Godless: ამაზონები ველურ დასავლეთში

შვედეთში ზამთარი ადრე იწყება. ნოემბერი ყველაზე ბნელ თვედ ითვლება იმიტომ, რომ დღე კატასტროფულად მოკლეა და ყველას ტოტალურად აკლია მზის სინათლე. მე კიდევ არამიშავს სამხრეთში ვარ და აქ ისე არ ბნელა, როგორც სტოკჰოლმში ან უფრო ზემოთ, მაგრამ ამინდი თითქმის ყოველთვის ცუდია, ამიტომ ჩემი მეცხრე სართულიდან შენობებსა და მათ გარშემო ნელა მოტრიალე თოლიებს ძირითადად მოღრუბლული ცის ფონზე ვუყურებ ხოლმე.
ამ პირობებში ისღა დაგრჩენია ადამიანს, რომ D ვიტამინი ყლაპო, სანთლები აანთო და რამე ფილმით გაიფერადო ცხოვრება - წუწუნი არ გეგონოთ, ჩემთვის იდეალური სცენარია. რისთვის ვყვები ახლა ამას: ერთხელაც, როდესაც გარეთ სამი მიმართულებიდან ერთდროულად წვიმდა (ზღვიდან წამოსული ქარის გამო ალბათ) და საბანში გახვეული ინტერნეტში რამე გემრიელს ვეძებდი, წავაწყდი Godless-ს. "ნეტფლიქსის" ეს შვიდსერიანი ვესტერნი ჩემი აზრით ნამდვილი შედევრია (თუმცა ვესტერნები ზოგადად არ მიყვარს და შეიძლება ვცდები). მაინც და მაინც ფერადი ვერაა, მაგრამ ნამდვილად ჩაგითრევთ.
[პოსტი შეიცავს სპოილერებს]



ველური დასავლეთის "უღმერთობის" გაგებას ნებისმიერ ვესტერნში წააწყდებით. როგორც ჩანს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მდინარე მისისიპის დასავლეთით გადაშლილი ტერიტორია სავსე იყო ასეთი უღმერთო ადგილებით, სადაც გვალვა და მტვერი მძვინვარებდა,  გზაზე მიტოვებული გვამები იხრწნებოდა და სალონებსა და ბორდელებში გაბმული სროლა ისმოდა.
Godless-ის ორიგინალურობა იმ პერიოდში სახელმწიფო კონტროლს მოკლებულ მიწებზე სუბვერსიულობის ჩვენებაში მდგომარეობს. მაგალითად, პერიოდში, როდესაც მონობა სავარაუდოდ ახალი გაუქმებული იყო (აშშ სამოქალაქო ომი 1861-65 წლებში მიმდინარეობდა) თეთრკანიანების ქალქიდან ერთი საათის მანძილზე შავკანიანების დასახლებაა, რომელსაც არავინ ერჩის და რომელშიც მოსახლეთა უმეტესობა სამოქალაქო ომის მონაწილე შავკანიანი ჯარისკაცები და მათი ოჯახებია. იქვე მახლობლად არის განლაგებული რანჩო, რომელსაც მარტოხელა ქვრივი ანგლო-საქსონური წარმომავლობის ქალი ხელმძღვანელობს თავის ამერიკელ ინდიელ შვილთან და გარდაცვლილი ამერიკელი ინდიელი ქმრის დედასთან ერთად (ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ იმ პერიოდში შერეულ ქორწინებებს დიდი მოწონებით არ უყურებდნენ ... რბილად რომ ვთქვათ). იქვე არის პატარა ქალაქი La Belle, რომელიც ვერცხლის საბადოს გარშემო იყო გაშენებული და, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მაღაროელები და მათი ცოლები და შვილები წარმოადგენდნენ. ერთ დღეს მაღაროელების სიცოცხლე მაღაროში აფეთქებამ იმსხვერპლა და ქალაქში მხოლოდ ქალები, ბავშვები და სულ თითზე ჩამოსათვლელი ზრდასრული მამაკაცები დარჩნენ. ქალაქში დარჩენილ ქალებს ამ გარემოებებისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი თვლის, რომ კაცები ჭირდებათ, რომ უპატრონონ და დაიცვან, მეორე ნაწილი თვლის, რომ თავად შეუძლიათ თავს მიხედონ და კაცის ჩექმის ქვეშ დაბრუნებას სულ არ ჩქარობენ



საინტერესოა, რომ ნიუ მექსიკოში ქალაქი ლა ბელი მართლაც არსებობდა, 1890-იან წლებში, ოქროს ციებ-ცხელების დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისში ის მიატოვეს. ქალების მმართველობის და პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით ამ სერიალს შესაძლოა კიდევ ერთი რეალური ამბავი ედოს. 1920 წელს უაიომინგში მდებარე ქალაქ ჯექსონის მოსახლეობამ პირველი მხოლოდ ქალებისგან შემდგარი საკრებულო აირჩია, რომელმაც მალევე მოაგვარა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები.

მსახიობები ძალიან კარგად არიან შერჩეულები, თუმცა პერსონაჟებს შორის ურთიერთობის ნაწილი არ არის კარგად გაშლილი.  ყველაზე დიდი კანფეტი ჩემთვის ამ სერიალში ის იყო, რომ სცენარისტებმა ჩვენთვის ერთი ლესბოსელი წყვილი მაინც გაიმეტეს და, წარმოგიდგენიათ, ამ ორი ქალიდან არცერთი არ მოკვდა და მიწაში არ ჩაიდო. ამით გახარებული მეგის და მარტას ურთიერთობის ბუნდოვან მომავალსაც კი ვაპატიებ რეჟისორს და არ ვაგინებ.



მე ცუდს არ გირჩევთ ამიტომ სერიალი ნახვად ღირს ... თუმცა მერე ჯობია ცოტა კლასიკაც დააყოლოთ.
http://www.youtube.com/watch?v=yl6pc5de51w

Comments