სერიალი: "შავი იალქნები" [Black Sails]

მეკობრეების შესახებ ყველას გვსმენია. ვისაც რობერტ ლიუის სტივენსონის ”განძეულის კუნძული” არ წაუკითხავს ბავშვობაში, ”კარიბის ზღვის მეკობრეები”  მაინც აქვს ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ, მეკობრეები, არც მეტი არც ნაკლები, მოგებაზე ორიენტირებული ხალხი იყო (და არის) და მათ გარშემო ლიტრობით სისხლი იღვრებოდა, მათი თავგადასავლების რომანტიზება საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. 

2014 წელს კინოეკრანებზე ახალი სერიალი ”შავი იალქნები” გამოვიდა, რომელიც სწორედ მეკობრეებზე მოგვითხრობს. მოქმედება ბაჰამის კუნძულებზე, პორტ ნასაუში ხდება, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში მეკობრეების მთავარი ნავსაყუდელი იყო. სერიალში თავმოყრილია იმ ეპოქის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი (რეალური და გამოგონილი) მეკობრე: კაპიტანი ფლინტი, ჯონ სილვერი, ბილი ბოუნზი, ჯეკ რექემი და არც მეტი არც ნაკლები ცნობილი ქალი მეკობრე ენ ბონი.

ქალები ამ სერიალში, როგორც ასახულ ეპოქას შეეფერება, მეტწილად სახმარ ობიექტადაა წარმოჩენილი, მაგრამ არის რამდენიმე პერსონაჟი, რომელიც ახერხებს სტერეოტიპები დაამსხვრიოს. 
    

ყურადღება: ლესბისპოილერი


ელეონორ გათრი, ბაჰამებზე ყველაზე მდიდარი ვაჭრის (და მეკობრეებთან, რიჩარდ გათრის შვილია. მამის არ ყოფნაში ნიუ პროვიდენსის კუნძულზე ელეონორი საკუთარ წესრიგს ამყარებს და თავად ებმება მეკობრეებთან ვაჭრობაში, რითიც არა მხოლოდ მის ხელთ არსებული ქონების გაზრდას, არამედ გავლენისა და ძალაუფლების განმტკიცებასაც ცდილობს (ისიც უნდა ითქვას, რომ პროცესში ბევრ შეცდომას უშვებს).



მაქსი, მაცდური და ლამაზი და, რაც მთავარია, ძალიან ჭკვიანი კრეოლი ქალი, რომელიც ადგილობრივ ბორდელში მუშაობს. მას სასიყვარულო აქვს ელეონორ გათრისთან. ჩვენს ხელთ არსებული ორი სეზონის მანძილზე ახერხებს სასტიკ შარში გაეხვეს და ამ შარიდან (დიდი წამების შემდეგ) გამოძვრეს და უწინდელზე უფრო გავლენიანი პოზიცია მოიპოვოს. 



ენ ბონი მეკობრე ქალი, რომელსაც სულ ჯეკ რექემთან ერთად ვხედავთ (საწოლში და მის გარეთ). ბონი აგრესიული და თვითდაჯერებულია, კაცებთან ურთიერთობაში წესებს თავად კარნახობს. შეუძლია იყოს როგორც ცივსისხლიანი მკვლელი, ისე ნაზი საყვარელიც. პერიოდულად ვხედავთ თუ როგორ უჩნდება პროტესტის გრძნობა იმის გამო, რომ ქალებს ცუდად ეპყრობიან. 



მირანდა ბარლოუ, კაპიტან ფლინტის გულის სწორი, რომელზეც ... შეგვიძლია ვთქვათ, რაც მიწის ზემოთაა სამი მაგდენი მიწის ქვეშ იმალება, დანარჩენი თავად ნახეთ.

სერიალის ერთ-ერთი ღირსება ისაა, რომ ის უსასრულოდ არ არის გაწელილი (პირველ სეზონში 8 ეპიზოდია, ხოლო მეორეში 10-ია გათვალისწინებული).  სიუჟეტი საკმაოდ იხლართება (ვინ ვის მოტყუებას ცდილობს, რისთვის და როგორ, ვერ გაიგებ), მოვლენები რეალისტურადაა წარმოჩენილი და მსახიობებიც კარგად თამაშობენ. 

ქალებს შორის სასიყვარულო ურთიერთობებიც საინტერესოდ იხლართება. ყველაფერი იმით იწყება, რომ ელეონორს და მაქსს ერთმანეთი უყვართ და ერთად არიან. მეორე მომენტში, გავიხედეთ და ერთმანეთის ატანა აღარ აქვთ.


მაქსისთვის ელეონორთან ურთიერთობა მწარე გაკვეთილი გამოდგება (თუ რატომ, უყურეთ და გაიგებთ), მაგრამ ამჯერად ენ ბონის დაადგამს თვალს (თუ პირიქით) და დაეხმარება საკუთარი სექსუალობა აღმოაჩინოს.


ისტორიული ცნობები

ენ ბონი ნამდვილი ისტორიული ფიგურაა. ის და მისი კომპანიონი (და ზოგიერთი წყაროს მიხედვით საყვარელიც) მერი რიდი ორადორი ქალია, რომელიც ინგლისში მეკობრეობისთვის გაასამართლეს. ამ ორი ქალის და ზოგადად ოქროს ხანის (1714-1724) მეკობრეების შესახებ ცნობები შემონახულია ჩარლზ ჯონსონის (თუმცა ზოგი ვარაუდობს, რომ ავტორი თვით დენიელ დეფოა) მიერ 1724 წელს გამოცემულ წიგნში ”ყველაზე ცნობილი მეკობრეების მიერ ჩადენილი ყაჩაღობებისა და მკვლელობების ზოგადი ისტორია”.



ენ ბონი [Anne Bonny (c. 1700 - c. 1782)] ირლანდიაში დაიბადა და იქ იზრდებოდა, სანამ მამამისმა ოჯახის ჩრდილოეთ ამერიკაში წაყვანა არ გადაწყვიტა. ეს წარმატებული ნაბიჯი გამოდგა, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ბონების ოჯახმა ფულის შოვნა. ენი ადრე გათხოვდა და, როგორც ჩანს, მამამისს ეს არ მოეწონა (დედა ადრე გარდაეცვალა). არსებული ცნობების მიხედვით მან ქალიშვილს მემკვიდრეობაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, ენი ქმართან ერთად ნასაუს პორტში, ნიუ პროვიდენსის კუნძულზე დასახლდა.  აქ გაიცნო მან ჯეკ რექემი, გემ ”შურისძიების” კაპიტანი და მისი მეკობრული კარიერაც აქ დაიწყო.

მერი რიდი [Mary Read (c.1690-1721)] ასევე დიდ ბრიტანეთში დაბადებული ქალი (ზოგი შემედავება ტრანსი იყოო, მაგრამ მაგას ვეღარასოდეს გავიგებთ) მეკობრეა. დედა მას ბიჭის ტანსაცმელს აცმევდა ბავშვობიდან იმისათვის, რომ დაღუპული ქმრის მემკვიდრეობა არ დაეკარგა. მერიმ მარკი დაირქვა, კარგად აითვისა კაცის სოციალური როლი და, როგორც ჩანს, აღარ უნდოდა იმ თავისუფლების დაკარგვა, რაც "კაცად ყოფნას" მოჰქონდა იმდროინდელ ინგლისურ საზოგადოებაში. ის ჯერ ჯარისკაცად მსახურობდა შემდეგ კი ინდოეთში მიმავალ გემზე მოხვდა, რომელიც მეკობრეებმა დაიპყრეს. რიდი მეკობრეებს შეუერთდა და ასე მოხვდა ნასაუში. 1720 წელს ბონი, რიდი და რეკჰემი ერთად გაიპარნენ ნასაუდან, ახალი გუნდი აიყვანეს და გააგრძელეს მეკობრული საქმიანობა. ენ ბონის მსგავსად მერი რიდიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და კარგი მებრძოლი იყო.

ეს სამეული რამდენიმე ხნის შემდეგ იამაიკაზე დააკავეს და გაასამართლეს. აღმოჩნდა, რომ რიდიც და ბონიც ფეხმძიმედ იყვნენ და  კანონის მიხედვით ბავშვის გაჩენამდე მათი სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა. მერი რიდი 1721 წელს გარდაიცვალა ციებ-ცხელებისგან, ხოლო ენ ბონის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. უცნობია ის სიკვდილით დასაჯეს, გაიპარა თუ ვინმემ (მაგალითად, მამამისმა) გამოისყიდა და გაუშვა. 


Comments