Vol 2

საქართველოდან წავედი. მინიმუმ ერთი წლით. მაქსიმუმ ... ვნახოთ. ახლა შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქში - მალმოში ვცხოვრობ. თუ სადმე გაფრენა მჭირდება (ძირითადად ჩემს შეყვარებულთან შესახვედრად), შვედეთსა და დანიას შორის გაჭიმულ ორესუნდის ხიდს ვკვეთ და კოპენჰაგენის აეროპორტში მივდივარ, აქედან სულ რაღაც 20 წუთის სავალზეა. ვისაც სკანდინავიური ნუარი უყვარს, მიხვდება, რომ სწორედ იმ ხიდზე და ქალაქებზეა საუბარი, რომლებზეც სერიალ Broen/Bron/The Bridge-შია მოთხრობილი.


დავსახლდი მალმოს მულტიეთნიკურ გარეუბან - რუსენგორდში (ქართულად სიტყვასიტყვით შეიძლება "ვარდისუბნად" ითარგმნოს :) ) მდებარე სტუდენტურ სახლში. რუსენგორდს ცუდი რეპუტაცია აქვს შვედი სკინჰედების, ნაცისტების და მემარჯვენე პოლიტიკოსების ყბაში (აბა ტვინი მაგათ არ აქვთ), მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ მშვიდი ადგილია. მიგრანტების ინტეგრაციის კუთხით შვედეთში ზოგადად დიდი პრობლემებია, მაგრამ ეს ნაღდად არ იძლევა რასისტული ღვარძლის ნთხევის საფუძველს.


მალმოში ყველა ველოსიპედით დადის. დაახლოებით ისე, როგორც ამსტერდამში. ამიტომ ცხოვრებაში მეორედ ვიყიდე (მეორადი) ველოსიპედი და ცხოვრებაში პირველად ვცდილობ ქალაქის ველობილიკები ავითვისო. ცხოვრებაში პირველად ავაწყვე "იკეას" საწოლი (თურმე ინსტრუქცია რა კარგი რამეა) და პირველად დიდი ხნის შემდეგ მაქვს პრივილეგია საერთოდ არ გავიდე სახლიდან თუკი არ მინდა.

ლექციები კვირაში სამჯერაა. ყველაზე დიდი შვება ისაა, რომ აქ სტუდენტს ენდობიან და არ ექცევიან პატარა ბავშვივით, ამიტომ გლობალიზაციის შესწავლა ახალი მასალების კითხვით, ლექტორთან და სტუდენტებთან დისკუსიით და ესეების წერით გაცილებით უფრო საინტერესოდ მეჩვენება, ვიდრე აქამდე.
დავიწყე ადგილობრივ ლგბტ ორგანიზაციაში მოხალისეობა. ისევ დავიწყე კითხვა და ბოლოს და ბოლოს ვუყურე "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო რამდენიმე სეზონს. ისე, სულ ველოდები როდის გაიცნობს თინა ვინმე ქალს და მიხვდება, რომ ლესბოსელია. პრინციპში, სადაც დევდარიანმა პირველი გეი და ტრანსი პერსონაჟი გვაჩუქა, იქნებ ლესბიც გაიმეტოს, თან ამ ბოლო დროს, ეს თემა პოლიტიკაშიც აქტუალურია.

ჯერ ერთი თვე გავიდა, რაც აქ ვარ, მაგრამ უკვე ვგრძნობ, როგორ გამილღვა სხეულისთვის ჩვეული დაძაბულობა. ძლიერმა თავის ტკივილმა, რომელიც აქამდე განსაკუთრებით მწვავე პერიოდებში კვირაში ერთხელ  მაინც მქონდა გამოწერილი ახლა მხოლოდ ერთხელ შემაწუხა და ისიც დასაწყისში. როგორც იქნა ისე გამოვიძინე, რომ ძვლებში გამჯდარი დაქანცულობა თითქმის გაქრა და ვხვდები, რომ ვცოცხლობ, ვაზროვნებ, ვგრძნობ და ყველაფერი ჭირის დღესავით არ მეზიზღება.
როგორც ხედავთ, დასვენებულზე ბლოგის გაგრძელების ინსპირაციაც მოვიდა... მითუმეტეს, რომ ლესბოსურ კულტურაზე ჩვენთან არავინ წერს. ჰოდა, ისევ მე გავაგრძელებ.

Comments