ამბავი ესე ფიგურული სრიალისა, ფემსლეშისა და (ცოტა) ეროვნული იდენტობისა

ნოემბერში დ. ჩამოვიდა. საქმიან შეხვედრას თავისუფალი დროის ერთად გატარებაც შევუთავსეთ, რაც ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა იმიტომ, რომ ნოემბერი შვედეთში ყველაზე ბნელი თვეა და თავს ამ წყვდიადის გარეშეც არ ვგრძნობდი კარგად. ერთ დღეს სეირნობის შემდეგ მითხრა, რომ ოთახში აპირებდა ასვლას ფიგურული სრიალის საყურებლად. ღიმილით გადმომხედა და შენც წამოდიო მითხრა. თავიდან ხელი ავუქნიე, მოიცა ერთი, რა ფიგურული სრიალი მეთქი, მით უფრო, რომ ბოლო დროს UFC-ს ორთაბრძოლების გარდა თითქმის არაფერს ვუყურებდი. მერე ვიფიქრე, რომ ჩემს ოთახში მარტო ჯდომას ან სადმე მარტო ბოდიალს ისევ ის მერჩივნა, რომ დ.—ს გავყოლოდი და მენახა ასე რამ მოხიბლა და რატომ მიჰქონდა მისი სოც. ქსელები მედვედევას და სხვა ფიგურისტების ვიდეოებს ბოლო თვეების მანძილზე.





ასე დავსხედით გრანპრის საყურებლად. პირველ რიგში ალბათ სპორტის ამ სახეობის სილამაზემ და ფიგურისტების გამოსვლებზე დ.—ს გადამდებმა რეაქციამ ჩამითრია. მალევე  მივხვდი, რომ დიდი აზარტით ვადევნებდი თვალყურს ათლეტებს, რომლებიც ბუმბულის სიმსუბუქით სრიალებდნენ ყინულზე, და რაღაც წარმოუდგენელ და, ჩემი თვალისთვის ერთმანეთისგან რთულად გასარჩევ, ნახტომებს ასრულებდნენ.



(რიკა კიჰირა, ბრძოლის ველზე გამოსული სამურაი)

დ. ძალიან მიყვარს. ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ და რაღაც მომენტში ალბათ არცერთს არ გვეგონა, რომ ერთმანეთს შემოვრჩებოდით. ორივეს რთული ხასიათი გვაქვს. გარდა ამისა, მე პერიოდულად თვითშეფასებაზე მერხევა და იმ ადამიანებთან, ვისზე ნაკლებიც იმ მომენტში თავი მგონია, ურთიერთობა ცოტა მიჭირს; დ. კი ძალიან ბევრს კითხულობს, შესანიშნავად წერს, ჭკვიანია და კამათისას უცებ მოგაქცევს კუთხეში. კიდევ ერთი რამ — დ. ძალიან ლამაზია, ლამაზი ქალები კი ყოველთვის მაბნევენ და მაშინებენ მაშინაც კი, როცა მათთან მხოლოდ ვმეგობრობ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ჩამოსვლა იმით იყო კარგი, რომ ერთმანეთი თითქოს თავიდან აღმოვაჩინეთ. ფიგურული სრიალი ჩვენი მეგობრობის გამყარების სიმბოლოდ იქცა. ეს ის თემაა, რომელსაც თითქმის ყოველდღე განვიხილავთ. ბევრს ვუყურებთ და ბევრს ვუზიარებთ ერთმანეთს. მაგალითად ეს დღეები რუსეთის ფერაციის ფიგურული სრიალის ჩემპიონატზე მიგვდიოდა გული ორივეს იმიტომ, რომ ჩვენმა ფავორიტმა ევგენია მედვედევამ მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა და, შესაბამისად, ვერ მოხვდა ეროვნულ ნაკრებში, რომელიც იანვარში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.

შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ დამაბა ასე ფიგურულმა სრიალმა ადამიანი, რომელიც ყინულზე ცხოვრებაში არ გასულა და აგრესიული, კონტაქტური სპორტი უყვარს? გარდა იმისა, რომ ულამაზესი სპორტის სახეობაა და ჩემს კარგ მეგობარს უკავშირდება, ფიგურული სრიალი ჩემთვის სტრესთან და ზამთრის სიბნელესთან გამკლავების საშუალებად იქცა. როგორც წესი, იმისთვის, რომ ენერგია აღვიდგინო და თავი უკეთ ვიგრძნო, რაღაც ახალი სამყაროების შექმნა მჭირდება ხოლმე. რაც უფრო ცუდად ვგრძნობ თავს, მით უფრო მეტად მიჩნდება ამის მოთხოვნილება. ამას წლების მანძილზე სხვადასხვაგვარად ვაკეთებდი, ასე მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ წერა მიყვარს და მიუხედავად იმისა, რომ ნაწერებს ყოველთვის ვანადგურებ, ეს ჩემთვის, პერიოდულად გაუსაძლისი, რეალობიდან გაქცევის საშუალებაა. თუ ენერგია მთლად ნულზე მაქვს დასული, ადვილად შემიძლია რამე სერიალში <შევიკეტო>, და რაც უფრო აბსურდულია (ნებისმიერი რამ რაც სუპერგმირებს ეხება), ბანალური რეპლიკებით გაძეძგილი და გასალაშინებულ ვიზუალში შეფუთული, მით უკეთესი.

ბოლო დროს, ყოველდღიურობიდან ტოტალური გადართვის საშუალებად კიკბოქსინგის ვარჯიში და MMA ორთაბრძოლების ყურება გახდა. ფიგურული სრიალიც ჩემთვის გარკვეულწილად პარალელური რეალობაა. სპორტის ეს სახეობა ჩემ გარშემო ცოტას თუ აინტერესებს რაც მიადვილებს სოც ქსელებში ჩემს საყვარელ (ძირითადად რუს ) ფიგურისტებზე ინფორმაციის ისე მოძიებას, რომ <გარედან> არაფერმა შემაწუხოს.  მაგალითად, ავდექი და ბევრისთვის საძულველი VK ჩამოვტვირთე. ჩემი ერთადერთი მეგობარი მანდ დ. არის. და ის ფეიჯები, რომლებსაც მივსდევ ექსკლუზიურად  ფიგურულ სრიალს და MMA—ს ეხება. არავითარი სხვა სიახლეები ჩემს ფიდში არ შემოდის.

რუსი ფიგურისტების ხსენებაზე ბევრი წარბს აწევს, განსაკუთრებით ბოლო  დროს (ბრელოკების, ბეჯების, სტიკერებისა და შიშველი საჯდომების მეშვეობით) მცოცავი ოკუპაციის ტრივიალიზაციის პირობებში. ნუ გეშინიათ, მეგობრებო, რუსეთს არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ იმასაც დავამატებ, რომ ეროვნული იდენტობის საკითხი ჩემთვის ყოველთვის პრობლემური იყო. ერთი მხრივ, კარგად ვხედავ, რომ ნაციონალიზმს, თუნდაც <ლაითს> ყოველთვის მივყავართ  იდენტობის მყარ ჩარჩოებთან და შემდგომ კონფლიქტებთან სხვადასხვა ჯგუფებს შორის. მეორე მხრივ, ჩემი ფესვები, როგორც საქართველოს ისე რუსეთსა და უკრაინას უკავშირდება. ჩემი სამუშაო, როგორც სამხრეთ კავკასიას ისე რუსეთს, მოლდოვას, ბელარუსსა და უკრაინას მოიცავს.  რუსულ ენას და ინფორმაციულ სივრცეს (ბუნებრივია აქ კრემლის მიერ მართულ მასმედიას არ ვგულისხმობ) ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, როგორც პროფესიულ ისე პირად ცხოვრებაში. გარდა ამისა, ენა რუსულად ავიდგი და რუსულენოვანი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მთელი ბავშვობა რუსულად ბევრს ვწერდი და ვკითხულობდი.

როცა ქართულის შეყვარება დავიწყე და ამ ენაზე პირველი მოთხრობა დავწერე, ქართულის მასწავლებელმა გამომიცხადა, რომ მოთხრობა ვიღაცას მოვპარე ან ვიღაცა სხვამ დამიწერა. ბნელ 90—იანებში მორცხვი მოზარდისთვის ამხელა ვედრო ცივი წყალი მეტისმეტი აღმოჩნდა, ამიტომ ქართულად ამ ბლოგის და რაღაც იშვიათი სტატიების გარდა არასოდეს არაფერი დამიწერია და ქართულ ენასთან ეს ჩემი ჭიდილი დღემდე გრძელდება. ის ფაქტი, რომ მასწავლებელი, რომელიც დღეს ალბათ ცოცხალი აღარ არის, კიდევ ბევრი წლის მანძილზე მახსენებდა იმ ამბავს და დაჟინებით ცდილობდა გაერკვია <ბოლოს და ბოლოს> ვინ დამიწერა ის მოთხრობა, ნამდვილად არ დამხმარებია არც ქართული ენის შეყვარებაში და არც შინაგანი კომპლექსების დაძლევაში.

ამიტომ, მეგობრებო, კი, პირველ რიგში ქართველი ვარ და ამით ვამაყობ იმდენად, რამდენადაც ადამიანების მრავალფეროვნებაა საამაყო. თუმცა ნაციონალიზმი, ნებისმიერ შემთხვევაში ტოქსიკური და წამგებიანია. ადამიანი არ არის ერთგანზომილებიანი და ჩარჩოში ვერ მოექცევა. აქედან გამომდინარე იმდენად, რამდენადაც არ ვგულშემატკივრობ და არასოდეს ვუგულშემატკივრებ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, უფლებას ვიტოვებ სპორტში ის ფავორიტები მყავდეს ვინც მინდა.



ფიგურულ სრიალს რომ დავუბრუნდეთ, სპორტის ეს სახეობა ძალიან მიზიდავს იმიტომ, რომ ადრეული ასაკიდანვე მოითხოვს უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას და ის შედეგი, რომელსაც ეს ბავშვები აღწევენ პირღიას მტოვებს. თქვენ იცინეთ და საკმაოდ ბრუტალური სპორტია. ამასთან ძალიან ვოლატილურია — საუკეთესო სპორტსმენების კარიერები ხშირად ძალიან ხანმოკლეა და არასოდეს არ იცი შემდეგ სეზონში რა მოხდება, ვინ დაიძირება და ვინ, პირიქით, ოქროს აიღებს.

კიდევ ერთი არასპორტული ფაქტორი, რომელმაც, ამ შემთხვევაში, ჩემი ყურადღება მიიზიდა ძალიან “ფემსლეშურია“. ფემსლეში ფანების მიერ დაწერილი მხატვრული ლიტერატურის (ფენ ფიქშენის) ნაირსახეობაა, რომელიც როგორც წესი სერიალების ქალი პერსონაჟების გარშემოა ხოლმე აგებული. მიზანი ძირითადად ამ ქალებს შორის რომანტიკული (პლატონური და არაპლატონური) ურთიერთობების წარმოდგენა და აღწერაა. ამ ჟანრის საჭიროება იმით არის განპირობებული, რომ პოპულარულ კულტურაში ქალებს შორის ურთიერთობები (როგორც რომანტიკული ისე მეგობრული) ჯერ კიდევ პატრიარქალურ და ჰეტერონორმატიულ ჩარჩოებშია მოქცეული. აი, უყურებ ხანდახან სერიალს, უყურებ, აშკარად ხედავმ რომ ამ ორ პერსონაჟს შორის ისეთი ქიმიაა, რომ ნაპერწკლები ცვივა, და ბაც, სცენარისტები ვიღაც ბოიფრენდს ჩითავენ საიდანღაც. ადგები და შენ თვითონ დაწერ აბა რას იზამ?! ბუნებრივია, ქალებს შორის ურთიერთობები იგივე სტანდარტებს (თუ უფრო მკაცრს არა) ექვემდებარება რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ფემსლეშური ფანფიკები რეალურად არსებულ ადამიანებზეც იწერება.

თანამედროვე რუსულ ფიგურულ სრიალშიც არსებობს ყველაზე ფემსლეშური წყვილი (თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ ქალებზე მართლა წერენ ვიღაცები ფანფიკებს) — ევგენია მედვედევა და მისი აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე.  ფანების წარმოსახვას (მათ შორის ჩემსასაც) გასაქანი განსაკუთრებით მას შემდეგ მიეცა, რაც ჟენიამ მოულოდნელად დატოვა მწვრთნელი, გადავიდა კანადაში და ბრაიან ორსერთან დაიწყო მომზადება.





ამაზე ცალკე მთელი პოსტი დაიწერებოდა და ალბათ დაიწერება, მაგრამ სერიალზე უკეთესი თუ არ იყოს აი, ნახეთ: ჟენია მთელი ბავშვობა დიდი და სრულიად შეყვარებული თვალებით უყურებდა <ეთერის> (მე მგონი არ იცის ამ ქალმა ქართული და ნუ რუსებმა რომ არ იციან ეგ არავის გვიკვირს). მერე უცებ ადგა და წავიდა. თუთბერიძემ წასვლის მიზეზებზე რაღაც სისულელეების როშვა დაიწყო მედიაში, მერე ეტყობა მიხვდა და გაჩუმდა. ამასობაში, ჟენია  გადავიდა ორსერთან, რომელიც ღია გეია; მედვედევა ასევე მეგობრობს ფიგურული სრიალის დივა ჯონი ვეირთან, უსმენს კორეულ პოპ მუსიკას, უყვარს ანიმე, უფრო კონკრეტულად კი <სეილორ მუნი>. ქამ ონ!!! ეს გოგო ოდესმე თუ ქამინაუთს გააკეთებს და იტყვის, რომ ყოფილ მწვრთნელზე ყურებამდე იყო შეყვარებული და ამიტომ წავიდა, საერთოდ არ გამიკვირდება.

ოკეანეს გამოღმა დაგვრჩა ეთერ თუთბერიძე, რომელმაც ჟენიას წასვლის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა საჯაროდ ღიმილი და თავის მოწაფეებს საერთოდ აღარ ეკარება. ისე, თუთბერიძეც საინტერესო პერსონაჟია: მარტოხელა (რაც მეინსტრიმში იმას გულისხმობს, რომ კაცთან ერთად არ არის) დედა, რომლის “უკაცობაც“ რამდენიმე ხნის წინ დედამისმა გააპრავა მწვრთნელზე გადაღებულ რეპორტაჟში. უფროსი ეთერ თუთბერიძე ამბობს, რომ კაცებს მისი შვილისნაირი ქალების ეშინიათ და დასძენს, რომ ასეთი კალიბრის ტრენერი მთელს ცხოვრებას საქმეს უთმობს და კაცების მოვლისთვის ვერანაირად ვერ მოიცლის. კი, ვიცით ეგეთი დაკავებული ქალები, როგორ არა! მეც სულ ასე ვეუბნები ბებიაჩემს, რომელთანაც ქამინაუთი არ მაქვს გაკეთებული, რომ ხან ვსწავლობ, ხან ვმუშაობ და კაცებისთვის არ მცალია (და რა ვქნა?!)


ასეთი ამბავია. რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციაში კორუფციაა (დედა, ეს რა მითხარით!). მწვრთნელები ყველა ხერხით ცდილობენ თავისი პროტეჟეების წინ წაწევას. დრამაც არის, ტრაგედიაც და ფანების ერთმანეთზე გადაკიდებაც. თუთბერიძესაც ბევრი ვერ იტანს და თვლის, რომ მოწაფეებს შიმშილით კლავს, სასტიკად ეპყრობა და ერთი არ სცემს მგონი. ბევრი აქედან სიმართლეა, რაღაცეები შეიძლება ტყუილიც იყოს, მაგრამ მე, ამხანაგებო, მკიდია. ეს ყველაფერი მხოლოდ იმდენად მაწუხებს, რამდენადაც რუსეთის ჩემპიონატში, რომელიც დიდებისთვისაა იუნიორების დაშვებამ და გამარჯვებამ (პოდიუმის სამივე ადგილი 14 და 15 წლის გოგონებმა დაიკავეს), პრინციპში სრულიად მოსპო იმის შანსი, რომ მედვედევას და ტუკტამიშევას (რომელიც დიდი ფიგურისტი ვეღარაა, მარა ძალიან კაი ტიპია) ვიხილავდი მინსკში მომავალ წელს. გარდა ამისა, რაც არ უნდა იყოს, კორუფციის და მთელი ამ ჩამყაყებული საბჭოეთის მიღმა, არ ჰყავთ რუსებს ხელწამოსაკრავი ფიგურისტები.

მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო... ისე, ფიგურულ სრიალს ცოტა გააქვიარქალებდა ადამიანი. ნუ, აი წარმოიდგინეთ აბა აი, ამას ორი ქალი ცეკვავდეს?



Comments