინებს. მივყვებით მისი ცხოვრების ორ პარალელურ - მეოჯახე მამისა და მკვლელის - ხაზს და მეორე მხრიდან ვუყურებთ დეტექტივ სტელა გიბსონის ყოველდღიურობას ამ სერიულ მკვლელზე ნადირობაში.

სტელა ძალაუფლების პოზიციაში მყოფი ძლიერი ქალია. ჭკვიანი, სექსუალური, საკუთარი თავის (მათ შორის საკუთარი სექსუალობის) შეცნობაზე ორიენტირებული. 



მას შეუძლია საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ ქმედებებს გარედან შეხედოს. სტელა ჩუმია, მაგრამ არა უემოციო. მას სურს თავის გარშემო რაღაც შეცვალოს, სურს, რომ მეტი მსხვერპლი აღარ იყოს და თუ ამისათვის ვინმეს გამოყენება მოუწევს (არ აქვს მნიშვნელობა ვისი), რა გაეწყობა. 

ფემინისტური თვალით რომ შევხედო, სტელა გიბსონი ჩემთვის სავსებით მისაღები პერსონაჟია და ლესბოსური თვალით ხომ საერთოდ! თუმცა ხუმრობა იქით იყოს და სერიალის მეორე სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი გვხვდება, რომელიც ყურადსაღებ გზავნილს გადმოგვცემს კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ. 

საღამოა და სტელა თავის ოთახშია, როდესაც მასთან ჯიმ ბერნსი, ბელფასტის პოლიციის უფროსი და სტელას კოლეგა და ყოფილი საყვარელი მოდის. ჯიმი მთვრალია, რაღაცეებს მიედ-მოედება და მერე სტელას კოცნას ცდილობს და მანდ გაჩერება არ უნდა. სტელა სთხოვს გაჩერდიო, მაგრამ ჯიმს არ ესმის, რის შემდეგაც დეტექტივი გიბსონი მას ცხვირში უთავაზებს და სისხლს ადენს. 

მეორე დილით სტელას და ჯიმს საინტერესო საუბარი აქვთ. სტელას აზრით ბერნსი ცდება, როდესაც სერიულ მკვლელს, რომლის დაჭერასაც ამდენ ხანს ცდილობენ "ურჩხულს" უწოდებს. სტელას აზრით ის მეტისმეტად ადამიანური და მარტივი ამოსახსნელი ვინმეა, ის უბრალოდ კაცია. ბერნსი პანიკაში ვარდება, როგორ, მე და ეს მკვლელი ერთი სახეობის წარმომადგენლები რანაირად ვართო. ამის შემდეგ სტელა ახსენებს წინა ღამით რაც მოხდა. ბერნსი თავის მართლებას იწყებს, მთვრალი ვიყავი და ხომ მაინც არაფერი არ მოხდა და რაც მთავარია, ამ სერიულ მკვლელთან ეგ რა მოსატანიაო. ამაზე სტელა მტკიცედ პასუხობს "მოსატანი შეიძლება არაა, მაგრამ შენ მაინც გადაკვეთე ეს ხაზი."

მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ გაუპატიურების, ცემის ან ძალადობის რამე სხვა ფორმის შემდგარი აქტი უსვამს ხაზს ქალების მიმართ მომხმარებლურ და არაადამიანურ დამოკიდებულებას კაცების მხრიდან. ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც კაცი კვეთს ამ ხაზს და არღვევს ქალის პირად სივრცეს უკითხავად, მხოლოდ იმიტომ, რომ თვლის ეს შეუძლია და ეკუთვნის, მხოლოდ იმიტომ, რომ თვლის, რომ ქალი არ გაუწევს წინააღმდეგობას, მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგობა რომ გაუწიოს მაინც მოერევა, არის საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული პოზიციის ილუსტრაცია. ამის განცდა ქალებისთვის საკმაოდ მძიმეა.

მოკლედ, keep calm და უყურეთ "დაცემას" და მოგწონდეთ ან გააკრიტიკეთ სტელა გიბსონი ოღონდ ნუ შეტენით ისეთ რაღაცეებს, რაც არ ეკუთვნის.


Comments

  1. ვოუ... თითქმის ყველა თემა რაზეც ვგეგმავდი დაწერას, აქ არის :)

    ReplyDelete

Post a Comment