მეომარი ლესბი წყვილები ეკრანზე I


არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ სერიალები მიყვარს. ასევე არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, კომიქსები, დეტექტივები და ყველაფერი ლესბოსური მაცოცხლებს და მასულდგმულებს. ჰოდა, როდესაც ცოტა ხნის წინ სერიალ S.W.A.T-ს ვუყურებდი (იმიტომ, რომ უნიფორმების ფეტიში მაქვს და შემარ მური, მიუხედავად იმისა, რომ კაცია, ჯერ კიდევ Criminal Minds-დან მომწონს) და ოფიცერმა კრის ალონსომ, რომელსაც პირველივე სერიიდან გეიდარზე ათამაშებული ისრებით ვუყურებდი, ბოლოს და ბოლოს გააკეთა ქამინაუთი, მივხვდი, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი "დამრტყმელი" ლესბი/ბი ქალი ჩნდება ტელე სივრცეში. კარგია [ხელებისმოფშვნეტა]. ალონსომ განაცხადა "კაცებიც მიყვარს და ქალებიცო" (იგივე გააკეთა "ხვალინდელი ლეგენდების" სარა ლენსმა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით) და "ქალის ახევის" კლასიკური ილეთი გაითამაშა - უარი უთხრა პაემანზე თავის მამრ თანაგუნდელს - კოლეგებთან არ ვგორაობო; და როდესაც ამ თანაგუნდელმა სპეცრაზმთან რაღაც კლიპის გადასაღებად მისულ რეჟისორს დაუპირა დასალევად (და საგორაოდ) დაპატიჟება, აღმოჩნდა, რომ ალონსოს ეს ქალი უკვე დაპატიჟებული ჰყავდა. ფაქტობრივად ტიპს გოგო ცხვირწინ აახია. ბანალურია, მაგრამ ლესბოსური თვალისთვის ფრიად სასიამოვნო.




კეთილი, ვინ გვყავს ალონსოს გარდა... სულ ახალ სერიალებში Valor-ს ჰყავს ერთი ბი და ერთი ლესბი პერსონაჟი. ასევე ეჭვი მაქვს, რომ Seal Team-ის ორი პერსონაჟი უყურებს ერთმანეთს დიდი ვნებით, მაგრამ ჯერ არაფერს შვებიან ამ მიმართულებით. მათ შორის ვისაც უკვე აქვს ქამინაუთი გაკეთებული, გვყავს რამდენიმე საინტერესო "შიპი"  (ფან ფიქშენის, ანუ ფანატების მიერ შექმნილი მხატვრული სიუჟეტების მიმდინარეობა, სადაც ა) ფანებს სურთ რომ ორი პერსონაჟი ერთად იყოს და მათ შესაებ ისტორიებს თხზავენ, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც პერსონაჟებს შორის რაღაცნაირი დინამიკა და ენერგია იცვლება, მაგრამ არაფერი სექსუალური ან რომანტიკული ფაქტობრივად არ ხდება: მაგალითად სუპერგოგონა და ლინა ლუთერი ბ) ორი პერსონაჟი უკვე ერთად არის და ფანები გაუთავებელ ისტორიებს და გიფებს ამზადებენ ამ თემაზე). შიპებისთვის, როგორც წესი, ადვილად დასამახსოვრებელ სახელებს იგონებენ ხოლმე, მაგალითად, ნისარა (Nysara) ანუ ნისა ალ გული (სერიალი Arrow) და სარა ლენსი (The Arrow, Legends of Tomorrow). ამ წყვილს რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი. სარა ლენსი, იგივე "თეთრი იადონი" (White Canary) "ასასინთა ლიგაში" გადიოდა საბრძოლო მომზადებას, და ლიგის მეთაურის რეიშ ალ გულის ერთ-ერთ შვილთან, ნისასთან გააბა რომანი. კომიქსებიდან ნისა ალ გულის ვინაობა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ყველაზე პოპულარული ხომ მისი და თალიაა, მაგრამ ნისამაც გადასარევად იცის ჩხუბი. მშვილდ-ისარსაც ისე კარგად უმკლავდება, მწვანე ისარს შეშურდება. სარა კარგად ჩხუბობს (საინტერესოა, რომ ქეითი ლოტცი, რომელიც მას რეალურ ცხოვრებაში თამაშობს ასევე ფლობს რამდენიმე საბრძოლი ხელოვნებას, მათ შორის ტაეკ ვონ დოს და პროფესიონალური მოცეკვავეა). თან რა ლამაზია ეს ოხერი ...




შემდეგი სიაში არის ალექს დენვერსი და მეგი სოიერი (Sanvers) . ალექსი სუპერგოგონას (Supergirl) - კარა ზორელის მიწიერი დაა. ერთდროულად ფუმფულა და საყვარელიცაა (მასში ადვილად ამოიცნობთ ლექსი გრეის, "გრეის ანატომიიდან" ;)  და, როგორც ინგლისურად იტყვიან - badass-იც. ფლობს რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას, კარგად უმკლავდება იარაღს, მუშაობს D.E.O-ში (ექსტრანორმალური ოპერაციების განყოფილება, "ბეტვუმენი" თუ გაქვთ წაკითხული იქიდან გეცნობათ). მოკლედ, მეორე სეზონში ალექსს უყვარდება მეგი სოიერი, ასევე ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიციელი ქალი. საინტერესოა (და კარგია) რომ ამ სერიალში მეგი არ არის ქერა და ცისფერთვალება, როგორც კომიქსებში. მას ლათინა მსახიობი ფლორიანა ლიმა თამაშობს. კომიქსებში (Detective Comics, Batwoman, DC Bombshells და ა.შ. ) მეგი სოიერი ანგლო-საქსონური წარმოშობისაა, და გოთემის პოლიციის განყოფილების კაპიტანია. მეგისთან შეხვედრამ გადააწყვეტინა ალექსს თავის სექსუალურ ორიენტაციაზე ჩაფიქრება და მისი ქამინაუთის ამბავიც ძალიან გულისამაჩუყებელი და საინტერესოა. ალექს დენვერსი არაა 15 წლის. ის ქამინაუთს აკეთებს უკვე დაახლოებით 30 წლის ასაკში და ეს სწორედ იმას გვეუბნება, რომ ადამიანებს საკუთარი სექსუალობის გასააზრებლად სხვადასხვა დრო ჭირდებათ ხოლმე. დავასპოილერებ და მეგი და ალექსი შორდებიან (სინამდვილეში იმიტომ, რომ ფლორიანა ლიმა სხვა სერიალში გადადის), მაგრამ საბედნიეროდ რეჟისორებმა გადაწყვიტეს, რომ არცერთი მათგანი არ მოკლან და დასაშორებლად საკმაოდ "მოწიფული" მიზეზი მოიფიქრეს: ალექსს შვილების ყოლა უნდა, მეგის - კატეგორიულად არა (არადა Batwoman კომიქსებში მეგის ყავს შვილი).



შემდეგი სიაში კლარკ გრიფინი და ლექსა (Clexa) არიან. ოჰ .. ლექსა, ლექსა ... ვინც სერიალ The 100-ის უყურებს, ეცოდინება რა ბედი ეწია ამ პერსონაჟს. მართალია ალისია დებნამ-ქერიმ "ასეულის" დატოვება გადაწყვიტა იმისათვის, რომ Fear Of The Walking Dead-ში გაეგრძელებინა თამაში, მაგრამ ნუთუ აუცილებელი იყო სცენარისტებს ასე სულელურად დაესრულებინათ ეს ნალოლიავები და ძლივს დაწყებული ურთიერთობა?! მეტს არაფერს ვიტყვი, "ასეულზე" სხვაგანაც მიწერია, მაგრამ ამ წყვილს კარგი ის აქვს, რომ კარგად გვაჩვენებს ორი ლიდერი ქალის რთულ დინამიკას. მათ ერთმანეთი ძლიერ უყვართ, მაგრამ იძულებულები არიან იმ ხალხის ინტერესები დააყენონ გრძნობებზე წინ, ვისზეც პასუხს აგებენ. ეს ინტერესები კი ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.



ერთ კანფეტი სერიალ Rookie Blue-შიც იყო, სანამ დაბალი რეიტინგის გამო მიხურავდნენ. ოფიცერი გეილ პეკი რთულ გზას გადის, სანამ ბოლოს და ბოლოს სამედიცინო ექსპერტ ჰოლი სტიუარტს ხვდება. გეილის ფლირტი, დიდწილად, ყბაში გამოქანებულ მუშტს გავს, მაგრამ ჰოლი, როგორც ჩანს ხვდება რაშიცაა საქმე და უკან არ იხევს.



ამ პოსტს (და ეს მხოლოდ პირველი ნაწილია) დავასრულებ კანადურ სერიალ Lost Girl-ით. სერიალში ბევრი კარგი ექშენია (ოღონდ ჯადოსნური), ბევრი კარგი, ლამაზი სექსი, მათ შორის ქალებს შორის და სიუჟეტის ცენტრში მოქცეული წყვილი (ბო დენისი და ექიმი ლორენ ლიუისი - Doccubus), რომლის გულშემატკივრობითაც თითებს დაიკვნეტთ. ეს სერიალი ეპიკურია ქუიარ ნერდებისთვის და მასზე ცალკეც დავწერ, ბოლოს და ბოლოს ყოველდღე ხომ არ იდება ხუთსეზონიანი შედევი, სადაც მთავარი მოქმედი პირი ბისექსუალია (თუ პანსექსუალი? ჰმ : ) ).



მოკლედ, ესეც პირველი ნაწილი. სანამ მეორეს დავამთავრებ, გირჩევთ, რომ თუ ფენტეზი და კომიქსები გიყვართ Lost Girl, Supergirl, Legends of Tomorrow და The 100 ნახოთ, ხოლო თუ პოლიციური და სამხედრო დრამა გიზიდავთ, S.W.A.T (2017), Valor და Seal Team დააგემოვნოთ. დანარჩენი მერე, hasta la vista!

Comments