კინო: "შებრაწული მწვანე პომიდვრები" (1991)


ამ პოსტის დაწერა იმიტომ მომინდა, რომ უკვე ორი დღეა ცუდ ხასიათზე ვარ და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მთელი გუშინდელი ღამე და დღევანდელი დილა ერთ ფილმს ვატრიალებ. ჩემხელა ადამიანისთვის ცოტა ბავშვურად ჟღერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ესკაპიზმის ეს სახეობა ბევრს ჭირს ჩემ გარშემო, უბრალოდ არ აღიარებენ. 

ერთ–ერთი მიზეზი რატომაც მომწონს ეს ფილმი ალბათ ის არის, რომ ბავშვობაში რომ მენახა, ზუსტად ვიცი, მთავარი მოქმედი პირებიდან ერთ–ერთთან თავს გავაიგივებდი, მეორე კი შემიყვარდებოდა ... თუმცა, რაღაც ბავშვობაში, ახლაც ასეა ... ცოტათი ... 


თუმცა მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ ... 


ამერიკის სამხრეთ შტატები უაღრესად ჰომოფობიური და ჯერ კიდევ საკმაოდ რასისტული ადგილია. არაა გასაკვირი, რომ ყველაზე გვიან სოციალური და ეკონომიკური სეგრეგაცია შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის სწორედ აქ გაუქმდა. არც ისაა გასაკვირი, რომ თავისი ქვეყნის ამ ბაპტისტური ეკლესიითა და რესპუბლიკური პარტიით (ეს ორი, საქართველოსგან განსხვავებით უაღრესად ჰომოფობიური ორგანიზაციაა) შეპყრობილ ნაწილს ამერიკელები "ბიბლიის სარტყელად" მოიხსენიებენ.


1957 წელს, როდესაც სეგრეგაციას ფედერალურ დონეზე დაესვა წერტილი, რეზისტენტულობა ისევ სამხრეთმა გამოიჩინა და ლითლ როკის (არკანზასის დედაქალაქი) თეთრკანიანმა მოსახლეობამ შავკანიანი მოსწავლეები ლითლ როკის საჯარო სკოლაში არ შეუშვა. დაპირისპირება რამდენიმე დღეს გრძელდებოდა, და იმდროინდელ ვიდეო მასალებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ რიტორიკაც ზუსტად იგივე იყო, რაც ჩვენს მიმართ 17 მაისს. თუმცა 17 მაისისგან განსხვავებით, ამ დაუმორჩილებლობას წერტილი მტკიცე ლიდერმა დაუსვა. პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა საჯაროდ დაგმო თეთრკანიანი არკანზასელების და მათი გუბერნატორის (რომელიც დესეგრეგაციის წინააღმდეგი იყო) საქციელი და  ჯარი გაუშვა ლითლ როკში. შავკანიანი მოსწავლეები სწორედ ჯარის თანხლებით მივიდნენ სკოლაში და ლითლ როკის მოსახლეობაც მიხვდა, რომ ჯარს და ფედერალურ ნებას ვეღარ დაეჭიდებოდნენ. დესეგრეგაცია გარდაუვალი იყო.

მიუხედავად ზემოჩამოთვლილი უარყოფითი მახასიათებლებისა, აშშ სამხრეთს თავისი დიდი ხიბლიც აქვს და მე, რაღაცნაირად შემიყვარდა კიდეც ტენესი უილიამსის, ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლების კითხვისა და  ფორესტ გამპის ხშირი ნახვის შედეგად.  უფრო ახალი თაობისთვის ალბათ True Blood უნდა ვახსენო და ქანთრი მუსიკა და ბლუზიც არ უნდა დამავიწყდეს.

სამხრეთის ერთი ნაწილი - არკანზასი და უფრო კონკრეტულად სწორედ ზემოხსენებული ლითლ როკი ვნახე წელს ივნისში. დიდი არაფერი (გარდა იმისა, რომ სუშის ყიდვა იაფად იქაც შეიძლებოდა, თბილისში კიდევ არა) ... შემდეგ კი ეს დავინახე


ეს ადგილი სადღაც ლითლ როკსა და ინგლენდს შორის მდებარეობს და ადრე მაღაზია ყოფილა, დღესდღეობით კი სასადილოდ არის გადაკეთებული, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ 


და მიირთვათ ნამდვილი ამერიკული ბურგერები, მაგალითად ეს შესანიშნავად უშველებელი Hub Cap ...

და ასევე შემწვარი მწვანე პომიდორი ...


მენიუში ამ კონკრეტული კერძის დანახვამ ძალიან გამახარა იმიტომ, რომ უკვე დანებებული ვიყავი იმ აზრს, რომ ამერიკას ისე დავტოვებდი, რომ ამ უცნაურობას ვერ გავსინჯავდი.  არა მგონია დიდმა გურმანებმა ეს საჭმელი დააფასონ, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გემრიელი რამაა და, რაც მთავარია, ჩემს უსაყვარლეს ფილმს/წიგნს უკავშირდება.

Fried Green Tomatoes ერთხელაც ლესბოსური ფილმების ჩამონათვალში ვიპოვე, და, მართალია სათაურმა დიდად არ მომხიბლა (ვერ მივხვდი რა უნდოდათ :) ) მაინც ჩავრთე – ხო უნდა მცოდნოდა რა ფილმია ასეთი. მას შემდეგ ეს ფილმი "საუზმე ტიფანისთან" ერთად ჩემი თერაპიაა. ხანდახან, როცა განსაკუთრებით ცუდად ვარ ხოლმე, "repeat"–ზე ვტოვებ და ისევ ვიძინებ ... როცა კი არ უნდა გამეღვიძოს, შემიძლია ამ ძალიან საყვარელ პერსონაჟებს ჩავებღაუჭო, უხასიათობის ნაცვლად.

ფილმის ისტორიით როცა დავინტერესდი, შევიტყვე, რომ წიგნის მიხედვითაა გადაღებული. წიგნი კი ამერიკელმა ლესბოსელმა მწერალმა, ფანი ფლეგმა დაწერა. წიგნის ორიგინალი იმ მომენტში, ვერსად ვიშოვე, მაგრამ რუსულ აუდიოვერსიას მივაგენი და მოვისმინე. საერთოდ, წიგნების მოსმენა ძალიან მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტში კითხვისას ცუდად ვხდები და მარშრუტკაში უბრალოდ ჯდომა და "დარდიმანდის" მოსმენა დროის დიდ ფლანგვად მიმაჩნია.
ერთი კვირის მანძილზე დამყვებოდა ეს წიგნი, რომელსაც ვიღაც რუსი მსახიობი მიკითხავდა ალერსიანი ხმით (ქალი იყო ისიც, საბედნიეროდ). მოქმედება ალაბამას ერთ–ერთ პატარა ქალაქ "უისლ სტოპში" ვითარდება და სიუჟეტი თემატურად, საკმაოდ მრავალფეროვანია. წიგნში, ფილმთან შედარებით, გაცილებით უფრო მეტად არის გაშლილი მთავარი მოქმედი პირების – იჯისა და რუთის სიყვარულის ამბავი (თუმცა აქაც მხოლოდ პლატონურ ფერებში), ისევე, როგორც სიბერის, რასობრივი მიმღებლობის, მეგობრობისა და თანადგომის თემა. მოკლედ რომ გითხრათ კეთილი, სევდიანი და ალაგ–ალაგ ძალიან სასაცილო ნაწარმოებია.

ამიტომ, თუკი ცუდ ხასიათზე ხართ ახლა, ჩამოტვირთეთ ეს წიგნი ან უყურეთ ფილმს და იმედია იჯის სიცილი გადაგედებათ ...

Comments

  1. აუ ეს ფილმი... <3
    და პოსტი!!

    ReplyDelete
  2. უფრო ხშირად რატომ არ წერ?
    ძალიან ბევრს ვიგებ შენგან.

    ReplyDelete

Post a Comment